ბრძანება N 22499

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.10.2026
№ დოკუმენტი 22499
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22499

08 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ს“ (ს/ნ -----------)

(მის.: ------------------------)

2026 წლის 15 აგვისტოს და 8 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----------) 2026 წლის 15 აგვისტოს №104079/1/2026 და 8 სექტემბრის №104470/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის №070-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯის კორექტირება.

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6603 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივლისის №16256 ბრძანება და ამავე თარიღის №070-12 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა - 143 384 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 91 052 ლარი:

მოგების გადასახადი - 91 660

ქონების გადასახადი - (-608)

ჯარიმა - 46 298

საურავი - 6 034

 

საკითხი №1.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამების: „ინფო ბუღალტერის“ (01.01.2023-01.10.2024 პერიოდზე) და „ORIS“-ის (01.10.2024-28.02.2026 პერიოდზე) ასლები, ბანკის ამონაწერები, შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ხელთ არსებული მასალები. ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში 386 810 ლარია, ხოლო დირექტორის წერილობითი ახსნაგანმარტებით ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ფულის ნაშთი 2026 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულია სესხად კომპანიის დირექტორზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიშის მიხედვით შეყიდვის აქტებით შეძენილი ძირითადი საშუალებების ღირებულება 424 400 ლარის ნაცვლად 349 566 ლარია, მათ შორის ძირითადი საშუალებების ნაწილის ღირებულება ექსპერტიზით მეტია შეძენის ფასზე, რაც დაკორექტირებულ იქნა და გათვალისწინებულ იქნა შესყიდვის აქტში მითითებული შეძენის ღირებულება (სულ 340 437 ლარი). ამასთან, ძირითადი საშუალებების ნაწილი შეძენილია ურთიერთდამოკიდებული პირებისაგან ნაღდი ანგარიშსწორებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ხარჯად აღიარებულ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირებისგან შეძენის ღირებულების ნაწილი (სულ 270 978 ლარი). შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 982 მუხლების და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის მიხედვით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯის კორექტირებას. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში წარადგინა ძირითადი საშუალებების საშემფასებლო დასკვნა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების მიმდინარე პერიოდის საბაზრო ღირებულება. ვინაიდან ძირითადი საშუალებები შესყიდულია რამდენიმე წლით ადრე ცვეთის გათალისწინებით მათი შესყიდვის ღირებულება ედრება აღნიშნულ დასკვნაში განსაზღვრულ ღირებულებებს. შესაბამისად მიიჩნევს, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხები შეესაბამება მათ რეალურ ღირებულებებს და გადახდილი თანხები არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში შეადგენს 386 810 ლარს, ხოლო დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულია სესხად კომპანიის დირექტორზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიშის მიხედვით შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ძირითადი საშუალებების ღირებულება 424 400 ლარის ნაცვლად 349 566 ლარია, მათ შორის ძირითადი საშუალებების ნაწილის ღირებულება ექსპერტიზით მეტია შეძენის ფასზე, რაც დაკორექტირდა და გათვალისწინებულ იქნა შესყიდვის აქტში მითითებული შეძენის ღირებულება (სულ 340 437 ლარი). ამასთან, ძირითადი საშუალებების ნაწილი შეძენილია ურთიერთდამოკიდებული პირებისაგან ნაღდი ანგარიშსწორებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ ხარჯად აღიარებულ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირებისგან შეძენის ღირებულების ნაწილი 75% (სულ 270 978 ლარი). ამასთან, შემოწმების ჯგუფის მიერ მოკვლელულ იქნა ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალებების ღირებულება ავტომობილების და სპეც ტექნიკის ონლაინ მაღაზიებში და შეფასებული ღირებულება შესადარისია შემოწმებით დადგენილი საბაზრო ღირებულების. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირები ვისგანაც შეძენილია ძირითადი საშუალებები და სპეც ტექნიკა (-----,-----,-----,-----) არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა ურთიერთდამოკიდებული პირებისგან შეძენილი ძირითადი საშუალებების ღირებულების 75%-ის ხარჯად აღიარება და შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საკითხი №2.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №-----, რომელიც გასათვალისწინებელია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ჩათვლებში.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის №----- საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ს“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯის კორექტირება.

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6603 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №16256 ბრძანება და №070-12 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამების: „ინფო ბუღალტერის“ (01.01.2023-01.10.2024 პერიოდზე) და „ORIS“-ის (01.10.2024-28.02.2026 პერიოდზე) ასლები, ბანკის ამონაწერები, შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ხელთ არსებული მასალები. ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში 386 810 ლარია, ხოლო დირექტორის წერილობითი ახსნაგანმარტებით ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ფულის ნაშთი 2026 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულია სესხად კომპანიის დირექტორზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიშის მიხედვით შეყიდვის აქტებით შეძენილი ძირითადი საშუალებების ღირებულება 424 400 ლარის ნაცვლად 349 566 ლარია, მათ შორის ძირითადი საშუალებების ნაწილის ღირებულება ექსპერტიზით მეტია შეძენის ფასზე, რაც დაკორექტირებულ იქნა და გათვალისწინებულ იქნა შესყიდვის აქტში მითითებული შეძენის ღირებულება (სულ 340 437 ლარი). ამასთან, ძირითადი საშუალებების ნაწილი შეძენილია ურთიერთდამოკიდებული პირებისაგან ნაღდი ანგარიშსწორებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ხარჯად აღიარებულ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირებისგან შეძენის ღირებულების ნაწილი (სულ 270 978 ლარი). შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 982 მუხლების და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის მიხედვით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომელიც გასათვალისწინებელია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ჩათვლებში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,მე-2 სადავო საკითხის ნაწილში მიიჩნია,რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“ );