ბრძანება N 22715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22715
09 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 29 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 91) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 172149/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 6 აგვისტოს N ELC62403, N ELC62402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL7777/760 (N 005-760) საგადასახადო მოთხოვნას.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა და რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი (სსკ-ის 165-ე მუხლი);
ჯარიმა - 21 631,75 ლარი (სსკ-ის 172-ე მუხლი);
საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 21 891,33 ლარი.
მათ შორის:
აქციზი - 21 150 ლარი;
იმპორტის გადასახადი - 481,75 ლარი;
საურავი - 259,58 ლარი;.
საბაჟო დეპარტამენტი:
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----) 2026 წლის 29 მაისს ----- მოქალაქის ----- (პასპ/ნ ----- ) წარმომადგენლის ----- (პ/ნ ----- ) მიერ მოექცა რეექსპორტში N -----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო თარიღად განსაზღვრული იყო 2026 წლის 12 ივლისი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად და საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, კარენ ანტონიანის მიმართ 2026 წლის 6 აგვისტოს შედგენილ იქნა N ELC62402 და N ELC62403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 21 631.75 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL7777/760 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (აქციზი - 21 150 ლარი, იმპორტის გადასახადი - 481.75 ლარი) და საურავი - 259.58 ლარის ოდენობით.
სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2026 წლის 29 სექტემბერს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 29 მაისს სატრანსპორტო საშუალება რეექსპორტით ----- მოქალაქეს ავტოგადამზიდავის მეშვეობით, ----- გამშვები პუნქტის გავლით უნდა გაეყვანა ქვეყნიდან, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა. 25 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მანქანას არ ჰქონდა დატოვებული საზღვარი. შესაბამისად, მანამდე ვერ მოახერხებდა ფაქტზე რეაგირებას. ავტომობილი არის ----- შემოსასვლელთან და ნებისმიერ დროს შეუძლია წარადგინოს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 16) მე-3 მუხლის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:
ა) სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით;
ბ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის გამოყენებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის კონტროლიდან მოხსნით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობდა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 2026 წლის 6 აგვისტოს N ELC62402 სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2026 წლის 6 აგვისტოს N ELC62402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს 2026 წლის 6 აგვისტოს N EL7777/760 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო კომპანიის წარმომადგენელს დაეკისრა ჯარიმა, დაერიცხა იმპორტის გადასახადი და საურავი. სადავო აქტებს იგი მოგვიანებით გაეცნო.
გადაწყვეტილება:
მომჩივანს მიეცა ვადა ავტომობილის გაფორმების ან გატანისთვის, რაც შესაბამისი ჯარიმისა და გადასახადების შემცირების საფუძველია. დანარჩენ ნაწილში საჩივრის ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 172; 165;.