გადაწყვეტილება №27602/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27602/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27602/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
3. კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა; 4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №041-103 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11849 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 811 677,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 486 106,29
დღგ - 10 769,46
საშემოსავლო გადასახადი - 475 531,72
ქონების გადასახადი - (-194,89)
ჯარიმა - 244 444,90
საურავი - 81 126,02
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2025 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 14.02.2025 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №041-103 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11849 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში არ იყო სრულყოფილად ოპერაციები ასახული, მათ შორის არასრული იყო ფულის მოძრაობის ოპერაციებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით, განხორციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. დებიტორული-კრედიტორული დავალიანების შესახებ მე-3 პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის სალაროში არსებობის ფაქტიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობისა და პერიოდის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია რეალურად მოხდა თუ არა თანხის გატანა საწარმოდან პირადი მოხმარებისთვის და ბუღალტრული აღრიცხვის ხარვეზი არ წარმოადგენს იმის უპირობო მტკიცებულებას, რომ თანხა დირექტორმა მიითვისა. აცხადებს, რომ თანხა დახარჯულია ბიზნეს საჭიროებებისთვის, რისი დოკუმენტური დასაბუთების შესაძლებლობა გადამხდელს უნდა მისცემოდა. ასევე, განმარტავს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე გააჩნია გაწეული ხარჯები და დებიტორული დავალიანებები, რაც გასათვალისწინებელია კომპანიის ფულის ნაშთის განსაზღვრისას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობისა და პერიოდის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალების, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის შესწავლისას გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის, რაც გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე, 175-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აცხადებს, რომ შემოწმებამ გააუქმა დღგ-ის ჩათვლა 9 596 ლარზე დუბლირებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ხარვეზების მოტივით. თუ ოპერაცია რეალურად განხორციელდა და საქონელი/მომსახურება გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის, მცირე ტექნიკური ხარვეზი არ უნდა გამხდარიყო ჩათვლის გაუქმების საფუძველი. კომპანია მზად არის წარმოადგინოს ჩათვლების სრული ცხრილი, რაც დაადასტურებს, რომ ერთსა და იმავე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლა არ მომხდარა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამოწმდა კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. მომჩივანი აპელირებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ხარვეზებზე, თუმცა, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც თვითონ არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციები არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობა არ არის დადასტურებული და შემოწმებას არ წარუდგენია ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ გადასახადის გადამხდელი იღებდა ანაზღაურებას სატრანსპორტო საშუალების სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის. 29.05.2026 წლის №11849 ბრძანება მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადებში მანქანის რეგისტრაციის ნომრის გამოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საწარმომ გასწია ფასიანი მომსახურება. აღნიშნავს, რომ შესაძლოა მანქანას მართავდა საწარმოს თანამშრომელი/ნდობით აღჭურვილი პირი, ან გამოყენება იყო უსასყიდლო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენდა შპს „---.” გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციები არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში.
შემოწმების მიერ ჩაითვალა რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭო აღნიშნავს, რომ დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №041-103 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი 486 106,29 ლარი, დაეკისრა ჯარიმა - 244 444,90 ლარი და საურავი - 81 126,02 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მომჩივნის არგუმენტაცია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას ან ჯარიმის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
3. კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა; 4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში მონაცემები იყო არასრული, მ.შ. ფულის მოძრაობის ოპრაციებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები.
ასევე, შემოწმების მიერ, მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის სალაროში არსებობის ფაქტიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდლელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1); 174; 175; 176; 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).