გადაწყვეტილება №24602/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24602/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 9.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24602/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის თანამშრომლის ხელფასად ჩათვლა;
3. სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №006-339 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 310 043,65 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 182 627
დღგ - 96 734
მოგების გადასახადი - 58 163
საშემოსავლო გადასახადი - 27 730
ჯარიმა - 91 087
საურავი - 36 329,65
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ავეჯის წარმოება/რეალიზაცია და ასევე მეორადი ავეჯის, მცირე ელექტრო ტექნიკის, ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტების შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 13.08.2021 წლიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №006-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის განმარტებით არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 236 572 ლარის, ხოლო რეალიზებული აქვს 28 786 ლარის სიგარეტი. დოკუმენტური რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა 4%-იანი ფასნამატი სიგარეტზე და აღნიშნული სიგარეტი რეალიზებულ იქნა ამ ფასნამატით.
იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული შეძენილი ალკოჰოლური სასმელების და ცემენტის მიმართ, რომლებიც რეალიზებულად ჩაითვალა დოკუმენტური ფასნამატით. შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანს უფიქსირდება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლებს არ წარუდგენიათ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, ასევე შემოწმების აქტში არ არის განმარტებული ფასნამატის გაანგარიშება თითოეული სმფ-ის, თუ ერთგვაროვანი ჯგუფების მიხედვით. შემმოწმებლებმა უნდა წარმოადგინონ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები რის საფუძველზე განისაზღვრა ფასნამატი, რათა საშუალება ქონდეს იგივე ან განსხვავებული მეთოდით განსაზღვროს ფასნამატი. შემოწმების აქტში მხოლოდ სიგარეტზე არის წარმოდგენილი ფასნამატი. ასევე, არ არის ცნობილი ფასნამატი რა პერიოდში იქნა განსაზღვრული და რა პერიოდში გამოყენებული. ამასთან, საწარმოს რეალიზაცია არ გაუკეთებია შეძენილი სარემონტო სმფ-ებისთვის. აღნიშნული გამოყენებულია იჯარით აღებული ფართის სარემონტოდ. ამ გარემოების გამო დღგ-ის ბრუნვა შესამცირებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა ფასები სიგარეტზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და ცემენტზე, რომელთა რეალიზაციაც უფიქსირდებოდა კომპანიას და შემოწმების შედეგად აღნიშნული საქონელი გაყიდულად ჩაითვალა დოკუმენტურ ფასად. ამასთან, ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში და ასევე, საბანკო ანგარიშზე ჩანდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭოს ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, მართლზომიერად მიიჩნევს პროდუქციის რეალიზაციას მომჩივნის მიერ ამავე სახის საქონლის დოკუმენტურ რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატით.
მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის თანამშრომლის ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება შეძენილი კვებითი მომსახურება, ჯამურად 98 517 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია კვებით უზრუნველყოფდა თანამშრომლებს. კვების ხარჯი ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ დაქირავებული პირებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამუშაო ადგილი განლაგებულია ------- გარეუბანში, ძალიან დიდი ინტერვალით დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ახლოს არ არის საკვები ობიექტი, სადაც შესაძლებელია დასაქმებულებმა მიიღონ ნორმალური საკვები. დასაქმებულებს სასადილოდ და სამუშაოზე დროულად გამოცხადებისთვის სჭირდებათ ტაქსის მომსახურება, რაც იწვევდა არაგონივრულ ხარჯს. ამასთან, კვების ხარჯების არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ საწარმოს მიერ შეძენილი კვებითი მომსახურების ხარჯი, ჯამურად 98 517 ლარის ოდენობით, ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივნის განმარტებით სამუშაო ადგილი განლაგებულია ------- გარეუბანში, ახლოს არ არის საკვები ობიექტი, დასაქმებულებს სასადილოდ და სამუშაოზე დროულად გამოცხადებისთვის სჭირდებათ ტაქსის მომსახურება, რაც იწვევდა არაგონივრულ ხარჯს. მიაჩნია, რომ კვების ხარჯების არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადი.
მოპასუხის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ სამუშაო ადგილი მდებარეობდა დაუსახლებელ ტერიტორიაზე, რაც მოითხოვდა კვებაზე არაგონივრული ხარჯების გაწევას. ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა -------, ------- და ასევე, წარმოდგენილ საჩივარშიც არ არის მითითებული რაიმე განსხვავებული გარემოება, რაც გახდებოდა დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენა, რაც ვერ დაკავშირდა პირის მიერ მიღებულ/დეკლარირებულ შემოსავლებთან. საგადასახადო კოდექსის 982 და 97-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პირს შეუმცირდა აღნიშნულ მომსახურებებზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აუდიტორები აფიქსირებენ, რომ საწარმოს უფიქსირდება ავეჯის დამზადება/რეალიზაცია. სწორედ ამ მიზნით საწარმოს დაქირავებული ჰყავდა შპს „-------“, რომელიც უწევდა სხვადასხვა სახის დასამზადებელი ავეჯის დიზაინსა და დამზადებული ავეჯის რეალიზაციის სარეკლამო მომსახურებას. ამასთან, მოაწოდა სხვადასხვა სახის სარემონტო საქონელი და შპს „-------“ იჯარით აღებულ ფართში ჩაუტარა სარემონტო სამუშაოები, რაც ნათლად ჩანს წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურების რეესტრში. მხოლოდ ამ მონაცემებით შემმოწმებლებს შეუძლიათ იდენტიფიკაცია მოეხდინათ სადიზაინერო, სარემონტო და სარეკლამო მომსახურების ოდენობაზე და დაუსაბუთებლად არ გაეუქმებინათ შპს „-------“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლები, ხოლო ანგარიშ -ფაქტურებში დღგ-ის ჩათვლით ბრუნვით არ დაებეგრათ მოგების გადასახადით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით, დავის საგნის ამ ნაწილში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის თანამშრომლის ხელფასად ჩათვლა;
3. სხვადასხვა მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სიგარეტი. დოკუმენტური რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა 4%-იანი ფასნამატი სიგარეტზე და აღნიშნული სიგარეტი რეალიზებულ იქნა ამ ფასნამატით. იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული შეძენილი ალკოჰოლური სასმელების და ცემენტის მიმართ, რომლებიც რეალიზებულად ჩაითვალა დოკუმენტური ფასნამატით. შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანს უფიქსირდება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება შეძენილი კვებითი მომსახურება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია კვებით უზრუნველყოფდა თანამშრომლებს. კვების ხარჯი ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენა, რაც ვერ დაკავშირდა პირის მიერ მიღებულ/დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, პირს შეუმცირდა აღნიშნულ მომსახურებებზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ბ); 101; 154; 159; 175; 176