გადაწყვეტილება №24009/2/202

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2024
№ დოკუმენტი 24009/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

24009/2/2024

07 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ ის 27.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24009/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20902 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 339 692,88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 180 443

დღგ - 93 104

საშემოსავლო გადასახადი - 87 339

ჯარიმა - 90 674

საურავი - 68 575,88

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა თამბაქოს პროდუქტებით, ვეტერინარული პრეპარატებითა და საბავშვო ჰიგიენით საცალო ვაჭრობა, მათ შორის დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29754 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, კომპანიის ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 866 500 ლარს, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული შემოსავალი - 482 112 ლარს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №30320 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები გაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება მცირე რაოდენობის დოკუმენტური რეალიზაცია (დოკუმენტური რეალიზაციის რპთ ნაკლებია 2%-ზე). შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი საქონელი დაიყო სახეობებად (ჯგუფებად), თითოეულ სახეობაზე (ჯგუფზე) გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაციის) შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატი. შედეგად, 813 552 ლარით (დღგ-ის გარეშე), გაიზარდა მომჩივნის მიერ დეკლარირებული შემოსავალი მათ შორის, დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა 703 589 ლარით, ხოლო გათავისუფლებული შემოსავალი 109 963 ლარით.

გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. მომჩივანს, დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 211 694 ლარს. დეკლარაციაზე მიბმული მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 30 389 ლარს. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე მუხლების მიხედვით, მიღებული ანაგრიშ-ფაქტურების საფუძველზე 30 389 ლარით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

ასევე, შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, რის საფუძველზეც დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 370 000 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე), დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. ამასთან, არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი (საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაშთი შეადგენს 30 000 ლარს). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრები ნაშთი 370 00 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 164-ე და 81-ე მუხლების მიხედვით, ხოლო კომპანიას, საშემოსავლო გადასახადში თანხის შემცირებისთვის, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2024 წლის №22825/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის დასკვნა და 15 მაისის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 19.06.2024 წლის №14390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14390 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.08.2024 წლის №23522/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 25.09.2024 წლის №20902 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 302-ე, 304-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, განმარტავს რომ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანებით უკვე შესწავლილია და დაკმაყოფილებულია (დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები) აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ასევე, განსახილველ საჩივარს დამატებით ახალი მტკიცებულებები/დოკუმენტები, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი არ ახლავს.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმებით ფასნამატის გაანგარიშებას, ვინაიდან არ იქნა საქონელი დაჯგუფებული სახეობების მიხედვით. მართალია, რომ განცალკევებული საქონლის მიმართ შემოწმებამ დააჯგუფა საქონელი სახეობების მიხედვით, თუმცა ბევრი საქონლის შესაბამის ჯგუფებში დაკავშირება არ განხორციელებულა. ვერ ნახა საქონლის შეძენის დოკუმენტი და ვერ დაადგინა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, რამაც ზეგავლენა იქონია კონკრეტული საქონლის ჯგუფის საშუალო ფასნამატზე. მაგალითისთვის: ყავის ჯგუფის შემთხვევაში შემოწმებამ დაადგინა ფასნამატი 31%, სინამდვილეში კი აღნიშნულ ჯგუფში შემავალი საქონლის საშუალო ფასნამატი არის 28%. აღნიშნული სწორედ იმით არის განპირობებული, რომ გარკვეული საქონლის თვითღირებულება შემოწმებამ ვერ დაადგინა. ანალოგიური სურათია თამბაქოზეც. ყველა საქონელი არაა დაჯგუფებული სახეობების მიხედვით და გაერთიანებულია სხვა დანარჩენ ჯგუფში. რამაც განაპირობა შემოსავლის ხელოვნური გაზრდა.

ასევე, გაზიანი სასმელების შემთხვევაში გავრცელებულია 19%, ხოლო საქონლის ფასნამატი არის 13%. ამასთან, მათემატიკური შეცდომებია დაშვებული. მაგ: 0,5 გრ ფანტა შემოწმებით არის 41%, ფასნამატი რეალურად კი არის 17%. შესაბამისად, უდავოა რომ ფანტის საკითხი არ არის შესწავლილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნით შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არსებული მონაცემები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) მხოლოდ ერთი ჯგუფის ფასნამატი (შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 34% შემცირდა 29%-მდე, შესაბამისად დაკორექტირდა დარიცხული თანხები.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შპს „-----ის“ მიერ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანებით უკვე შესწავლილია და დაკმაყოფილებულია (დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები) აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ამასთან, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20902 ბრძანების გასაჩივრების დროს არ წარმოუდგენია ახალი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულებით არ ჰქონდა შესწავლილი და დაკმაყოფილებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №29754 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2024 წლის №22825/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და №14390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის №14390 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №23522/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №20902 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“); 163(1 და მე-2); 164(1);