გადაწყვეტილება №26720/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26720/2/2026
28 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 24.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26720/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2152 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 315 557.64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 197 614.49
დღგ - 79 540.33
საშემოსავლო გადასახადი - 118 074.16
ჯარიმა - 91 360
საურავი - 26 583.15
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რძის პროდუქტებით ვაჭრობა. საქონელი შეძენილია იმპორტის გზით და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
დღგ-ის დეკლარაციების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 9 629 276 ლარს, ხოლო ბუღალტრულ პროგრამა ორისში 9 674 421 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა ორისი, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ, დაახლოებით 15.8%-ს, კერძოდ, 2024 წელს 15.9%-ს, ხოლო 2025 წელს 14.8%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 11%- ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15.8%), რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვა და შეადგინა 10 035 965 ლარი.
ამასთან, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით და განისაზღვრა არაგონივრული ნაშთის ოდენობა 472 297 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №20521 ბრძანება და №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.12.2025 წლის №26296/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 3.02.2026 წლის №2152 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან (რაც შეადგენს რეალიზებული საქონლის 40%- ს) მიღებული შემოსავალი აღრიცხულია ჯამურად, ჩეკების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასის დადგენა. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პროგრამაზე დაყრდნობით (სადაც გატარებები შესრულებულია ოპერაციის განხორციელებიდან თვეების შემდეგ) იდენტიფიცირებადია რეალიზაცია, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად დაბალია დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატზე, კერძოდ, ისეთ საქონელზე, როგორიცაა რძის ფხვნილი, კარაქი, ზეთი, რძის ცხიმის შემცვლელი, რომელთა წილიც მაღალია რეალიზაციაში, საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატები შეადგენს შესაბამისად 16%, 16%, 14% და 8%-ს, ხოლო პროგრამის მიხედვით, არადოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები 5%, 6%, 3%, 4%-ია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, არც საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც დავების წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული რაიმე სახის მტკიცებულება/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დადგენა (კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თითოეული საქონლის შეძენა-რეალიზაციის ოპერაციის იდენტიფიცირება). ამასთან, დავის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი, რომელიც მიწოდებული იყო შემოწმების პროცესშიც, ასევე, რამდენიმე სასაქონლო ზედნადები და საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრების რეესტრი. აღნიშნული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა რამდენიმე დოკუმენტური რეალიზაცია დააკავშირა საკონტროლო-სალარო აპარატიდან გამოწერილ ჩეკთან (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის შესაბამისი ფასნამატი), რაც გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი 620 129 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოოო ნაშთი 556 890 ლარი, რაც სრულად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2025 წლის აპრილის თვიდან. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან კი კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 277 300 ლარს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი აუდიტორების მიდგომა და გაანგარიშება არამართებულია, მათი ლოგიკა მოკლებულია გონივრულობას და არგუმენტაციას. შემოსავლების სამსახურის დავების და აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის გაცხადებულ კურსთან საკვებ პროდუქტებზე მოგების მარჟების შემცირებასთან დაკავშირებით.
არგუმენტი 1.
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი) განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებას კომპანიის მიმართ, რადგან ზედმიწევნით ასრულებდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და მის შესაბამისად წარმართავდა ბუღალტრულ აღრიცხვიანობას კომპანიაში.
შემოწმების პერიოდში, კომპანიის რეალიზაცია შეადგენს 9 მილიონ ლარს, არ გააჩნია რაიმე ადმინისტრაციული ჯარიმა ან საეჭვო ოპერაციები, ასევე ბიუჯეტში გადახდილია 1 500 000 ლარი, რაც იმას მიუთითებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არაა ორიენტირებული რაიმე თაღლითობაზე და საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდებაზე.
კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიცირებული ბუღალტერი და იგი, საბუღალტრო პროგრამის გამოყენებით, ყოველდღიურად აღრიცხავს მიმდინარე პროცესებს.
ბუღალტრული აღრიცხვა ხორციელდება საგადასახადო კოდექსის და ფასს მოთხოვნათა შესაბამისად ისე, რომ ნათელი იყოს მარაგების, შემოსავლებისა და თვითღირებულებების შეპირისპირება.
