ბრძანება N 25304
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25304
02 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „---------“ (ს/ნ „---------“)
(მის.: „---------“)
2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 და 21 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №121 და №123) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის №23974/2/2024 გადაწყვეტილებით დაბრუნებული შპს „-------- -ს“ (ს/ნ „---------“) 2024 წლის 6 აგვისტოს №91264/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №006-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7613 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ს “ (ს/ნ „---------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 მაისს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 მაისის №12158 ბრძანება და ამავე თარიღის №006–226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 371 582 ლარი, მათ შორის გადასახადი 209 872 ლარი, ჯარიმა 114 598 ლარი და საურავი 47 112 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 მაისის №006-226 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანებით შპს „------- -ს “ (ს/ნ „---------“) 2024 წლის 6 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „------- -ს “ (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ავანსის მიღებულ შემოსავალში გათვალისწინების მართლზომიერებისა და ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 7 ნოემბრის №23974/2/2024 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის №23974/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------- -ს “ საქმიანობაა ტენდერების საფუძველზე თბილისის ზოოლოგიური პარკისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. კომპანია დღეის მდგომარეობით აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტერია, რომელიც არასრულყოფილია, რადგან დგინდება რიგი უზუსტობები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციებსა და გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებთან, ამიტომ აღნიშნული ბუღალტერიის გამოყენებით შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებისა და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებამ მოიკვლია გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ლიზინგი, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, 549 757 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის „---------“-ის მიერ კომპანიის ანგარიშიდან ფიქსირდებოდა თანხის გატანა, 334 730 ლარის ოდენობით. დირექტორის მიერ საწარმოდან გატანილ თანხაზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა თანხის გატანის მიზნობრიობა ან დადგინდებოდა თანხის სესხად გაცემის ფაქტი განსაზღვრული პროცენტით. ასევე, საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კომპანიაში დაბრუნებულია, ჯამურად 111 872 ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაუბრუნებელ თანხად, რაც დასტურდება იმითაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შედეგების თანახმად, სალაროში ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, კომპანიის ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ უპროცენტო სესხის სახით განაცემად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხაზე (111 872 ლარზე) განხორციელდა ჩათვლის მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები და შემცირდა გადასახადის გადამხდელის გადასახადის თანხა 19 742 ლარი. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტერია, რომელიც არასრულყოფილია, რადგან დგინდება რიგი უზუსტობები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციებსა და გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებთან მიმართებით. ამდენად, შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო აღნიშნული ბუღალტერიის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ მოწოდებული ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მიხედვით გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. ვინაიდან, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალება, რიგ შემთხვევებში ძირი და პროცენტის ხარჯი გადახდილია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც დასტურდება ბანკის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით. ასევე შემოწმების მიერ მოწოდებული არაპირდაპირი მეთოდით ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილებში, სრულად გათვალისწინებული არ არის შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ხარჯები (ფორმა №2-ებში მითითებული ხარჯები). შემმოწმებელი აუდიტორი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე უთითებს, რომ სრულად გავლილია ფორმა №2-ები, თუმცა კვალიფიციური კადრის გარეშე აუდიტორი ვერ შეძლებდა სრულფასოვანი სურათის მიღებას თუ რა ოდენობის და სახეობის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები იქნა გახარჯული/გამოყენებული ვინაიდან ფორმა №2-ებში სმფ-ების ნაწილი გამოყენებულია წარმოებაში (მაგალითად: ხიმინჯების, საძირკველის, მზიდი კედლების, ასევე ე. წ. კარკასის მოწყობა). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან ფორმა №2- ებით დასტურდება გაწეული ხარჯები, ითხოვს აღნიშნული გარემოების გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის კორექტირებას, რაც გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციების კორექტირებას (შემცირებას).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის, "-------"-ის, მიერ კომპანიის ანგარიშიდან ფიქსირდებოდა თანხის გატანა, 334 730 ლარის ოდენობით. დირექტორის მიერ საწარმოდან გატანილ თანხაზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა თანხის გატანის მიზნობრიობა ან დადგინდებოდა თანხის სესხად გაცემის ფაქტი განსაზღვრული პროცენტით. ასევე, საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კომპანიაში დაბრუნებულია, ჯამურად 111 872 ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაუბრუნებელ თანხად, რაც დასტურდება იმითაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შედეგების თანახმად, სალაროში ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ როგორც წინა საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, მოწოდებული ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მიხედვით გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული აღებულ სესხზე დარიცხული/გადახდილი პროცენტის ხარჯი სრულად. ვინაიდან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალება, რიგ შემთხვევაში ძირი და პროცენტის ხარჯი გადახდილია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც დასტურდება ბანკის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკით. შესაბამისად, გადამხდელს მიაჩნია, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხა უნდა შემცირდეს როგორც სესხის, ასევე, სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან (ფორმა №2-ები) დაკავშირებული ხარჯების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ს “ (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებამ მოიკვლია გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ლიზინგი, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა,დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სანქცია სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2.კომპანიის ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ უპროცენტო სესხის სახით განაცემად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხაზე განხორციელდა ჩათვლის მიღება სსკ-ის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები და შემცირდა გადამხდელის გადასახადის თანხა.ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება .
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.