გადაწყვეტილება №22810/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 22810/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22810/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 8.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22810/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა;

2. ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. მეწარმე ფიზიკური პირების კომპანიის დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-727 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 447 148.83 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 243 424

დღგ - 7 709

საშემოსავლო გადასახადი - 235 715

ჯარიმა - 119 423

საურავი - 84 301.83

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო საქმიანობა (უმეტესად ტენდერებში მონაწილეობის გზით).

აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №9971 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2023 წლის №33226 ბრძანება და ამავე თარიღის №006-727 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალის არსებობის თაობაზე;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებულია როგორც მიღებული ავანსის ანგარიშფაქტურები, აგრეთვე შესაბამისი საბოლოო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის განაშთული გადამხდელის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლიდან გაუქმდა ორმაგად ჩათვლილი თანხა 7 647 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებულია როგორც მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, აგრეთვე შესაბამისი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის განაშთული გადამხდელის მიერ. შედეგად შემოწმებით დღგ-ის ჩათვლიდან გაუქმდა ორმაგად ჩათვლილი თანხა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული ჰქონდა, როგორც მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, შესაბამისი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შემოწმებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ორმაგად ჩათვლილი თანხის გაუქმება მართლზომიერია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება პირველ სადავო საკითხში განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირების და ჩათვლების დაკორექტირებას, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული ფაქტურების სრულად ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რიმ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ორმაგად ჩათვლილი თანხის გაუქმება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განხორციელდა ფულის მოძრაობის შესწავლა, შემოსავლებისა და დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 106 847 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად აღნიშნული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლითაც დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ელექტრონულ პროგრამაში, სადაც სრულად არის ინფორმაცია ასახული კომპანიის შემოსავლების და ხარჯების შესახებ, დებიტორების და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვითაც სალაროში კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულის ნაშთი არ გააჩნდა, პირიქით კომპანიის დამფუძნებელს შეტანილი აქვს თანხები კომპანიის კაპიტალში. ამასთან, შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“-ს დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალის არსებობის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განხორციელდა ფულის მოძრაობის შესწავლა, შემოსავლებისა და დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 106 847 ლარის ოდენობით. აღვნიშნავს, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ელექტრონულ პროგრამაში, სადაც სრულად არის ინფორმაცია ასახული კომპანიის შემოსავლების და ხარჯების შესახებ, დებიტორების და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვითაც სალაროში კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულის ნაშთი არ გააჩნდა, პირიქით კომპანიის დამფუძნებელს შეტანილი აქვს თანხები კომპანიის კაპიტალში. შესაბამისად გაურკვეველია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული თანხა და არ ეთანხმება აღნიშნულ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანება № 22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანებით № 22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება (კორექტირება).

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალის არსებობის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. მეწარმე ფიზიკური პირების კომპანიის დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადახდილია თანხები ისეთ მცირე მეწარმეებზე რომლებიც მცირე მეწარმედ დარეგისტრირებამდე ირიცხებოდნენ შპს „------ის“ თანამშრომლებად, აგრეთვე შემდგომ პერიოდებში არ გააჩნიათ სხვა შემოსავლები. შემოწმების მიერ განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით შესაბამის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს. შემმოწმებელთა ანალიზის მიხედვით რეგისტრაციისას მითითებულია შპს „------ის“ ბუღალტრის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივად მისივე თანამშრომლებს წარმოადგენდნენ, თუმცა მიღებულ თანხებს ბეგრავდნენ მცირე ბიზნესის საწარმოს 1% იანი განაკვეთით.

აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვლას დაექვემდებარა აღნიშნული განაცემების კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ დარეგისტრირებამდე ირიცხებოდნენ შპს „------ის“ თანამშრომლებად, აგრეთვე შემდგომ პერიოდებში არ გააჩნიათ სხვა შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით არ ფიქსირდება მათ მიერ სხვა სუბიექტებზე მომსახურების გაწევის ფაქტები, ახორციელებდნენ მხოლოდ შპს „-----იდან“ მიღებული შემოსავლების დეკლარირებას, რეგისტრაციისას მითითებულია შპს „-----ის“ ბუღალტრის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივად მისივე თანამშრომლებს წარმოადგენდნენ.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების, დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიასა და მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. საგადასახადო ორგანოს წარედგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც სრულად არ იქნა გათვალისწინებული და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გაწეული მომსახურება გადაკვალიფიცირდა და ზემოაღნიშნული პირები ჩაითვალა საწარმოს დაქირავებულ პირებად და მასზე ანაზღაურებული თანხები კი ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა 20% განაკვეთით.

