გადაწყვეტილება №27709/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27709/2/2026
23 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.07.2026 და 16.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №27709/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და კომპანიის მიერ რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილება;
2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13009 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 585 896.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 346 438.23
დღგ - 198 639.38
საშემოსავლო გადასახადი - 147 798.85
ჯარიმა - 174 691.20
საურავი - 64 767.36
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2026 წლის №4636 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.04.2026 წლის №7857 ბრძანება და ამავე თარიღის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13009 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და კომპანიის მიერ რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს მშენებლობის ნებართვა მოპოვებული აქვს 22.12.2021 წლიდან (მისამართი: -------, ------- ს/კ -------).
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიას სარეალიზაციოდ დარჩენილი აქვს სამი გარე ავტოფარეხი. სამშენებლო გეგმის მიხედვით, აშენებული კორპუსი მოიცავდა 20 საცხოვრებელ ბინასა და 7 გარე ავტოფარეხს.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, ასევე, ხელშეკრულების მხარეების მიერ შემდგომი ოპერაციების შედეგად დადგენილი გარიგების ფასები, ობიექტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები და შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ზოგიერთ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ მისივე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებული ბინები იმავე თვეში გადაყიდულია მესამე პირებზე ისეთ ფასად, რაც შეესაბამება სხვა დამოუკიდებელ ხელშეკრულებებში ასახულ ფასებს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირებისა) ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, კომპანიის მიერ ზოგიერთ ბინაზე გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულ ბინებზე გავრცელდა იმავე ბინებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით დაფიქსირებული ფასები, რომლებიც თანხვედრაში იყო საბაზრო ფასებთან. შესამოწმებელ პერიოდში გაყიდული ფართების სრული ოდენობა შეადგენს 993.5 კვ.მ-ს, საიდანაც ფასები დაკორექტირდა (გაიზარდა) 423.6 კვ.მ-ზე.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც შემცირდა საქმიანობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, გაცემული ხელფასებით, მომსახურებების ღირებულებით, გადახდილი გადასახადებით და საქართველოს ბანკში არსებულ სესხზე გადახდილი სესხის პროცენტით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადების ოდენობით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ მიხედვით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული კორექტირებული შემოსავლისა და ხარჯის შეპირისპირებით, გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტთან, კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საერთო რაოდენობის 10%- ზე მეტი გაყიდული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს. ხოლო, გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება რიგ ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია ბინების რეალიზებას ახორციელებს 700 აშშ დოლარიდან 1 250 აშშ დოლარის ფარგლებში. აუდიტის დეპარტამენტი ასევე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში რეალიზებულია ორი საცხოვრებელი ბინა, რომლის ღირებულება შეესაბამება შემოწმების მიერ დადგენილ საბაზრო სარეალიზაციო ფასებს.
რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ დოკუმენტაციას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს დავების ეტაპზე წარდგენილი აქვს 2023 წლის 15 და 19 აგვისტოთი დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები სალაროში თანხის მიღების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები არ ყოფილა წარდგენილი შემოწმების პროცესში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან უძრავი ქონების გარიგების ფასები განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა კომპანიის მიერ რეალიზებულ უძრავ ქონებაზე ამავე ქონებაზე მესამე პირებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დაფიქსირებული ფასების გავრცელება (რაც თანხვედრაშია საბაზრო ფასებთან) და დღგ-ის დარიცხვა. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დადგენილი ფულადი ნაშთი დირექტორის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეალურად დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით, რომლის მიხედვით თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
აუდიტის დეპარტამენტი ცდილობს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლები გამოიყენოს იმის „დასასაბუთებლად“, რომ ფასი ხელოვნურად არის შემცირებული. რაც სამართლებრივი ნონსენსია. საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირდაპირ აკისრებს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას, რომ დაამტკიცოს (დაასაბუთოს ფინანსთა მინისტრის ხსენებული ბრძანების მიხედვით), რომ გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივისგან. მაგალითად, უნდა არსებობდეს მტკიცებულების სახით მყიდველის ჩვენება, რომ მან რეალურად მეტი გადაიხადა ან რაიმე ფორმით უნდა დასტურდებოდეს, რომ კომპანიამ მიიღო მეტი შემოსავალი.