წარმოადგენს პოზიციას საგადასახადო აუდიტორების მიერ წარდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ საცალო გაყიდვებზე, რომლებზეც არაა გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები, რომელიც შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 20%-ს, ვითომდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული რეალიზაციის ფასნამატი ნაკლებია დანარჩენი რეალიზაციების მარჟებთან.
ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია 150 კვ.მ. ფართი რომელსაც იყენებს სასაწყობედ და ამ ფართიდან ხორციელდება როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა, აღნიშნულ საწყობი იტევს გარკვეულ რაოდენობას საქონლის/მარაგების. ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე, მომწოდებლებთან დადებული გარიგების თანახმად, მოწოდების ფასი დამოკიდებულია კომპანიის მიერ, პერიოდის განმავლობაში, შეკვეთილი საქონლის რაოდენობაზე, ანუ შეკვეთების რაოდენობა არეგულირებს საქონლის ფასს, რაც მეტია შეკვეთა მით ნაკლებ ფასად მოეწოდება საქონელი. შესაბამისად, კომპანია დაინტერესებულია სწრაფ რეალიზაციაში, რათა შეუკვეთოს და მიიღოს შემკვეთისგან ახალი საქონელი. საქონელი მოეწოდება ტრაილერების/ფურების მეშვეობით და იგი უნდა დაიცალოს საწყობში, შესაბამისად საწყობში უნდა არსებობდეს თავისუფალი ადგილი რათა დასაწყობდეს საქონელი. კომპანიის ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე, დაინტერესებულია ყოველი სასაქონლო პარტიის განაშთვაზე, რათა დასაწყობდეს შემდგომი განბაჟებული საქონელი. ამიტომ, წინა პარტიიდან დარჩენილ საქონლის რაოდენობაზე ახდენს მარჟის დაწევას, რათა სწრაფად გაყიდოს იგი და მოახდინოს ახალი საქონლის დასაწყობება.
შესაბამისად, საცალო გაყიდვით დარჩენილ მცირე ნაშთს ამოყიდის მცირე მარჟით, მაგრამ, მთლიან შესყიდულ პარტიაზე მას რჩება სოლიდური მოგება, რაც გაანგარიშებითაც დასტურდება და რომელიც აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს;
2. არ გააჩნია მაცივარი, ხოლო სარეალიზაციო საქონელი სასურსათო მალფუჭებად სეგმენტს განეკუთვნება, ამიტომ მათი რეალიზაცია უნდა მოხდეს დადგენილ ვადებში.
ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტი, მმართველობითი აღრიცხვის მიხედვით, ნაშთავს, რომელიმე პარტიიდან დარჩენილ საქონელს საცალო ამოყიდვის გზით, რადგან საბითუმო ბაზარის მოთხოვნები უკვე ჩამოყალიბებულია და მათ პირობების შეცვლა არარენტაბელურია;
3. ითხოვს მხედველობაში იქნეს მიღებული 2022 წლის სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ სადაც მე-10 მუხლის თანახმად განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის ანუ, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის მიზანშეწონილობა. განსახილველ შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდით დასარიცხი საბიუჯეტო გადასახადი შეადგენს 123 000 ლარს, როგორც საშემოსავლო გადასახადის სახით, ასევე 73 000 ლარს დღგ-ის სახით, საიდანაც ჩანს, რომ გონივრულობის ფარგლებში კომპანია გადასახადების გადამხდელია ზედმიწევნით და იმ ვირტუალური გამოგონილი სცენარით აჭარბებს არსებითობის ზღვარს 100 000 ლარს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება ჩაითვალოს სწორად და მართებულად. ასევე დარღვეულია ამ მეთოდიკის სხვა მუხლების მოთხოვნებიც.
არგუმენტი 2.
