გადაწყვეტილება № 26142/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2025
№ დოკუმენტი 26142/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26142/2/2025

04 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 7.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26142/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2025 წლის №EL295332 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №EL11116/12 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22746 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 61 112.14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 30 503.15

დღგ - 19 121.15

იმპორტის გადასახადი - 11 382

ჯარიმა - 30 503.15

საურავი - 105.84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.09.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, №------ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილია მომჩივნის კუთვნილი, №------- (2.09.2025წ.) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი - 32 076 ერთეული მაიონეზი (საბაჟო ღირებულება 94 846.43 ლარი). აღნიშნული დეკლარაციის დამუშავების გარეშე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა „--------“.

კომპანიის 12.09.2025 წლის №-------- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №--------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს (12.09.2025წ.) განხორციელდა კომპანიის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიჩნეულია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 13.09.2025 წელს შედგენილია №EL295332 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 30 503.15 ლარის ოდენობით.

ამასთან, 18.09.2025 წელს გამოიცა №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 30 503.15 ლარის (იმპორტის გადასახადი 11 382 ლარი; დღგ 19 121.15 ლარი) ოდენობით, ასევე საურავი 105.84 ლარი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.10.2025 წლის №22746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებს საქონლის (მაიონეზის) იმპორტს -------. ყოველი გადაზიდვის დროს ხორციელდება ერთი და იგივე საბაჟო ოპერაცია, კერძოდ კომპანია წინასწარ ტვირთავს განაცხადს განბაჟების შესახებ, ყველა სახის პროცედურა ტარდება ------ საბაჟოზე, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მიემართება კომპანიის საწყობში და იცლება ტვირთისგან.

ამ შემთხვევაშიც, 2.09.2025 წელს ატვირთა განცხადება წინასწარი განბაჟების შესახებ, რომელსაც მიენიჭა „-----“ ნომერი (-------). 9.09.2025 წელს სატრანსპორტო საშუალებამ გადმოკვეთა საზღვარი, გაიარა ყველა საჭირო შემოწმება, მათ შორის შემოწმდა სკანერით და შემოვიდა კომპანიის საწყობში.

იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო ოპერაციები ხორციელდებოდა ყოველთვის საბაჟოზე და შემდეგ სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მიდიოდა კომპანიის საწყობში, მძღოლმა ჩათვალა, რომ საბაჟო ოპერაცია იყო დასრულებული და ტვირთი მიიტანა კომპანიის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა თანმდევი შედეგი, ლოჯისტიკის სამსახურმა უზრუნველყო ტვირთის ჩამოცლა და შეტანა საწყობში. როდესაც ამ ფაქტის თაობაზე, გახდა ცნობილი, კომპანიის წარმომადგენელმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება, განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს, რაც ასევე დასტურდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში არსებული ჩანაწერით.

მთლიანი ტვირთი სრულად განთავსებული იყო საწყობში, რის გამოც ადგილი არ ჰქონია საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას. იმის გათვალისწინებით, რომ საწყობში ახლად ჩამოტვირთული ტვირთთან ერთად განთავსებული იყო სხვა დროს შემოტანილი საქონელიც, მხოლოდ ამის გამო ვერ მოახდინეს საბაჟო ორგანოს თანამშრომლებმა ტვირთის ზუსტი იდენტიფიცირება. აღნიშნულის გამო ითხოვს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დარღვევა გამოწვეულია კომპანიის თანამშრომლის, მძღოლის, შეცდომის გამო, ხოლო კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებების მიმართ ყოველთვის გააჩნია პატიოსანი დამოკიდებულება, ითხოვს მოეხსნას საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული სანქცია 30 503,15 ლარი.

აღსანიშნია, რომ კომპანია საქართველოში არ იხდის იმპორტის გადასახადს, შესაბამისად, საბაჟო პროცედურის სწორად განხორციელების შემთხვევაში კომპანიას იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობოდა ვინაიდან, საქართველოს მთავრობასა და ------- მთავრობას შორის არსებობს კონვენცია „შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“. ამრიგად, ეს გაუგებრობა რამაც გადასახადების დარიცხვა გამოიწვია, არ არის საფუძველი კომპანიისთვის იმპორტის გადასახადის დარიცხვისა. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი იმპორტის გადასახადის ნაწილში.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, ხელმძღვანელობს საბაჟო კოდექსის IV თავითა და საგადასახადო კოდექსის XIV კარით და ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მომჩივანი განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო ოპერაციები ხორციელდებოდა ყოველთვის საბაჟოზე და შემდეგ სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მიდიოდა კომპანიის საწყობში, მძღოლმა ჩათვალა, რომ საბაჟო ოპერაცია იყო დასრულებული და ტვირთი მიიტანა კომპანიის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა თანმდევი შედეგი, ლოჯისტიკის სამსახურმა უზრუნველყო ტვირთის ჩამოცლა და შეტანა საწყობში. აღსანიშნია, რომ საბაჟო პროცედურის სწორად განხორციელების შემთხვევაში კომპანიას იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობოდა ვინაიდან, საქართველოს მთავრობასა და -------- მთავრობას შორის არსებობს კონვენცია „შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“. ამრიგად, არ არის საფუძველი კომპანიისთვის იმპორტის გადასახადის დარიცხვის და ამ ნაწილში სადავო საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ასევე, ითხოვს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დარღვევა გამოწვეულია კომპანიის თანამშრომლის, მძღოლის, შეცდომის გამო, ხოლო კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებების მიმართ ყოველთვის გააჩნია პატიოსანი დამოკიდებულება, ითხოვს მოეხსნას დაკისრებული სანქცია.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან თანმხლებ დოკუმენტებში და დეკლარაციაში იყო უზუსტობა აღნიშნული დეკლარაციის დამუშავების გარეშე, სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №-------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გეზ „-----“. კომპანიის 12.09.2025 წლის №---------განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №--------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.

ამასთან, საჩივარზე დართულ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატზე და მომჩივნის არგუმენტზე, რომ საბაჟო პროცედურის სწორად განხორციელების შემთხვევაში კომპანიას იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობოდა ვინაიდან, საქართველოს მთავრობასა და ------- მთავრობას შორის არსებობს კონვენცია „შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია 12.09.2025 წლის №------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა შპს -------, ს/დ ------- (2.09.2025წ.), დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, -------ში მდებარე საწყობში, სადაც ვერ მოხდა დეკლარირებული 17 633 კგ. მაიონეზის ზუსტი იდენტიფიცირება, ამდენად, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენება არაიდენტიფიცირებულ საქონელზე ვერ განხორციელდება.

ამდენად, დადგენილია და სადავო არ არის, რომ კომპანიის მიერ ------ საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია გამოვლენილი დანაკლისის უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონლად მიჩნევასთან დაკავშირებით მართებულია. ამასთან, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა შპს-ს კუთვნილი პროდუქცია. საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. იმავე დღეს განხორციელდა შპს-ს საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ვინაიდან შპს მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, შპს-ს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;163(11):172