ბრძანება N 2828

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 17.02.2025
№ დოკუმენტი 2828
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2828

17 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“ )

2025 წლის 13 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 13 იანვრის №93631/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №127-31 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ:

1. არ არის ჩათვლილი დღგ-ის თანხა 409 576 ლარი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა ---------).

2. ფულის ნაშთში არ არის გათვალისწინებული 2 275 423 ლარი, რომელიც გადახდილია შპს „------ -ზე “, რაზეც შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს მ.შ. ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8122 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27651 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №127-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 349 764 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 1 337 649 ლარი, ჯარიმა 710 044 ლარი და საურავი 302 071 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა გადამხდელის მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული მიღება-ჩაბარებების აქტების და ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. აღნიშნულის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ:

1. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, სხვადასხვა იურიდიულ პირებზე გაწეული მომსახურებები) განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან.

2. შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. ასევე, შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად შემოწმებით გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას, ეა-------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე და ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შპს „N1-ზე“ გადახდილი თანხის გათვალისწინებას. განმარტავს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე გადაუგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „N1-სგან“ (ს/ნ „-------“) შეძენილია ქვის სამტვრევი საამქროს კომპლექტი და მობილური ასფალტის ქარხანა ჯამური ღირებულებით 2 685 000 ლარი, რაზეც გაწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა--------. შპს „N1-ის“ (ს/ნ „-------“) მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ასახულია და დაბეგრილია 2024 წლის თებერვლის თვის დეკლარაციაში, კომპანიას დღეის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ უფიქსირდება აღიარებული დავალიანება. მომჩივანი (ს/ნ „-------“) ითხოვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლებში გათვალისწინებას, ასევე აქტივის შეძენაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვას. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ:

 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომჩივანმა (ს/ნ „-------“) შპს N1-სგან“ (ს/ნ „-------“) 2023 წლის 5 ნოემბერს იყიდა ქვის სამტვრევი საამქროს კომპლექტი და მობილური ასფალტის ქარხანა ჯამური ღირებულებით 2 685 000 ლარი.

 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით მხარეები ადასტურებენ, რომ 2024 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო ქვის სამტვრევი საამქროს კომპლექტი და მობილური ასფალტის ქარხანა ჯამური ღირებულებით 2 685 000 ლარი.

 შპს „N1-ს“ (ს/ნ „-------“) სალაროს შემოსავლის ორდერი (2 ცალი), რომელთა მიხედვით, მომჩივანმა (ს/ნ „-------“) 2024 წლის 20 იანვარს გადაიხადა 2 670 000 ლარი, ხოლო 2024 წლის 25 დეკემბერს - 15 000 ლარი.

 ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტი, რომელიც შედგენილია 2024 წლის 25 დეკემბერს მომჩივანსა (ს/ნ „-------“) და შპს „N1-სგან“ (ს/ნ „-------“) შორის, სადაც მხარეები აღნიშნავენ, რომ შედარების აქტის შედგენის თარიღისთვის დავალიანება სრულად არის გადახდილი და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 მიწის იჯარით აღების ხელშეკრულებები (შპს „-------“ (ს/ნ „-------“) და შპს „------ ს “ (ს/ნ „-------“) შორის 13.05.2022 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, ასევე შპს „------“-სა (ს/ნ „-------“) და მომჩივანს (ს/ნ „-------“) შორის 03.02.2024 წელს გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულება. გადამხდელმა ასევე წარმოადგინა 21.08.2024 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „------“-ის მიერ მიწის ფართობისა და შენობა-ნაგებობების ნასყიდობის შესახებ), რაზეც განთავსებულია აღნიშნული აქტივი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის პროცესში დაფიქსირებულ პოზიციასთან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი მიიჩნევს ,რომ არ არის ჩათვლილი დღგ-ის თანხა 409 576 ლარი.ასევე,ფულის ნაშთში არ არის გათვალისწინებული 2 275 423 ლარი, რომელიც გადახდილია შპს-ზე,რაზეც შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს მ.შ. ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას.დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ:შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება .

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),100,154,174,175.