გადაწყვეტილება №25710/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25710/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 23.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-----/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №041-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18140 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 347 232.51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 208 004.42
დღგ - 163 136.22
საშემოსავლო გადასახადი - 44 868.20
ჯარიმა - 96 866.80
საურავი - 42 361.29
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. კერძოდ, ვაჭრობს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, აქსესუარებით და სხვა. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს სამარკო დასახელებით „-----ი“, ------ში, ------ს ქ. №---ში, იჯარით აღებულ ფართში. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 26 აპრილს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9761 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 26 აპრილიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №14439 ბრძანება და №041-31 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 347 232.51 ლარი.
აღნიშნული საგადსახადო მოთხოვნა 2025 წლის 23 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 აგვისტოს №18140 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
კომპანია სარეალიზაციო საქონლის 90%-ს იძენს ----დან და -----დან. აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა სუპერფინში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 330 635 ლარს, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაა 1 656 933 ლარი. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2022 წელს 32%-ს, 2023 წელს - 37%-ს, 2024 წელს - 41%-ს, 2025 წელს - 59%-ს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 ივლისს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა პირვანდელი ღირებულებით 333 081 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 149%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და მიღებული შედეგი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (53 კატეგორია) სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი შეადგენს 973 721 ლარს. შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი, ასევე გათვალისწინებულია სოციალურ ქსელში გაცხადებული ფასები სააქციო პერიოდებზე) საშუალო შეწონილი ფასნამატი, საშუალოდ 95%-ის ოდენობით, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდით და ისე მოახდინა რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის განსაზღვრა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად ხდება ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. საქმის მასალებით არ ირკვევა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რა მეთოდით მოხდა ფასნამატის დადგენა. ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფასნამატის განსზღვრის ერთადერთი შესაძლებლობა არის პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარება ანუ საგადასახადო ორგანოს ზუსტად შეეძლო დაედგინა ფასნამატის ოდენობა იმ გზით, რომ გამოეთხოვა ამგვარი გადასახადის გადამხდელებისგან ინფორმაცია ფასნამატის თაობაზე და შეედარებინა მომჩივნის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატთან, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო რეალურად რამდენი არის ფასნამატი პროდუქციაზე. თუმცა, შემმოწმებელს აღნიშნული არ განუხორციელებია, ხოლო აქტივების სიდიდით ან შემოსავლებისა და ხარჯების შედარებით კონკრეტული პროდუქციის ფასნამატის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, შემმოწმებელმა ჯერ დაადგინა ფასნამატი და ამ მეთოდით განსაზღვრა შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით განსაზღვრულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები. საგადასახადო კოდექსი კონკრეტულად განსაზღვრავს პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრის მიმდინარე კონტროლის პროცედურას. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მე2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში პირდაპირ მოცემულია თუ როგორ შეიძლება დადგენილი იქნას საქონლის (პროდუქციის) რეალური ღირებულება (ფასი). ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 256- ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ორჯერ, 2023 და 2025 წლებში, ჩატარდა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც არ დაფიქსირებულა საგადასახადო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი. ამასთან, საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული საშუალო ფასნამატი შეადგენდა 44%-ს. ანუ ის მეთოდი, რომელიც უპირველეს ყოვლისა დადგენილი არის რეალური ფასნამატის დადგენის მიზნით, ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ფასნამატს, თუმცა შემმოწმებელი ამას მაინც არ იზიარებს და არაპირდაპირი მეთოდით ახდენს ფასნამატის დადგენას. ამასთან, შემმოწმებლის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, როდესაც მან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გამოიყენა ფასნამატის განსაზღვრის მიზნით. შემმოწმებლებმა როგორ დაადგინეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის იურიდიული და ფაქტობრივი კავშირი გადასახადის გადამხდელთან. ასევე, ის ინფორმაცია იყო თუ არა რეალური თუ ფეიკი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში სოციალურ ქსელთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა ასეთი სახის ახსნა-განმარტება მიცემული და არც სააღრიცხვო დოკუმენტაციას არ აქვს კავშირი სოციალურ ქსელთან. მომჩივანი მიუთითებს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის პირველ, მე-3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ თუ შემმოწმებელმა სხვა სახის ინფორმაციის მოძიება განახორციელა და გასცდა კამერალურ შემოწმებასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, მაშინ კანონის დარღვევით ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებას და მოპოვებულ მტკიცებულებას არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა.
ამასთან, საყურადღებოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3ბ/1792-23), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის სააპელაციო საჩივარი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა და მისი თანმდევი აქტები. სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისია შემოწმებისთვის, უნდა იმსჯელოს ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციით, რამდენად რელევანტურია საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილისთვის. ასევე, ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია არაპირდაპირ მეთოდის გამოყენების დასაბუთებაზე. პალატა განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.საგადასახადო ორგანოს უფლება - გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. (იხ. ასევე სუსგ Nბს-779 (კ-21) 13 მაისი, 2024 წელი).
მოცემულ შემთხვეაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყნებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ არის გონივრული და არც დასაბუთებული, ასევე არ არის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რომ სწორად და ზუსტად ასახოს დასაბეგრი ბაზა და არა ნებისმიერი საფუძვლით რაც შეიძლება მეტი გადასახადი დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს. შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ საქონლის ვაჭრობისა და ფასდაკლებების განხორცილების რეალური სპეციფიკა, ასევე მის მიერ გამოყვანილი ფასნამატი არ დაყო კატეგორიებად და ერთი საერთო ფასნამატი გაავრცელა ყველა პროდუქციაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (53 კატეგორია) სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთმა შეადგინა 973 721 ლარი. შესაბამისად, დადგინდა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი, ასევე გათვალისწინებულია სოციალურ ქსელში გაცხადებული ფასები სააქციო პერიოდებზე) საშუალო შეწონილი ფასნამატი, საშუალოდ 95%-ის ოდენობით, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტში არის მოცემული, შესამოწმებლ პერიოდში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანი განხორცილებულია 890 000 ლარის ოდენობით. რომც გაიზიარონ პირველ საკითხში შემმოწმებლის პოზიცია და თანხობრივი შედეგი გაზარდონ 906 333 ლარით, სხვაობა ამ ორ თანხას შორის შეადგენს 16 333 ლარს. შესაბამისად, დასაბეგრი ბაზა უნდა განსაზღვრულიყო ამ თანხით.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არასწორია ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9761 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 26 აპრილიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14439 ბრძანება და №041-31 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 347 232.51 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 330 635 ლარს, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაა 1 656 933 ლარი. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2022 წელს 32%-ს, 2023 წელს 37%-ს, 2024 წელს 41%-ს, 2025 წელს 59%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 ივლისს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა პირვანდელი ღირებულებით 333 081 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 149%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და მიღებული შედეგი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული საგადსახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18140 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);