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ; ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის; ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი; ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი; კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დაბეგრილია ისეთი ფიზიკური პირები, რომელთანაც საწარმოს არ ჰქონია გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ეს პირები არ სარგებლობენ თანამშრომლისათვის განკუთვნილი პირობებით (ხელფასი, ბონუსი, შვებულება, მივლინება და სხვა), როგორც კომპანიის სხვა დაქირავებული პირები. შრომითი კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად აღნიშნული პირების თანამშრომლობებად განხილვა არ მიაჩნია მართებულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას საშემოსავლო გადასახადში და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმების შედეგად დაბეგრილია ისეთი ფიზიკური პირები, რომელთანაც საწარმოს არ ჰქონია გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ეს პირები არ სარგებლობენ თანამშრომლისათვის განკუთვნილი პირობებით (ხელფასი, ბონუსი, შვებულება, მივლინება და სხვა), როგორც კომპანიის სხვა დაქირავებული პირები, კერძოდ ორი პირი არასდროს ყოფილა შრომით ურთიერთობაში კომპანიასთან და არასდროს მიუღია ხელფასი, ერთმა პირმა მხოლოდ ერთხელ მიიღო ხელფასი და შემდგომ დამოუკიდებლად ახორციელებდა მომსახურებას, ასევე კიდევ ერთმა სამჯერ მიიღო ხელფასი, შემდგომ შეიძინა შესაბამისი ტექნიკა და კომპანიისგან დამოუკიდებლად დაიწყო მომსახურების გაწევა. შრომითი კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად აღნიშნული პირების თანამშრომლობებად განხილვა არ მიაჩნია მართებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას საშემოსავლო გადასახადში და შესაბამის სამსახურს დაევალოს შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, რვა ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ დარეგისტრირებამდე ირიცხებოდნენ შპს „----ის“ თანამშრომლებად, აგრეთვე შემდგომ პერიოდებში არ გააჩნიათ სხვა შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით არ ფიქსირდება მათ მიერ სხვა სუბიექტებზე მომსახურების გაწევის ფაქტები, ახორციელებდნენ მხოლოდ შპს „-----იდან“ მიღებული შემოსავლების დეკლარირებას, რეგისტრაციისას მითითებულია შპს „----ზის“ ბუღალტრის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივად მისივე თანამშრომლებს წარმოადგენდნენ.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 119 423 ლარი, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 119 323 ლარი და 291-ე მუხლით 100 ლარი, ასევე 27.12.2023 წლის №006-727 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 84 301.83 ლარი.

მომჩივანი ამ ნაწილში მიუთითებს სადავო საკითხს, რომლის მიხედვითაც გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდა რომ 2020 წლის ივნისის თვეში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 429 488 ლარს ნაცვლად დეკლარირებული 429 146 ლარისა. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 342 ლარის დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელები ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სრულად გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა საურავისაგან.

ასევე, შემოწმების აქტში მითითებულ მე-2 საკითხში შემმოწმებელი დაეყრდნო კომპანიის მიერ მიწოდებულ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას და მიწოდებულ ინფორმაციას. ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6049 ბრძანება;

3. საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა;

2. ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. მეწარმე ფიზიკური პირების კომპანიის დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9971 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში,რომლის საფუძველზე გამოიცა №33226 ბრძანება და №006-727 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6049 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №6049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ორმაგად ჩათვლილი თანხის გაუქმება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში საბჭოს მიაჩნია,რომ შემოსავლების სამსახურის №6049 ბრძანება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ამასთან,ხოლო,ფიზიკური პირების დაქირავებით მომუშავე პირებად განხილვის ნაწილში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ); 101(1); 154(1 „ა“); 173(1.2 „ა“); 174(1 „ა“ .2 „ა.ა“); 175(1 „ა“); 176(1 „ა“); 269(7);