ბრძანება N 12003

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 12003
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12003

24 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის (ოქმი №49) და 16 მაისის (ოქმი №51) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ --- ის (ს/ნ ---) №84206/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №007-241 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღის განსაზღვრას (2021 წლის 15 ივნისი). აცხადებს, რომ გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე იქნა დადგენილი მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების 100 000 ლარზე გადაჭარბება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, ხსენებული აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, შემმოწმებლის შენიშვნა, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა შემოწმების პროცესში არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, ი/მ --- არათუ ესწრებოდა აღნიშნულ პროცესს, არამედ, მისთვის ზოგადად ამ პროცესების შესახებ ცნობილი გახდა საჩივრის წარმოდგენამდე რამდენიმე დღით ადრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13869 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --- ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 18 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 სექტემბერს შედგა საგადასახადო 24 მაისი 2024 N 12003 შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 22 სექტემბრის №23290 ბრძანება და №007-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 807 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 268 ლარი, ჯარიმა 5 074 ლარი, საურავი 6 465 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 ნოემბრის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27734 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 23 აპრილის №21633/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27734 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. ი/მ ---- 2020 წლის აგვისტოს თვიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, ი/მ ---ს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 15 ივნისი, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ ---ს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის პირველი აგვისტოდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს და პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება შემდეგი:

2020 წლის აგვისტოს თვეში ბანკით ჩარიცხულია მომსახურების თანხა 4 020 ლარი, რაზეც არ არის გამოწერილი ზედნადები არც ამ თვეში და არც შემდეგ თვეებში;

2020 წლის სექტემბრის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 5 765 ლარი. გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად 4 000 ლარი 2020 წლის აგვისტოს და 1 765 ლარი 2020 წლის სექტემბრის თვეში;

2020 წლის ოქტომბრის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 7 462 ლარი. შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად იმავე თვეში 4 000 ლარი და 3 462 ლარი;

2020 წლის ნოემბრის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 7 462 ლარი. შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად იმავე თვეში 3 000 ლარი და 4 462 ლარი;

2020 წლის დეკემბრის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 13 489 ლარი, კერძოდ, გამოწერილია 6 888 ლარზე და 6 601 ლარზე. შესაბამისი თანხები ბანკში ჩარიცხულია სამ ნაწილად იმავე თვეში 1 600 ლარი, 5 288 ლარი და 6 601 ლარი;

2021 წლის იანვრის თვეში არ ფიქსირდება ბრუნვა არც ზედნადებებით და არც ბანკით.

2021 წლის თებერვლის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 5 166 ლარი.

შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია 2021 წლის თებერვლის თვეში 5 166 ლარი;

2021 წლის მარტის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 6 805, კერძოდ, ზედნადებები გამოწერილია 4 305 ლარზე, 1 000 ლარზე და 1 500 ლარზე. შესაბამისი თანხები ბანკში ჩარიცხულია იმავე თვეში 4 305 ლარი,1 000 ლარი და 1 500 ლარი, გარდა ამ თანხებისა, ამავე თვეში ჩარიცხულია 15 200 ლარი (რომლზეც 2021 წლის აპრილის თვეში გამოწერილია ზედნადები).

2021 წლის აპრილის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 20 940 ლარი, კერძოდ, ზედნადებები გამოწერილია 5 740 ლარზე და 15 200 ლარზე. აქედან, ბანკში 2021 წლის აპრილის თვეში ჩარიცხულია 5 740 ლარი, ხოლო 15 200 ლარის ზედნადებზე გათვალისწინებულია 2021 წლის მარტის თვის ჩარიცხვა. გარდა ამ თანხებისა, ბანკში ფიქსირდება 3 000 ლარის ჩარიცხვა, რომელზე გამოწერილი ზედნადებების იდენტიფიცირება არც ამ თვეში და არც შემდეგ თვეებში არ ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დამატებული იქნა 2021 წლის აპრილის თვის ზედნადების ბრუნვაზე და ჯამში აპრილის ბრუნვა გამოვიდა 23 940 ლარი;

2021 წლის მაისის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 8 610 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 7 032 ლარი. ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაემატა 2021 წლის მაისის თვის ზედნადების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 15 642 ლარი;

2021 წლის ივნისის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 4 592 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 3 000 ლარი და 5 000 ლარი. ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაემატა 2021 წლის ივნისის თვის ზედნადებების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 12 592 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. კერძოდ ბრუნვამ შეადგინა 102 343 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართულ დღგ-ის ბრუნვების ამსახველ ცხრილში არ არის ასახული 2020 წლის და 2021 წლის იანვარი-მაისის თვეების ბრუნვები, რადგან აღნიშნულ პერიოდში გადამხდელი არც ნებაყოფლობით და არც სავალდებულო წესით არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს. ხოლო აქტის მე-9 გვერდზე მითითებულია, რომ გაანგარიშება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით (რაც წარმოადგენს გადამხდელის საკუთრებას და შემოწმებისათვის მოწოდებულია მის მიერ) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რაზეც ასევე გადასახადის გადამხდელს გააჩნია სრული წვდომა. გადასახადის გადამხდელის შემოწმების პროცესში მონაწილეობის ფაქტს ადასტურებს მის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მასალები და ახსნა-განმარტებები. შემოწმების პროცესში ი/მ ---თან კომუნიკაცია ხორციელდებოდა როგორც სამსახურებრივი მეილის მეშვეობით, ასევე კორპორატიული ტელეფონის ნომრით. შემოწმების პროცესში სამსახურებრივ მეილზე გადმოგზავნილი აქვს ახსნა-განმარტებები/ინფორმაციები საქმიანობასა და ბანკში ჩარიცხულ სხვა თანხებზეც, რაც შემოწმების მიერ იქნა გათვალისიწინებული. ასევე, პირადად ორჯერ იმყოფებოდა შეხვედრაზე აუდიტის დეპარტამენტში.

საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვის შედეგებს ი/მ --- გაეცნო პირადად აუდიტის დეპარტამენტში შეხვედრის დროს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ ---ის საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ --- ის (ს/ნ --- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღის განსაზღვრას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მეწარმეს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის პირველი აგვისტოდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს და პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 92; 165; 159; 163; 164; 282.