თუკი საბაზრო ფასის გამოყენება თავად საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლით (საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით) ხდება, მაშინ ფინანსთა მინისტრის ბრძანების მითითება რა საჭიროა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლში. კანონის ნორმა სწორედ იმას გულისხმობს, რომ დასაბუთება უნდა მოხდეს მტკიცებულებების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. შპს „-------“-სა და ფართის მყიდველებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარდგენილია საჯარო რეესტრში, რაზეც აქვს წვდომა აუდიტის დეპარტამენტს, სადაც მითითებულია ნასყიდობის ფასი და ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ. შესაბამისად ვერ ექნება სახეზე საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
ხოლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. თუკი საგადასახადო ორგანო მიწოდების ფასს ცვლის საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძვლით, მაშინ რა კავშირშია დარიცხვის საფუძვლებთან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, გაუგებარია. რა შინაარსი შეიცვალა ამ შემთხვევაში?
რაც შეეხება აქტში მითითებულ გარემოებას, რომლის მიხედვითაც თითქოს საბუთდება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ თუ მყიდველმა ბინა იმავე თვეში უფრო ძვირად გადაყიდა, არ არის იმის მტკიცებულება, რომ გამყიდველმა (კომპანიამ) რეალურად იმაზე მეტი ფული აიღო, ვიდრე ხელშეკრულებაში ეწერა. გარდა ამისა ფასი დაკორექტირდა ისეთ ფართებზეც, რომელთა გადაყიდვასაც ადგილი არ ჰქონია.
ყურადღება გასამახვილებელია რეალურ გარემოებებზე, რაც ცხადყოფს დარიცხვის უსაფუძვლობას და გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის საფუძველს:
გარემოება 1.
საკითხი ეხება ორ შენობას შორის აშენებულ 20 საცხოვრებლიან ეკონომ კლასის კორპუსს (საჩივარს ახლავს ბინის ფოტოები), რომელსაც არ აქვს არანაირი ეზო. მშენებლობის დასაწყისში გზაც კი არ იყო დაგებული, რაც გავლენას ახდენდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას, ფასსზე. აღნიშნულ კორპუსში 1 კვ.მ.-ს 1 200 აშშ დოლარად რეალიზებული ფართი მეტად უნდა უკვირდეს შემმოწმებელს, ვიდრე 600-700 აშშ დოლარად, რადგან თბილისში ბევრად პრესტიჟულ უბანში შესაძლებელია დასრულებული ფართის შეძენა 1 250 აშშ დოლარად კეთილმოწყობილი ეზოთი. რეალურად 600 დოლარზე იაფად გაყიდულია 3 ფართი (546, 568 და 587 აშშ დოლარად), 600 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარამდე რეალიზებულია 11 ფართი, ხოლო 1 000-1 250 აშშ დოლარის ფარგლებში რეალიზებულია 6 ფართი.
გარემოება 2.
