ბრძანება N 9916

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 9916
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9916

05.05.2023

ი/მ -------------- (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 20 და 24 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ი/მ ------------- (ს/ნ ---------) 2023 წლის 20 იანვრის №78269/1/2023 და 2023 წლის 24 იანვრის № 78432/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №040-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს და განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ითხოვს უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის, მათ შორის 2022 წლის მიმდინარე გადასახდელების კორექტირებას.

3. მომჩივანი იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებთ განმარტავს, რომ 2019 წლის აპრილში მის მიერ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა 3945.57 ლარზე, მაგრამ ამავე თვეში მოიჯარის მიერ მის საბანკო ანგარიშზე დამატებით ჩაირიცხა იჯარის დავალიანება 15874.98 ლარი, რომელიც შემოწმების მიერ აპრილის საანგარიშო თვეში იქნა დაბეგრილი. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული დავალიანების თანხა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილი აქვს 2018 წელს და მიიჩნევს, რომ 15874.98 ლარი ორმაგად დაიბეგრა.

4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილიზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15756, ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------------ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32558 ბრძანება და ამავე თარიღის №040-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 156 316 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 660 ლარი, ჯარიმა 36 046 ლარი, საურავი 32 610 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 ი/მ ----------- 2019 წლის 1 თებერვლიდან მიღებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომლის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით, კერძოდ - მცირე ასორტიმენტის ტანსაცმლით, ბიჟუტერიით და სხვა საქონლით, ასევე 2020 წლის 10 თებერვლამდე გადასახადის გადამხდელი ეწეოდა საცალო ვაჭრობას პროდუქტებით და სასმელებით.

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი მათ მოძრაობაზე, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქცია და დეკლარირებული სმფ-ების საწყისი/საბოლოო ნაშთები. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ორჯერ არის დაჯარიმებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების მიერ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილი იქნა ჯგუფებად, კერძოდ: სასურსათო საქონელი გაერთიანდა ერთ ჯგუფში და გავრცელებული იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატი (15%), ტანსაცმელი და ქალის ჩანთა გაერთიანდა ერთ ჯგუფში და გავრცელებული იქნა ასევე მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატი (29%), ბიჟუტერიაზე გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ობიექტში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი (150%), ხოლო სხვა დანარჩენ საქონელზე ასევე გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი (15%). შესაბამისად, დაკორექტირდა და გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით (1%) დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე, 90-ე, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის ისეთი შემოსავლები, რომელიც იბეგრება საერთო წესით, კერძოდ, კუთვნილი შენობა-ნაგებობა იჯარით ჰქონდა გაცემული შპს „--------“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და მცირე ბიზნესისთვის დადგენილი რეჟიმით (1%) დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადის წლიურ გაანგარიშებაში წარდგენილი აქვს ჯამურად ერთობლივი შემოსავლის სახით, ხოლო გამოსაქვით ხარჯებში ასახული აქვს, მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, სმფ-ის და სხვა ხარჯების სახით. საგადასახადო კანონმდებლობიტა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით განსაზღვრულია შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში და საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით. ასეთი ტიპის შემოსავალის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ქონების იჯარით გაცემა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საერთო წესით (20%), ასევე პირს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც მომსახურების გაწევა (ქონების იჯარით გაცემა), ასევე საქონლის მიწოდება (ტანსაცმელი, ბიჟუტერია, საკვები პროდუქტები და სასმელები). მომსახურების მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საკომპენსაციო თანხა მიღებულია საბანკო ანგარიშსწორებით, ხოლო საქონლის მიწოდებას ახორციელებს საცალოდ დოკუმენტის გარეშე, რაც აისახება საკონტროლო-სალარო აპარატით ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, საბანკო ამონაწერის მიხედვით ფიქსირდება გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი (ქონების იჯარით გაცემა), რომელიც დღგ-ით დაბეგრილი არ არის. აქედან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კერძოდ, გადამხდელის მიერ არ ხორციელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა და არ ხდება კონტროლი მათ მოძრაობაზე, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქცია და დეკლარირებული სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილი იქნა ჯგუფებად, შესაბამის ჯგუფებზე ფასნამატი განისაზღვრა როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული, ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ობიექტში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად. შედეგად გამოვლინდა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ არ ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ იშიფრება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა, საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის გავრცელება შესაბამისი სახეობის კატეგორიაზე განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და მცირე ბიზნესისთვის დადგენილი რეჟიმით (1%) დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარდგენილი აქვს ჯამურად ერთობლივი შემოსავლის სახით, ხოლო გამოსაქვით ხარჯებში ასახული აქვს, მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, სმფ-ის და სხვა ხარჯების სახით.

გადამხდელის მოთხოვნასთან, იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ი/მ ------------- მიერ ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას, შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებული იქნა იჯარით გაცემული ქონების რემონტის ხარჯი (ხელშეკრულების თანახმად კომუნალურ ხარჯების გადახდის ვალდებულება ეკისრება მოიჯარეს).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვრულია მართლზომიერად, საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის საბანკო ამონაწერის მიხედვით ფიქსირდება იჯარის მომსახურებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მერ დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრა მოიჯარის მიერ მისთვის გადახდილი დავალიანების თანხა, რომელიც უკვე დაბეგრილი ჰქონდა 2018 წელს. შესაბამისად, მიიჩნევს რომ ადგილი აქვს ორმაგ დაბეგვრას და აღნიშნული თანხა აპრილის საანგარიშო პერიოდში არ უნდა დაბეგრილიყო. ითხოვს არასწორად დარიცხული თანხის კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------------- (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს და განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ითხოვს უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის, მათ შორის 2022 წლის მიმდინარე გადასახდელების კორექტირებას.

3. მომჩივანი იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აპრილის საანგარიშო თვეში დაბეგრილი თანხა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილი აქვს 2018 წელს და მიიჩნევს, რომ 15874.98 ლარი ორმაგად დაიბეგრა.

4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილიზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ი/მ-ს დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების მიერ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილი იქნა ჯგუფებად და გავრცელებული იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, დაკორექტირდა და გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით (1%) დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.

 შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის ისეთი შემოსავლები, რომელიც იბეგრება საერთო წესით, კერძოდ, კუთვნილი შენობა-ნაგებობა იჯარით ჰქონდა გაცემული. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და მცირე ბიზნესისთვის დადგენილი რეჟიმით (1%) დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადის წლიურ გაანგარიშებაში წარდგენილი აქვს ჯამურად ერთობლივი შემოსავლის სახით, ხოლო გამოსაქვით ხარჯებში ასახული აქვს, მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმებით, ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საერთო წესით (20%), ასევე პირს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

 შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, საბანკო ამონაწერის მიხედვით ფიქსირდება გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი (ქონების იჯარით გაცემა), რომელიც დღგ-ით დაბეგრილი არ არის. აქედან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136, 49(1"ე"), 61(3), 73, 159(1), 163, 164(1), 88(1), 90(1), 93(11), 105, 269, 270, 275.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 999 ბრძანება.