გადაწყვეტილება №27182/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27182/2/2026
01 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27182/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15893 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №071-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2929 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 656 718.87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 374 904.78
დღგ - (-3 284.03)
საშემოსავლო გადასახადი - 378 188.81
ჯარიმა - 189 095
საურავი - 92 719.09
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №2550 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 23 თებერვლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შესამოწმებელ პერიოდში 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდიდან საწარმოს მომსახურებას უწევს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე 4 ფიზიკური პირი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდამდე კომპანიისგან შრომის ანაზღაურებას იღებდნენ ხელფასის სახით, ხოლო 2024 წლის 29 მარტს მიმართეს შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ზემოთ ხსენებულ ფიზიკურ პირებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების ანალიზით, გარდა შპს „------ - სგან“ მიღებულისა, სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ხოლო მათსა და შპს „------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო თავისი შინაარსით საოფისეორგანიზაციულია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ზემოთ ხსენებული ფიზიკური პირები ჩაითვალა კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებად, ხოლო მათზე გაცემული ანაზღაურება - ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
- საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას მის დირექტორზე გაცემული აქვს თანხები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელმა დოკუმენტი ვერ წარადგინა. საქვეანგარიშოდ გაცემული დოკუმენტურად დაუდასტურებელი განაცემები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეძენილ იმპორტირებულ საქონელზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 აპრილის №7413 ბრძანება და №071-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 622 583.30 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 19 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 14.07.2025 წლის №15893 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15893 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2025 წლის დასკვნა, 23.10.2025 წლის №23419 ბრძანება და №071-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 11 თებერვლის №2929 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაეთვალისწინებინა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა ვინაიდან შესყიდვის აქტებში მითითებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებოდათ რეალიზებული საქონლის შეძენა, ამასთან, მათი ეკონომიკური საქმიანობა არ იყო სამშენებლო-სამონტაჟო მასალებით ვაჭრობა, ასევე, შემოწმებამ ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის თაობაზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას და მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იქნა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გაწეული მომსახურება გადაკვალიფიცირდა და ზემოაღნიშნული პირები ჩაითვალა საწარმოს დაქირავებულ პირებად და მასზე ანაზღაურებული თანხები კი - ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა 20%- იანი განაკვეთით.
მომჩივანი მიუთითებს შრომის კოდექსის მე-2, მე-14 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული საქვეანგარიშო თანხების ნაწილი დახარჯულია ძირითად საშუალებებზე. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად შეძენილი აქვს ძირითადი საშულებების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები შესყიდვის აქტებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაბეგრილია ისეთი ფიზიკური პირები, რომელთანაც საწარმოს ჰქონდა გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები და ეს პირები აღნიშნულ პერიოდში არ სარგებლობდნენ თანამშრომლისთვის განკუთვნილი პირობებით (ხელფასი, ბონუსი, შვებულება, მივლინება და სხვა), როგორც კომპანიის სხვა დაქირავებული პირები. შრომითი კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად, აღნიშნული პირების თანამშრომლებად განხილვა არ იყო მართებული. აღსანიშნავია, რომ თითოეული გადარიცხვა (გადახდა) შესრულებული იყო მომსახურების ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტში, ჩათვლების შესახებ ინფორმაცია, ასევე ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები, რაც გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 10 ოქტომბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და წარდგენილი დოკუმენტაცია. დასკვნის მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაციის არ გათვალისწინების მიზეზი სრულად უსაფუძვლოა - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ვერ დაუკავშირდნენ მეორე მხარეს, რაც ნამდვილად არ არის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს გათვალისწინებული იქნას წარდგენილი დოკუმენტაცია და ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15893 ბრძანებით:
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (საწარმოს დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხელფასად განხილვა), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (დღგ-ის ჩათვლის უფლება), ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანომ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები. წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შემმოწმებელმა სცადა შესყიდვის აქტებში მითითებულ პიროვნებებთან დაკავშირება, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ ვერ დაუკავშირდა, ხოლო ვისაც დაუკავშირდა, მათგან ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის წარმოშობის თაობაზე. კერძოდ, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებოდათ რეალიზებული საქონლის შეძენა. ამასთან, მათი ეკონომიკური საქმიანობა არ იყო სამშენებლო-სამონტაჟო მასალებით ვაჭრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადსახადო ორგანომ მოითხოვა ფიზიკურ პირებს მიეწოდებინათ რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მათგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები არ დაექვემდებარა დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15893 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას წარდგენილი დოკუმენტაცია და ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდიდან საწარმოს მომსახურებას უწევს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე 4 ფიზიკური პირი.აღნიშნული მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდამდე კომპანიისგან შრომის ანაზღაურებას იღებდნენ ხელფასის სახით, ხოლო 2024 წლის 29 მარტს მიმართეს შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.ფიზიკურ პირებს, გარდა მომჩივანისგან მიღებულისა, სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ხოლო მათსა და მომჩივანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო თავისი შინაარსით საოფისეორგანიზაციულია.ზემოთ ხსენებული ფიზიკური პირები ჩაითვალა კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებად, ხოლო მათზე გაცემული ანაზღაურება - ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. - საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას მის დირექტორზე გაცემული აქვს თანხები, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა დოკუმენტი ვერ წარადგინა. საქვეანგარიშოდ გაცემული დოკუმენტურად დაუდასტურებელი განაცემები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. - გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეძენილ იმპორტირებულ საქონელზე. სსკ-ის 158-ე, 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15893 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154,158,174,175.