როგორც აღინიშნა საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულია, რომ რიგ შემთხვევებში ფართები იმავე პერიოდში მესამე პირებზე რეალიზებულია მაღალ ფასად. დეველოპერი როგორც წესი პროექტის დამტკიცებისთანავე ცდილობს ფართების რეალიზაციას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. სხვაგვარად შეუძლებელია მშენებლობის დაფინანსება. შესაბამისად მშენებლობის დასაწყისში ცხადია შეთანხმებები ფორმდება შედარებით დაბალ ფასად. ეს ფასებიც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ადეკვატურია და მერყეობს 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში. კომპანიის საბანკო ამონაწერში ჩანს, რომ კომპანიის დამფუძნებელს ანგარიშზე შეაქვს პირადი შენატანის მითითებით მსხვილი თანხები, რაც რეალურად არის წინარე ნასყიდობის შეთანხმებების საფუძველზე მიღებული ფულადი სახსრები. სხვა არანაირი შემოსავალი დამფუძნებელს არ გააჩნდა. 2023 წლის აგვისტოში, იმ დროს როცა გადამწყვეტ ეტაპზე იყო მშენებლობის პროცესი, დაუშვებელი იყო მშენებლობის შეჩერება და საჭიროებდა ფულად სახსრებს. დროულად მოხერხდა ფიზიკურ პირებთან ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება სულ 6 ფართზე. ------- 2 ფართზე, ხოლო ------- 4 ფართზე. აღნიშნული პირებისაგან მიღებული თანხებით მოხდა მშენებლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა. აღნიშნულმა პირებმა დარჩენილი თანხები დაფარეს იმ დროისათვის როცა თავადაც მოახდინეს ფართების რეალიზება. მხოლოდ თანხების სრულად დაფარვის შემდგომ განხორციელდა მათთვის საკუთრების გადაცემა და სწორედ ამიტომ ემთხვევა რეალიზაციის პერიოდი აღნიშნული ფართების გადაყიდვის პერიოდს. ხოლო სარეალიზაციო თანხებში არსებული სხვაობა ცხადია გამოწვეულია ნასყიდობის შეთანხმებების დადებისას მშენებარე ობიექტის განსხვავებული მდგომარეობით.
წარმოადგენს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და თანხების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. მიღებული თანხების შეტანა ხდებოდა საბანკო ანგარიშზე დამფუძნებლის შენატანის დანიშნულებით.
არამარტო მათთან, არამედ ნებისმიერ დეველოპერულ პროექტში მესამე პირზე ფართის გადაყიდვისას დაფიქსირდება მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასი. ამასთან, ნებისმიერი დეველოპერი დაფინანსებას იღებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. უბრალოდ შეუძლებელია მშენებარე კორპუსში ყველა ფართი გაიყიდოს ერთიანი გადახდის პირობით.
აღნიშნულ პირებზე 1 კვ.მ. რეალიზებულია საშუალოდ 716 აშშ დოლარად, რაც აბსოლუტურად ადეკვატური ფასია და მესამე პირების მიერ შესყიდულ ფართებზე დაფიქსირებული ფასის (ფაქტობრივად დასრულებულ კორპუსში) გამოყენება უსაფუძვლოა.
კომპანიასა და აღნიშნულ მყიდველებს შორის არ არსებობს არანაირი ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან, უცნობია მოხდა თუ არა შემმოწმებელთა მხრიდან კომუნიკაცია ან მყიდველებთან ან მესამე პირებთან. მსგავსი კომუნიკაციის შემთხვევაში აუდიტორები დაადგენდნენ ფასთა სხვაობის გამომწვევ მიზეზებს. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ ფართზე, რომლის გადაყიდვაც არ მომხდარა ------- მიერ შემოწმების შედეგად ფასი არ დაკორექტირებულა და ნასყიდობის თანხად მიჩნეულია 1 კვ.მ.-ზე 638 აშშ დოლარი ანუ რეალურად კომპანია ისჯება იმის გამო, რომ მყიდველმა მოახერხა დასრულებული ფართების მაღალ ფასად რეალიზაცია.
გარემოება 3.
