გადაწყვეტილება №27532/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27532/2/2026
07 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 9.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27532/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივნისის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 99 285.96 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 47 048
ჯარიმა - 23 524
საურავი - 28 713.96
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258.81 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 16.02.2024 წლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 1.04.2024 წელს წარდგენილ საჩივართან ერთად და 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 13.05.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №23042/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2025 წლის 2 ივნისს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს დავის განახლების მოთხოვნით. 1.07.2025 წელს საჩივარი კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 17.07.2025 წლის №25404/2/2025 (რეგ. 18.07.2025 წელი; №03/53566) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2025 წლის 20 აგვისტოს №18669 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 9.09.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით (სრულყოფილად) შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის დასკვნა, 2.06.2026 წლის №12063 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი რეალურად დადგა, რასაც ადასტურებს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. მიუხედავად ამისა, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება მყიდველი კომპანიის მიერ ვერ ხერხდება მათთან წარმოქმნილი საკადრო/სტრუქტურული პრობლემების (დირექტორის და მეწილის ცვლილება, ფიქტიური მფლობელის არსებობა) გამო.
დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საკითხის სრულყოფილად (დამატებით) შესწავლა და კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში ვალდებულების შემცირება. საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საკითხი და თავისსავე დასკვნაში დაადასტურა, რომ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით დასტურდება საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, დადასტურებულია ოპერაციის კორექტირების გარემოება. თუმცა, აუდიტორმა უარი განაცხადა თანხის შემცირებაზე მხოლოდ იმ ფორმალური მიზეზით, რომ მაკორექტირებელი ფაქტურა მეორე მხარის მიერ არ არის დადასტურებული. შესაბამისად, გამოიცა ბრძანება დარიცხული თანხების არ შემცირების თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ალოგიკური, დაუსაბუთებელი და პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპებს, ისე დავების განხილვის საბჭოს მითითებას. აუდიტის დეპარტამენტი უარის თქმის საფუძვლად უთითებს დაუდასტურებელ ფაქტურას. ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ აღნიშნული კორექტირების ფაქტურა მყიდველის მიერ ელექტრონულად რომ დადასტურებულიყო, გადასახადის გადამხდელს საერთოდ არ დასჭირდებოდა საგადასახადო დავის წამოწყება. ასეთ შემთხვევაში, კომპანიის ბუღალტერი დამოუკიდებლად წარადგენდა დაზუსტებულ საგადასახადო დეკლარაციას და ავტომატურ რეჟიმში გაიქვითავდა/შეიმცირებდა დარიცხულ თანხას. საგადასახადო დავა და აუდიტის დეპარტამენტის ჩართულობა აუცილებელი გახდა სწორედ იმიტომ, რომ მეორე მხარის უმოქმედობის გამო წარმოიშვა ფორმალური ტექნიკური ბარიერი, რომლის გადაჭრაც საგადასახადო ორგანოს კომპეტენციაა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ იმავე არგუმენტის მოშველიება, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა, წარმოადგენს დავის მექანიზმის არსის სრულ უგულებელყოფას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება სამეურნეო ოპერაციის რეალურ შინაარსს და არა მის ფორმას. თვითონ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნითა და სასაქონლო ზედნადებებით უტყუარად დადგენილია, რომ საქონლის უკან დაბრუნების ფიზიკური და ეკონომიკური ოპერაცია შედგა (შინაარსი). ის ფაქტი, რომ მყიდველმა ახალი, ფიქტიური დირექტორის პირობებში არ დააჭირა დასტურის ღილაკს პორტალზე (ფორმა), არ აბათილებს ეკონომიკური მოვლენის არსებობას.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა იგი (მოცემულ შემთხვევაში - დაბრუნდა საქონელი). კანონმდებლობა კორექტირების იმპერატიულ ვალდებულებას ადგენს ობიექტური გარემოებების დადგომისას და არ კრძალავს გადასახადის გადამხდელის უფლების რეალიზებას იმ შემთხვევაში, როცა დაბრუნების ფაქტი დასტურდება სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით (ზედნადებებით), თუმცა მეორე მხარე თავს არიდებს ფაქტურის დადასტურებას. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ დასკვნასთან და დავების განხილვის საბჭოს მითითებასთან. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ვინაიდან ორგანომ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სასაქონლო ზედნადებები და ოპერაციის რეალური ეკონომიკური შინაარსი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შეუმცირდეს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
დავების განხილვის საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით (სრულყოფილად) შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას ადგილი არ ქონია.
საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სახეზეა მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოება, გადასახადის გადამხდელს უნდა შეუმცირდეს დარიცხული დღგ-ის თანხა, ხოლო განხორციელებული ოპერაციის მონაწილე მეორე მხარეს შესაბამისად უნდა გაუუქმდეს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით (სრულყოფილად) შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით, ყოველმხრივ, სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბჭოს 9.10.2025 წლის №25832/2/2025 (რეგ. 15.10.2025 წელი; №03/72157) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით, ყოველმხრივ, სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258.81 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით, ყოველმხრივ, სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
179.