გადაწყვეტილება №25032/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2025
№ დოკუმენტი 25032/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25032/2/2025

08 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25032/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფასნამატის ოდენობა;

2. წარმოების დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა;

3. ფულის ნაშთში დებიტორული დავალიანების, მივლინების დროს გაწეული ხარჯების და დარჩენილი თანხების დივიდენდად განხილვის მიზანშეწონილობა;

4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №047-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4736 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 301 322.94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 166 308

დღგ - 98 610

საშემოსავლო გადასახადი - 67 698

ჯარიმა - 83 156

საურავი - 51 858.94

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საეკლესიო აქსესუარებით ვაჭრობა, საფლავის ქვებისა და ხატების ჩარჩოების წარმოება. კომპანია მასალებს ყიდულობს ძირითადად იმპორტის გზით უკრაინიდან და ჩინეთიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით, 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №26457 ბრძანება და №047-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4736 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინდივიდუალურ მეწარმესთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული შედარების აქტი, ასევე, დებიტორებისა და მივლინების შესახებ მტკიცებულებები;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოო დანაკარგის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4736 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა, საგადასახადო შემოწმების პროცესში, წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „სუპერფინი“, თუმცა არასრული მონაცემებით, სრულად არ ჰქონდა ნაწარმოები საქონლის აღრიცხვა, მ.შ. ჩამოწერები და წარმოების კალკულაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები შეადგენდა დოკუმენტურად რეალიზებულ შემოსავალს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 თებერვლის №4117 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ასევე, ვერ დადგინდა კომპანიის ფასნამატი, არ კონტროლდებოდა საქონლის მოძრაობა, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი წარმოების კალკულაციები, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით დაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატები კატეგორიების შესაბამისად. მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის ნაწილის გახარჯვაზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება აღნიშნული თანხით საწარმოს კაპიტალში შენატანის შემცირებაზე. დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ეთანხმება და სადავოდ აღარ ხდის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის დაზუსტების მიზნით განაცხადა, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს შედარების აქტი ერთ-ერთ ინდივიდუალურ მეწარმესთან და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. თუმცა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინდივიდუალურ მეწარმესთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული შედარების აქტი. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში, სადავო საკითხის ნაწილში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანებით დამტკიცებული №10 დანართი („პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“) არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს. შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების №10 დანართი, ვინაიდან აღნიშნული დანართის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა უფლება გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. შემოწმების მიერ ფასნამატი განისაზღვრა/გავრცელდა არასწორად, არაა დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, არაა წარმოდგენილი დოკუმენტური რეალიზაციის გაანგარიშება. კომპანიის მიერ შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო განსაზღვრულიყო „დოკუმენტური ფასნამატი“ (სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია), არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია და შესაბამისად „დოკუმენტური ფასნამატი“. 2024 წლის 26 თებერვალს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია რეალიზაციის დამადასტურებელი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომლებზეც არაა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტები არაა გათვალისწინებული შემოწმების დროს, ასევე არაა გათვალისწინებული აღნიშნული რეალიზაციის მონაცემები ფასნამატის გაანგარიშებაში. ფასნამატის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად (მინუსიანი ფასნმატი) რეალიზაციის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ა“ და არც „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების პირობები. არაა გათვალისწინებული, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №10 დანართის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითება და ითხოვს აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინებას, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ ფასნამატი განისაზღვროს „დოკუმენტური ფასნამატით“, შესაბამისად, განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

2. წარმოების დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს წარმოების დროს არსებული დანაკარგის გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ დანაკარგის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზები. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოო დანაკარგის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების დროს არაა გათვალისწინებული წარმოების დროს არსებული „დანაკარგი“, რაც წარმოების განუყოფელი ნაწილია. „დანაკარგის“ დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული დანაკარგების გათვალისწინების შემთხვევაში, შემცირდებოდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები

 

3. ფულის ნაშთში დებიტორული დავალიანების, მივლინების დროს გაწეული ხარჯების და დარჩენილი თანხების დივიდენდად განხილვის მიზანშეწონილობა

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში დებიტორული დავალიანების გათვალისწინებას. ასევე, ითხოვს დირექტორის მიერ ჩინეთში მივლინების დროს გაწეული მგზავრობის, სასტუმროსა და დღიური ხარჯების გათვალისწინებას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორებისა და მივლინების შესახებ მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, რაც გათვალისწინებული არაა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ითხოვს დებიტორული დავალიანების თანხით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

შესამოწმებელ პერიოდში დირექტორი მივლინებაში იყო ჩინეთში, საქონლის მოძიების, შეძენისა და იმპორტისათვის. გაწეულია ხარჯი როგორც მგზავრობის (თვითმფრინავის ბილეთების), ასევე სასტუმროსა და დღიური ხარჯებისათვის. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ფულის მოძრაობის ანგარიშგებაში ზემოაღნიშნული თანხების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირების განხორციელებას.