აუდიტორები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მთავარ არგუმენტად მიიჩნევენ, რომ კომპანიას არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სწორედ ეს პოზიცია გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
საბუღალტრო პროგრამა ორისში ზედმიწევნით არის აღწერილი სალაროს აპარატის გამოყენებით გაყიდული საქონლის ჩამოწერა, ყოველ გაყიდულ საქონელზე ამორტყმულ ქვითარზე „ჩეკზე“ აღნიშნულ ნომრით არის ჩამოწერილი შესაბამისი საქონელი, ანუ შესაძლებელია გაყიდული საქონლისა და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რაზეც წარმოადგენს შესაბამის დანართებს.
აუდიტორების არგუმენტი, რომ სალაროთი რეალიზაციის შემთხვევაში ვერ იდენტიფიცირდება გაყიდული საქონლის დასახელება ან თვითღირებულება მოკლებულია სიმართლეს.
არგუმენტი 3.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია მეწარმის ცნება და მისი არსებობის მიზანი, კერძოდ „საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა“
კანონი ციტირებს და ხაზს უსვამს მეწარმის არსებობის და შექმნის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს მოგების მიღებას და არ განსაზღვრავს ან კრძალავს, რომელიმე მომსახურების სფეროში ან წარმოების დარგში, მოგების მარჟის მინიმალურ ან მაქსიმალურ ზღვარს.
მეწარმე თავისი რისკის ფასად ეწევა საქმიანობას, მოგების მაქსიმალური ზღვარის მისაღებად და არ შემოიფარგლება, რაიმე გონივრულობისა და ვინმეს მიერ დადგენილი ლიმიტით.
საგადასახადო აუდიტორების მიერ განსაზღვრული მოგების ლიმიტირება სცდება მათ პროფესიული საქმიანობის კომპეტენციას და ზღუდავს თავისუფალი ბაზრისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, რაც საკმაოდ საშიში ტენდენციაა ისეთი განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა.
ასევე, საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტების მიერ ბაზრის ათვისების და მოცულობის კრიტერიუმებს, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პირობებს, ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ბაზრის წილის ოდენობას და ქცევის წესებს.
თუ, მეწარმე სუბიექტი წინააღმდეგობაში მოვა ზემოაღნიშნულ კანონთან, მხოლოდ კონკურენციის სააგენტოა უფლებამოსილი დააჯარიმოს ან სხვა კანონით განსაზღვრული ქმედებანი განახორციელოს მეწარმის მიმართ.
ვინაიდან, კონკურენციის სააგენტოს მიერ რაიმე ქმედებას მეწარმის მიმართ ადგილი არ აქვს, გაუგებარია საგადასახადო აუდიტორები თუ, რატომ განსაზღვრავენ რომელიმე დარგში ეკონომიკური აგენტის მისაღებ მარჟას.
დარღვეულია „მეწარმეთა შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ კანონების ფუნდამენტური მოთხოვნები თავისუფალი სამეწარმეო და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და მიაჩნია, რომ:
1. საქონლის საცალო რეალიზაციაზე „მოგების მარჟის“ ხელოვნურად მინიჭება - საგადასახადო კოდექსით დაუშვებელი მიდგომაა.
1.1. კანონში არ არსებობს მოგების მარჟის ადმინისტრაციული დადგენის ინსტიტუტი.
საგადასახადო კოდექსის არც ერთ მუხლი არ აძლევს უფლებას აუდიტორს:
• განუსაზღვროს საწარმოს „სავალდებულო მოგების ნორმა“;
• დააყენოს მინიმალური მოგების ზღვარი;
• განსაზღვროს, რომ შემოსავლების X% ავტომატურად წარმოადგენს მოგებას.
ეს ქმნის სავარაუდო დღგ-ს, რაც საგადასახადო სისტემაში არ არსებობს.
1.2. შემოსავლების სამსახური გასცდა თავის კომპეტენციას.
მარჟის ნორმის განსაზღვრა არის:
• ეკონომიკური საქმიანობის შინაარსობრივი შეფასება, რომელიც რეგულირდება საბაზრო კონკურენციისა და სამეწარმეო თავისუფლების კანონებით;
• არა — საგადასახადო ადმინისტრირების კომპეტენცია.
