ბრძანება N 8583
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8583
20.04.2023
შპს „------------“-ის (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------)
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) №20702/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №001-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში სრულად არ იქნა გათვალისწინებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხები (სალაროში), რომლის მტკიცებულებებსაც წარმოადგენს უახლოეს პერიოდში, როდესაც ხელახლა განახორციელებს საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯების დამუშავებას და სალაროს ნაშთის გამოყვანას. ასევე, მიუთითებს, რომ მშენებლობაზე არის ბევრი გაუთვალისწინებელი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, საშუალოდ 3-8%-მდე. ითხოვს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გათვალისწინებას და საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნას შესრულებული სამუშაოს მოცულობის დასადგენად. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ითხოვს ფულადი სახსრების ნაშთის კორექტირებას. ამასთან, მომჩივანი ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში 614 ლარის დარიცხვას, თუმცა გაურკვეველია რა პერიოდის და რომელ განაცემს ეხება დარიცხული თანხა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში დარიცხულ 2 045 ლარს და აცხადებს, რომ მისი საბანკო გადარიცხვები უკავშირდება მხოლოდ საოპერაციო საქმიანობას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 1 857 ლარის დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ გაურკვეველია თუ რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესამოწმებელ პერიოდს ეხება აღნიშნული დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17913 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ 405292017) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 9 დეკემბრის №31109 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 823 660 ლარი, მათ შორის გადასახადი 466 699 ლარი, ჯარიმა 247 506 ლარი და საურავი 109 455 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) შესამოწმებელ პერიოდში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს ქ. თბილისში, --------------------ში. საწარმოს 2018 წელს შეძენილი აქვს მიწა (ს/კ --------------) შპს „---------------გან“ (ს/ნ ---------------) და დაწყებული აქვს მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულებების თანახმად, 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონება. ხელშეკრულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება უძრავი ქონებების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2 116 739 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 889 831 ლარი. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 920 294 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს 2022 წლიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, ამასთან, შემოწმების პროცესში, კომპანიის მიერ, ვერ იქნა მოწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის N14323 ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 10 ივნისს, განხორციელდა შპს „------------“-ის (ს/ნ ----------) სალაროს ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. შემოწმების მიერ, ნაღდი ფულის საბოლოო ნაშთის განსაზღვრის მომენტში, გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შემოტანილი თანხები (კაპიტალი), რომელმაც შეადგინა ჯამურად 664 624 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 920 294 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად და პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის გამოუვლინდა სხვაობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების თანახმად, უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის სრული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსისა და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 23 მარტს 14:20 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა თანხმობა, რომ დავის განხილვა მომხდარიყო მისი დასწრების გარეშე.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულებების თანახმად, 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები. ხელშეკრულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება უძრავი ქონებების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 920 294 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს 2022 წლიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, ამასთან, შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ, ვერ იქნა მიწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის N14323 ბრძანების საფუძველზე, განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი (არ გააჩნდა სალარო). ასევე, ნაღდი ფულის საბოლოო ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხები (კაპიტალი). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის გამოუვლინდა სხვაობები, რითაც გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან, სალაროში შემოტანილი საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებასთან, საშემოსავლო გადასახადში 612 ლარის დარიცხვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა, არ უფიქსირდებოდა სალაროში შეტანილი თანხებით საწესდებო კაპიტალის გაზრდა (შემოწმებისთვის არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები), ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართიდან ირკვევა, რომ 612 ლარის დარიცხვა განხორციელებულია 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია (მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები), რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების თანახმად, უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რაც შემოწმებით კანონმდებლობის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაზრდილია, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსისა და ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხა შემცირებულია მთელს შესამოწმებელ პერიოდში (2019-2021 წლებში).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში დარიცხულ 2 045 ლარს და აცხადებს, რომ მისი საბანკო გადარიცხვები უკავშირდება მხოლოდ საოპერაციო საქმიანობას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 1 857 ლარის დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ გაურკვეველია თუ რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესამოწმებელ პერიოდს ეხება აღნიშნული დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს უძრავი ქონება. ხელშეკრულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება უძრავი ქონებების გადაფორმების მომენტში სრულად არის ანაზღაურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2 116 739 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 889 831 ლარი. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიერ, ნაღდი ფულის საბოლოო ნაშთის განსაზღვრის მომენტში, გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ ბანკში შემოტანილი თანხები (კაპიტალი), რომელმაც შეადგინა ჯამურად 664 624 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 920 294 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად და პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს, ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის გამოუვლინდა სხვაობები. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. შესაბამისად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
4. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსისა და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 73(4)(9)"ბ", 101(1), 136(3), 154(1)"ა", 158(1), 159(1), 163, 164(1), 174, 175(1)"ა", 176(1)"ა".
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1)(8), 173(1), 174(1)"ა"(2)"ა.ა".