შემოწმების შედეგად ფასები შეიცვალა სულ 6 რეალიზებულ ფართზე. დარიცხვის საფუძვლად მითითებულია, რომ ფართების გადაყიდვა ხდებოდა იმავე თვეში მნიშვნელოვნად მაღალ ფასად. თუმცა რეალურად 2 ფართის მფლობელად საჯარო რეესტრის მიხედვით ისევ კომპანიის მყიდველი ფიქსირდება. აქტში მითითებულიც კი არ არის რატომ შეცვალეს შემმოწმებლებმა ამ შემთხვევებში დასაბეგრი თანხები. კერძოდ, ფიზიკურ პირ ------- (პ/ნ -------) რეალიზებულია პირველ სართულზე არსებული ფართი (ს/კ -------) - 587 აშშ დოლარად, ხოლო ფიზიკურ პირ ------- (პ/ნ -------) მე-4 სართულზე ფართი (ს/კ -------) რეალიზებულია 1 კვ.მ. 546 აშშ დოლარად. ამასთან გაუგებარია რატომ იქნა გამოყენებული საბაზრო ფასად 1 136 აშშ დოლარი, როცა 699, 730, 747 აშშ დოლარებად რეალიზებულ ბინებზე ფასები არ დაკორექტირებულა. ცხადია აღნიშნულ ფართებზე ფასთა ცვლილების არანაირი ეჭვი და საფუძველი არ არსებობდა. ------- თანხა საბანკო ანგარიშზე აქვს ჩარიცხული.
გარემოება 4
აუდიტორებმა გამოიყენეს საბაზრო ფასები 1 136 და 1 189 აშშ დოლარი. ცხადია, რომ გამოყენებული ფასი არ არის შესაბამისობაში საბაზრო პრინციპებთან, რადგან შემოწმებით კორექტირებას არ დაექვემდებარა 700-750$-ის ფარგლებში რეალიზებული ფართები, რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე, საშუალო საბაზრო ფასი სწორედ ამ ფარგლებში მერყეობდა.
შეჯამება: შემოწმებით ფასი დაკორექტირდა 20-დან 6 ბინაზე. დანარჩენი 14 ბინის სარეალიზაციო ფასი მერყეობს კვადრატულზე 638 აშშ დოლარიდან 1 250 აშშ დოლარამდე, რაც შემოწმების შედეგად მიჩნეულია საბაზრო ფასად. 6 ბინიდან, რომელთა ფასებიც დაკორექტირდა, 4 ბინა გადაიყიდა უფრო მაღალ ფასად. აქტში მითითებულია, რომ აღნიშნულ ბინებზე გამოყენებულია საბაზრო ფასი. თუმცა შემოწმებით საბაზრო ფასად მიჩნეული ფასების ნაცვლად უბრალოდ გამოყენებულია გადაყიდვის ფასი. რაც შეეხება 2 ბინას, რომელთა გადაყიდვაც არ მომხდარა, ერთი პირველ სართულზეა, რაც ფაქტობრივად 0 სართულია, თუმცა მასზე გავრცელებულია ხსენებული 4 ბინის გადაყიდვის ფასი 1 136 აშშ დოლარი (ხელშეკრულების ფასი 587 აშშ დოლარია). ხოლო მეორე ფართზე ასევე 1 136 აშშ დოლარი (ხელშეკრულების ფასი 546 აშშ დოლარია).
შესაბამისად, ერთის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს საკანონმდებლო ნორმების დარღვევით აქვს გამოყენებული საბაზრო ფასი, რადგან საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-11 ნაწილი არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ეჭვს, აუცილებელია ხდებოდეს დასაბუთება. ხოლო მეორეს მხრივ ნაცვლად შემოწმებით საბაზრო ფასად მიჩნეული ფასებისა, გამოყენებულია გადაყიდული ფართების ფასი, რაც რა გარემოებით იყო დადგენილი არ იცის, რადგან არ ფლობს ინფორმაციას თუ რას ეფუძნებოდა მყიდველებსა და მესამე პირებს შორის განხორციელებული გარიგების ფასი. როგორც აღინიშნა, ფასთა შორის სხვაობა გამოწვეულია მშენებლობის პროცესში და მშენებლობის ბოლოს არსებულ მდგომარეობას შორის სხვაობით (წინარე ნასყიდობის შეთანხმება გაცილებით ადრე გაფორმდა), ამასთან შესაძლოა მათ მოახდინეს ბინის რემონტის სრულად დასრულება, ავეჯით უზრუნველყოფა და ა.შ.
აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტი, რომ მყიდველებს არ ჭირდებოდათ დღგ-ის ჩათვლა არ შეესაბამება რეალობას, რადგან აღნიშნულ მყიდველებს მხოლოდ კომპანიისგან ჯამში შესყიდული აქვთ 6 ბინა და როგორც აუდიტორის გაანგარიშების ფაილებში ჩანს, 4 რეალიზებულია. შესაბამისად მათ აქვთ რისკი განესაზღვროთ საგადასახადო ვალდებულებები როგორც დღგ-ის, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შესაბამისად, შეუძლებელია ისინი დათანხმებოდნენ მათთვის საზიანო პირობების ასახვას გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საქონლისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეალიზაციო ფასები მხოლოდ ექვს შემთხვევაში დაექვემდებარა კორექტირებას, აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ რამდენიმე ფართი, როდესაც საკუთრებაში გაუფორმდა მყიდველს, იგივე თვეში გადაიყიდა მესამე პირზე მნიშვნელოვნად მაღალ ფასად. აღნიშნულის გამო გაჩნდა ეჭვი, თუმცა დაუსაბუთებელი. საჩივარს ახლავს კვალიფიციური შემფასებლის 15.07.2026 წლის უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, შესაბამისად, თუ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გავრცელდა საბაზრო ფასი (რასაც ასევე არ ეთანხმება), წარმოდგენილია სწორედ საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ დასკვნა და კომპანია ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
მომჩივნის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რიგ შემთხვევაში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ფართები მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დღიდან ერთ კვირის ინტერვალშია გადაყიდული (ან იმავე დღეს ან მეორე დღეს), აღნიშნულის საფუძველზე მიჩნეულია, რომ კომპანიასა და ამ ფიზიკურ პირებს შორის ხელშეკრულებაში საბაზრო ფასი ხელოვნურად იყო შემცირებული და შემოწმების შედეგად დაკორექტირდა. აღსანიშნია, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებების, ხელშეკრულების მხარეების მიერ შემდგომი ოპერაციების შედეგად დადგენილი გარიგების ფასების, ობიექტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.
საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.
აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 15.07.2026 წლის უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის (დამოუკიდებელი შემფასებელი -------) და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს მიღებული, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შედეგად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში სრულად გათვალისწინება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით მოცულ პერიოდზე კომპანიას მიღებული აქვს მომსახურებები ანაზღაურების სანაცვლოდ შემდეგი პირებისგან: შპს -------, შპს -------, შპს -------, შპს -------, შპს -------. სულ მომსახურების სანაცვლოდ გადახდილია ჯამში 53 645 ლარი, მაგრამ არ აქვს მიღებული ანგარიშ-ფაქტურები. კომპანია ცდილობს უზრუნველყოს აღნიშნული პირებისაგან ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების მიღება. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება და დარიცხული გადასახადის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დავის ამ ეტაპზე გამოწერილია ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ითხოვს გათვალისწინებას.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ამ ნაწილში დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) კორექტირება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13009 ბრძანება;
3. მე-2 დავის საგნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხების შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და კომპანიის მიერ რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილება;
2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ ინფორმაციები და შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ზოგიერთ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ მისივე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებული ბინები იმავე თვეში გადაყიდულია მესამე პირებზე ისეთ ფასად, რაც შეესაბამება სხვა დამოუკიდებელ ხელშეკრულებებში ასახულ ფასებს. ვინაიდან, კომპანიის მიერ ზოგიერთ ბინაზე გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულ ბინებზე გავრცელდა იმავე ბინებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით დაფიქსირებული ფასები, რომლებიც თანხვედრაში იყო საბაზრო ფასებთან. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც შემცირდა საქმიანობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, გაცემული ხელფასებით, მომსახურებების ღირებულებით, გადახდილი გადასახადებით და საქართველოს ბანკში არსებულ სესხზე გადახდილი სესხის პროცენტით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადების ოდენობით. შემოწმების შედეგად განსაზღვრული კორექტირებული შემოსავლისა და ხარჯის შეპირისპირებით, გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს მიღებული კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შემოწმების შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 დავის საგნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხების შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11); 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 175