„კონკურენციის შესახებ“ კანონი და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი იცავს თავისუფალ მეწარმეობას.
„მოგების ნორმის ადმინისტრაციულად დაწესება“ წარმოადგენს არსებით შეზღუდვას, რომელიც კანონით არაა გათვალისწინებული.
1.3. აუდიტმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 78-ე მუხლი.
78-ე მუხლი ავალდებულებს:
• შეისწავლოს რეალური ბიზნეს-მოდელი;
• შეადაროს ფაქტობრივი მონაცემები, დოკუმენტები, ხელშეკრულებები, აქტები;
• გამოიკვლიოს ყველა გარემოება.
აუდიტორმა არ შეისწავლა წარდგენილი არგუმენტები პროდუქციის რაოდენობაზე, დანადგარების წარმადობაზე, მეწარმის და დაქირავებულთა განაწილებულ სამუშაოზე. შესაბამისად, აიწყო მხოლოდ ჰიპოთეზაზე — „ამ მოცულობას თვითონ ვერ შეასრულებდა“.
ჰიპოთეზებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება უკანონოა.
1.4. ინფოჰაბი - პრეცენდენტები.
მოძიებული იქნა მაგალითები, მსგავსი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიდგომები მსგავს კომპანიებზე, როცა რეალიზაციისას გაყიდულ პროდუქციაზე ზოგიერთ შემთხვევაში მარჟა მცირდება, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მარჟის შემცირების გრადაციაა 100%-დან 4%-მდე, ანუ მარჟა არაგონივრული გრადაციით არის შემცირებული, რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა საგადასახადო შემოწმებისას, განსახილველ შემთხვევაში კი მარჟა მცირდება 15 %-დან 5%-მდე.
აღნიშნული აჩვენებს, რომ მარჟის შემცირება სწორედ ბიზნეს საჭიროებიდან იყო გამომდინარე და არა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით გამიზნული.
2. შემოსავლების სამსახურის პოზიცია უკანონოა, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის ნორმები (78-ე, მე-80, 82-ე, 104-ე, 113-ე და 119-ე), საქართველოს კონსტიტუციის (სამეწარმეო თავისუფლება), კონკურენციის კანონის (ბაზარზე ჩარევის დაუშვებლობა), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება) მოთხოვნები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 15.8%, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი დაახლოებით 11%-ია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15.8%). ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს, აუდიტორის მიდგომას, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და პოზიციებს მარჟის ოდენობასთან, საქონლის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს, რომლებიც მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურია, ცნობილია საბჭოსათვის და სწორედ აღნიშნული, ასევე საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტები გახდა კიდეც საბჭოს მიერ (19.12.2025 წლის №26296/2/2025 გადაწყვეტილება) საჩივრის შემოსავლების სამსახურში, ხელახლა განსახილველად, დაბრუნების საფუძველი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია (რომელიც მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურია (18.12.2025 წლის № „--------“ წერილი) და ცნობილია საბჭოსათვის, რადგან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა საბჭოს 19.12.2025 წლის სხდომაზეც საჩივრის ზეპირი განხილვისას), რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან (რაც შეადგენს რეალიზებული საქონლის 40%-ს) მიღებული შემოსავალი აღრიცხულია ჯამურად, ჩეკების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასის დადგენა. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პროგრამაზე დაყრდნობით (სადაც გატარებები შესრულებულია ოპერაციის განხორციელებიდან თვეების შემდეგ) იდენტიფიცირებადია რეალიზაცია, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად დაბალია დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატზე, კერძოდ, ისეთ საქონელზე, როგორიცაა რძის ფხვნილი, კარაქი, ზეთი, რძის ცხიმის შემცვლელი, რომელთა წილიც მაღალია რეალიზაციაში, საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატები შეადგენს შესაბამისად 16%, 16%, 14% და 8%-ს, ხოლო პროგრამის მიხედვით, არადოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები 5%, 6%, 3%, 4%-ია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, არც საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც დავების წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული რაიმე სახის მტკიცებულება/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დადგენა (კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თითოეული საქონლის შეძენა-რეალიზაციის ოპერაციის იდენტიფიცირება). ამასთან, დავის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი, რომელიც