ბრძნება N 20387
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20387
17 სექტემბერი 2024
ბრძნება
ი/მ "------"-ს (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 10 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") №91360/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №127-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საცალო რეალიზაციაზე განსაზღვრული ფასნამატი არის არასწორი, ბევრად მეტია ვიდრე მისი საქმიანობის პროცესში რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი. ითხოვს შემოსავლების განსაზღვრის მიზნით დადგენილი ფასნამატი რეალიზაციის დოკუმენტების გათვალისწინებით ხელახლა იქნას გადაანგარიშებული.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლილი თანხების გაუქმებას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაეკონომიკურ საქმიანობად მიჩნეული ფაქტურების უმეტესობა შეადგენს მის მიერ იჯარით აღებულ სამუშაო ფართში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი მასალების და მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, ამდენად, დღგ-ის ჩათვლები იყო მართებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3478 და 28 მარტის №6740 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივლისს გამოსცა №16552 ბრძანება და №127-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 312 107 ლარი, მათ შორის, გადასახადი 163 145 ლარი, ჯარიმა 81 077 ლარი და საურავი 67 885 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა მეორადი და ახალი საყოფაცხოვრებო ავეჯით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის მეშვეობით (თურქეთი, ჩინეთი). რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. მეწარმე ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, 30% არის დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო 70% არის დოკუმენტის გარეშე (საცალო). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 25%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3884 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად 2024 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 596 205 ლარი. პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით, კერძოდ, საქონლის დასახელებების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა/რეალიზაციის გათვალისწინებით დადგენილი ნაშთისა (ბუღალტრული) და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა სახეობებზე. აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის თანხა. ასევე დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმების მიერ ასევე დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და გაანგარიშებულ იქნა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 27 144 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების (სატრანსპორტო, კვების, სამშენებლო და ა.შ.) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) გადამხდელის დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მეწარმე ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, 30% არის დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო 70% არის დოკუმენტის გარეშე (საცალო). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 25%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3884 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად 2024 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 596 205 ლარი. პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით, კერძოდ, საქონლის დასახელებების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა/რეალიზაციის გათვალისწინებით დადგენილი ნაშთისა (ბუღალტრული) და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა სახეობებზე. აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის თანხა. ასევე დაკორექტირდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმების მიერ ასევე დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და გაანგარიშებულ იქნა კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 27 144 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების (სატრანსპორტო, კვების, სამშენებლო და ა.შ.) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმებისას, მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ იმ სარემონტო საქონელზე მიღებული ჩათვლის გაუქმება, რომელიც სატრანსპორტო დოკუმენტის (სასაქონლო ზედნადების) მიხედვით არ ყოფილა მიტანილი გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლილი თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივლისს გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 312 107 ლარი, მათ შორის, გადასახადი 163 145 ლარი, ჯარიმა 81 077 ლარი და საურავი 67 885 ლარი.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),100,102,158,159,163,173,174.