კომპანიას უფიქსირდება დაგროვებული ფინანსური მოგება, ითხოვს, ხელფასად დაბეგრილი თანხის ნაცვლად, ფული დაიბეგროს მოგების განაწილებად (დივიდენდად) და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები არასრულია, კერძოდ სრულად არ არის ნაწარმოები საქონლის აღრიცხვა, მ.შ. ჩამოწერები და წარმოების კალკულაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები შეადგენს დოკუმენტურად რეალიზებულ შემოსავალს. ვინაიდან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ასევე, კომპანიის ფასნამატი, არ კონტროლდებოდა საქონლის მოძრაობა და არ იქნა წარდგენილი წარმოების კალკულაციები, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად, მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის ნაწილის გახარჯვაზეც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების გათვალისწინებით (კერძოდ, აღნიშნული თანხით კომპანიის კაპიტალში შენატანის შემცირებაზე) დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ.

ამგვარად, ვინაიდან ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები არასრულია, კერძოდ, სრულად არ არის ნაწარმოები საქონლის აღრიცხვა, მ.შ. ჩამოწერები და წარმოების კალკულაციები, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით კი ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, ფასნამატი, არ კონტროლდებოდა საქონლის მოძრაობა და არ იქნა წარდგენილი წარმოების კალკულაციები, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.

მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიურად, პირველ, მე-2 და მე-3 საკითხების ნაწილში წარმოადგენს იგივე არგუმენტებს და კვლავაც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძველი, შემოწმების მიერ ფასნამატი განისაზღვრა/გავრცელდა არასწორად, არაა დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, არ იქნა წარდგენილი დოკუმენტური რეალიზაციის გაანგარიშება. კომპანიის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო განსაზღვრულიყო „დოკუმენტური ფასნამატი“ და რომ არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, „დოკუმენტური ფასნამატი“. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია რეალიზაციის დამადასტურებელი, ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომლებზეც არაა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და რომ აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტები არაა გათვალისწინებული შემოწმების დროს, ასევე არაა გათვალისწინებული აღნიშნული რეალიზაციის მონაცემები ფასნამატის გაანგარიშებაში და ფასნამატის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად (მინუსიანი ფასნმატი) რეალიზაციის ფაქტი. ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებას. აღნიშნავს, რომ არაა გათვალისწინებული წარმოების დროს არსებული „დანაკარგი“ და რომ „დანაკარგის“ დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, რაც გათვალისწინებული არაა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ითხოვს დებიტორული დავალიანების თანხით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. ასევე აღნიშნავს, რომ დირექტორი მივლინებაში იყო ჩინეთში, საქონლის მოძიების, შეძენისა და იმპორტისათვის, გაწეულია ხარჯი როგორც მგზავრობის (თვითმფრინავის ბილეთების), ასევე სასტუმროსა და დღიური ხარჯებისათვის. ითხოვს, ფულის მოძრაობის ანგარიშგებაში ზემოაღნიშნული თანხების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას, ხოლო ხელფასად დაბეგრილი თანხის ნაცვლად, ფულის დაბეგვრას დივიდენდად.

აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაშია დაფიქსირებული, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა, პირველ სადავო საკითხის ნაწილში განმარტა, რომ ეთანხმება და სადავოდ აღარ ხდის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის დაზუსტების მიზნით შეუძლია წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს ერთ-ერთ ინდივიდუალურ მეწარმესთან გაფორმებული შედარების აქტი, რამაც განაპირობა კიდეც აღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. ამასთან, სწორედ მისი არგუმენტების საფუძველზე, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, საჩივარი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინდივიდუალურ მეწარმესთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული შედარების აქტი. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საწარმოო დანაკარგის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორებისა და მივლინების შესახებ მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამჟამად მიმდინარეობს გადაანგარიშება და ელოდება აღსრულებას, ხოლო საჩივრის საბჭოში წარმოდგენას ფორმალური ხასიათი აქვს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის მიერ პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.

 

4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლების უფლება

ფაქტების აღწერა

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმებით განსაზღვრული არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით დღგ-ის ჩათვლების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული. ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და ჩათვლილი აქვს დღგ-ის დეკლარაციებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულები/არგუმენტები არ გააჩნია და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც მიბმული არაა დღგ-ის დეკლარაციებზე და შესაბამისად არაა დღგ-ის თანხა ჩათვლილი.

ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ჩასათვლელი დღგ-ის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები და განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ- ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

შემოწმებით დღგ-ის ჩათვლების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული. ამასთან, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და ჩათვლილი აქვს დღგ-ის დეკლარაციებით.

ასევე, საყურადღებოა ამავე ბრძანებაში დაფიქსირებული, საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულები/არგუმენტები არ გააჩნია.

მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს, ხოლო საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბჭოს სხდომაზეც, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტს გაამყარებდა. ამდენად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფასნამატის ოდენობა;

2. წარმოების დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა;

3. ფულის ნაშთში დებიტორული დავალიანების, მივლინების დროს გაწეული ხარჯების და დარჩენილი თანხების დივიდენდად განხილვის მიზანშეწონილობა;

4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები არასრულია, კერძოდ სრულად არ არის ნაწარმოები საქონლის აღრიცხვა, მ.შ. ჩამოწერები და წარმოების კალკულაციები. ვინაიდან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ფასნამატი, არ კონტროლდებოდა საქონლის მოძრაობა და არ იქნა წარდგენილი წარმოების კალკულაციები, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად, მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის ნაწილის გახარჯვაზეც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების გათვალისწინებით (კერძოდ, აღნიშნული თანხით კომპანიის კაპიტალში შენატანის შემცირებაზე) დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159