ბრძანება N 16971
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16971
18 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის პირველი ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის პირველი ივლისის №108966/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე დარიცხულ მოგების გადასახადს და ჩათვლილი დღგის თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ მის მიერ დაქირავებულ იქნა მძღოლები, რომლებსაც უხდიდა ანაზღაურებას და აძლევდა საწვავს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი არასწორად არ ჩაითვალა ხარჯში, მაშინ როცა საწვავი გადაცემული არის მძღოლებისათვის, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ასევე მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორმა საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოიტანა სესხი და მისი შეტანა განახორციელა საწარმოში. აცხადებს, რომ აღნიშნული სესხი საწარმოს მიერ იქნა დაფარული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2954 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13236 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 181 324 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 107 215 ლარი, ჯარიმა 51 846 ლარი და საურავი 22 263 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 110 039 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საწვავი სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შსს-ს ბაზების მონაცემებით, კომპანიას არ უფიქსირდება საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა სხვადასხვა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც პირები უწევენ ავტოტრანსპორტით და ტექნიკით მომსახურებას და ამასთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში არ ფიქსირდება საწვავის ხარჯის დამკვეთის მიერ ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, პირი 2024 წლის 26 მარტის №188670 ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა 400 ლარით. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანიას შეძენილი აქვს 110 039 ლარის ღირებულების საწვავი, ამასთან საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით, რომლის შესაბამისადაც პირები საწარმოს უწევენ ავტოტრანსპორტით და ტექნიკით მომსახურებას, არ ფიქსირდება საწვავის ხარჯის დამკვეთის მიერ ანაზღაურების ვალდებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და დავის წარმოების პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებზე, კერძოდ, საწვავის მიღება-ჩაბარების აქტებზე და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მათ შორის მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები, რომლებზეც გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამდასტურებელი დოკუმენტები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებთან მიმართებით, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების და გადახდის ქვითრების ნაწილში, შემოწმების პროცესში დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა, ვინაიდან ყველა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გათვალისწინებული იყო შემოწმების ფარგლებში. ასევე გაუგებარია გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია დამფუძნებლის მიერ სესხის შემოტანასა და დაფარვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საბანკო ამონაწერებით დასტურდება სხვადასხვა მეწარმეებზე თანხის გადახდა. აღნიშნულ ტრანზაქციებზე შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დოკუმენტები, შესაბამისად ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ფიზიკური პირებისათვის მომსახურების ანაზღაურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1. შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე დარიცხულ მოგების გადასახადს და ჩათვლილი დღგის თანხის შემცირებას.
2. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ასევე მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შეძენილი აქვს საწვავი სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შსს-ს ბაზების მონაცემებით, კომპანიას არ უფიქსირდება საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა სხვადასხვა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც პირები უწევენ ავტოტრანსპორტით და ტექნიკით მომსახურებას და ამასთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში არ ფიქსირდება საწვავის ხარჯის დამკვეთის მიერ ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმების მიერ, აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამასთან, პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები, რაზეც არ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა, ბ); 154; 174; 175;