მიწოდებული იყო შემოწმების პროცესშიც, ასევე, რამდენიმე სასაქონლო ზედნადები და საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრების რეესტრი. აღნიშნული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა რამდენიმე დოკუმენტური რეალიზაცია დააკავშირა საკონტროლო-სალარო აპარატიდან გამოწერილ ჩეკთან (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის შესაბამისი ფასნამატი), რაც გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი 620 129 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოო ნაშთი 556 890 ლარი, რაც სრულად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2025 წლის აპრილის თვიდან. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან კი საწარმომ შეაჩერა საქმიანობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 277 300 ლარს.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.12.2025 წლის №26296/2/2025 გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა, თუმცა იმ მიზეზით, რომ არ გამოვლენილა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 26 მარტს მომჩივნის მიერ, საჩივარზე დამატებით, წარმოდგენილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №001899526 (17.03.2026 წლის № „--------“ წერილი), რომელიც წარდგენილ საჩივარზე დამატებით გაეგზავნა (30.03.2026 წლის № „--------“ წერილით) აუდიტის დეპარტამენტს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ჩეკით გაყიდული საქონელი იშიფრებოდა თუ არა, შემოწმებით დარიცხულ ვალდებულებებს ვერ შეცვლის. ამასთან განმარტა, რომ დავის ეტაპზე წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა სადაც გაშიფრულია რა გაიყიდა და რამდენი, მაგრამ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია შემოწმების დასრულების შემდეგ არ იშიფრება, თავდაპირველად წარდგენილით არ იყო დაკავშირებული რეალიზაციის თანხებთან.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომელიც თავდაპირველად წარედგინა აუდიტორს, ყველაფერი ჩანდა და იშიფრებოდა, მაგრამ არ იყო შეყვანილი გასაყიდი ფასები, შემდგომ რაც ეს უკანასკნელი გაიშიფრა, ზუსტად ამ პროგრამის ასლი წარედგინა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რადგან აუდიტორის პოზიციით „არ იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონლის დასახელება“, იგივე ფაილები, ქვითრები, რაც ცნობილია აუდიტორისთვის, იქნა წარდგენილი და არანაირი დამატებითი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროსთვის, რომელმაც მოახდინა რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება, ანუ კვალიფიციურად დადასტურდა 10%-იანი მარჟის ნაცვლად, კომპანიის მიერ 5%-იანი მარჟის გამოყენების სისწორე, მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და შემოწმების აქტი არ არის თავსებადი, ითხოვს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებას და 5%-იანი მარჟის გათვალისწინებით გადაანგარიშებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის დაზუსტების მიზნით მომჩივანმა მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საკითხზე: საწარმოს საბუღალტრო წარმოებაში იდენტიფიცირდება თუ არა საცალოთი (დოკუმენტების გარეშე საცალო გაყიდვა) გაყიდული საქონლის (პროდუქციის) სარეალიზაციო ღირებულება, რაზეც ექსპერტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ წარდგენილი მასალების მიხედვით, საწარმოს საბუღალტრო წარმოებაში იდენტიფიცირდება, 2024 წლის 3 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ფიზიკურ პირებზე ჩეკებით რეალიზებული საქონლის ღირებულება, ასევე, იდენტიფიცირდება ამავე პერიოდში ფიზიკურ პირებზე ჩეკებით რეალიზებული საქონლის რაოდენობა და თვითღირებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2152 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემმოწმებელი აუდიტორების მიდგომა და გაანგარიშება არამართებულია.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა რძის პროდუქტებით ვაჭრობა.საქონელი შეძენილია იმპორტის გზით და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის,კამერალური საგადასახადო შემოწმება.
დღგ-ის დეკლარაციების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 9 629 276 ლარს,ხოლო ბუღალტრულ პროგრამა ორისში 9 674 421 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ, დაახლოებით 15.8%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 11%- ს. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითშემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,158,159,163,164.