გადაწყვეტილება №27679/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27679/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27679/2/2026).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №001-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12314 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 820 407,22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 500 124,20
დღგ - 189 521,2
საშემოსავლო გადასახადი - 310 603
ჯარიმა - 249 538,8
საურავი - 70 744,22
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფქვილით ვაჭრობა. საქონელი შეძენილი აქვს როგორც იმპორტით („-------“-დან), ისე ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.05.2023 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №001-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12314 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 808 219 ლარს. თავდაპირველად, მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 1.10.2025 წელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“.
საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 3 252 700 კგ ფქვილის შეძენა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 2 575 150 კგ ფქვილი. შესაბამისად, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული ფქვილის ღირებულება შესაბამისი პერიოდის საშუალო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნულს დაემატა რეალიზებული სხვა საქონლის (ფარიმანი, ზეთი, მანის ბურღული) ღირებულებაც და დღგ-ის ბრუნვის სხვაობამ შეადგინა 1 052 892 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს ასვე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს „-------“-ზე მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ფქვილის კატეგორიის 3 ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ყველა ფქვილი განხილული იყოს ერთიან კატეგორიად. კომპანია ახდენდა 50 კგ-იანი უმაღლესი და პირველი ხარისხის ფქვილების რეალიზაციას და მათი ცალ-ცალკე კატეგორიებად განხილვამ გამოიწვია უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნაშთების გამინუსება, ხოლო პირველი ხარისხის ფქვილის საქონლის ნაშთის დანაკლისი და ასევე, უმაღლესი ხარისხის ფქვილის „უდოკუმენტო შეძენად“ მიჩნევა და ნაშთების გაზრდა. ე.წ. „გამინუსება“ გამოწვეულია სასაქონლო ზედნადებების გამოწერის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომებით, რადგან არასწორად იყო საქონლის სახეობები მითითებული, ამდენად, სამართლიანი და სწორი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის საჭიროა საქონლის კატეგორიების გაერთიანება, რაც გამოიწვევს დუბლირებული დარიცხვის შემცირებას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. თუ აღნიშნული არ იქნება გათვალისწინებული ე.წ. „უდოკუმენტო შეძენაზე“ გამოყენებულ იქნას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შემცირდეს ხელფასად განხილული თანხა და ასევე, შეძენილ ფქვილზე მისაღები დღგ-ის თანხაც.
ფქვილის რეალიზაციისას გასაყიდი ფასი სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა მომხმარებლების მიხედვით განსხვავდებოდა. იმპორტით შეძენის დროს თვითღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, როგორც პერიოდის, აგრეთვე ფქვილის კატეგორიის მიხედვით და არა საშუალოდ წლის განმავლობაში ჯამურად შეძენების მიხედვით, ვინაიდან ერთიანი წლიური საშუალო ფასით რეალიზაციის გაანგარიშება ვერ ასახავს კომპანიის რეალურ ბრუნვას და იწვევს საბოლოო შედეგების დამახინჯებას. სარეალიზაციო ფასი უნდა გაანგარიშდეს საშუალო თვის და არა წლის ფასით.
საშუალო ფასის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია შპს „-------“ („-------“) სარეალიზაციო ფასები, თუმცა აღნიშნულ ქსელში პროდუქციის მიწოდება ხდებოდა არსებითად მაღალ ფასად, რაც ამოვარდნილია ფასების დინამიკიდან. შესაბამისად, საშუალო ფასის გაანგარიშების ცხრილიდან ამოღებულ უნდა იქნეს „-------“-ზე რეალიზაციის დოკუმენტები. გაანგარიშება გავლილია შემმოწმებელთან ერთად საგადასახადო დავის პროცესში და აღნიშნულის გათვალისწინება არსებითად შეამცირებს დარიცხვას.
2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია კომპანიამ მოგვიანებით დააზუსტა, თავდაპირველი დეკლარაციის (№„-------“) მიხედვით დაბეგრილი ბრუნვა შეადგენდა 53 848 ლარს, ხოლო დაზუსტებული დეკლარაციის (№„-------“) წარდგენის შემდეგ აღნიშნული თანხა გაიზარდა 145 842 ლარამდე. აღნიშნული დაზუსტება განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, რის შედეგადაც კომპანიამ რეალიზაციის გაზრდილი მოცულობა თავადვე ასახა დეკლარაციაში და გაზარდა რეალიზაციის მოცულობა, თუმცა ამ რეალიზაციის ზრდის პროპორციულად ფქვილის ჩამოწერა არ მომხდარა და არც შემოწმების მიერ განხორციელებულა დეკლარირებული თანხის შემცირება ამავე თვეში. ითხოვს, რომ დამატებით იქნას შესწავლილი 2025 წლის იანვარში დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით ჩამოსაწერი ფქვილის საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.
მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთის ოდენობას და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ შეიცავდა არსებით ხარვეზს და შემოწმების ბოლოს არსებული მარაგების ნაშთი პროგრამაში არ იყო სწორად ასახული. 2025 წლის ივნისში, ივლისსა და არასრულ აგვისტოს თვეზე განხორციელებული იყო დიდი მოცულობის რეალიზაცია, მაშინ როდესაც იმპორტით დამატებითი შეძენა არ მომხდარა, ამდენად, აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ რეალურად არსებობდა ფქვილის ნაშთი, რომლის რაოდენობაც არ არის გათვალისწინებული. უნდა დაკორექტირდეს შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთი და აღნიშნულის შესაბამისად გადაანგარიშდეს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს პროდუქციის შესაძენად, 2025 წლის 27 მარტს, აღებული აქვს სესხი ბანკიდან 450 000 ლარის ოდენობით, რაც მთლიანად დამატებულია ფულის მოძრაობაში და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემდგომ პერიოდში ბანკის ვალდებულება შემცირებულია 397 000 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც საჩივრების დანართად წარმოდგენილია სესხის გრაფიკი.ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას, ხოლო თუ აღნიშნული არ იქნება გათვალისწინებული ითხოვს ზემოაღნიშნული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ არის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დასტურდება კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან, მაგალითად ტრანსპორტიორ პირებზე გადახდილი თანხები და სხვა მსგავსი ხარჯები, რომლებზეც არაა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები.
ასევე არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საკასო ხარჯი და საკასო შემოსავლის ნაწილი არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის გათვალისწინებით შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის საკითხი.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აღნიშნულ საკითხი საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს, როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ ჩათვლის ნაწილში არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ეა-"-------" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, დღგ-ის თანხა 4 080 ლარი) და ასევე მცირე თანხიანი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც ასევე წარმოდგენილია საჩივრების დანართის სახით ცხრილში. ასევე, მიუთითებს, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, გასათვალისწინებელია იმპორტის დღგ, რომლითაც შეძენილია ძირითადი საშუალება, ტექნიკა დღგ-ის თანხით 1 980 ლარი, რაზეც წარმოდგენილია დანართის სახით საბაჟო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №001-17 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი - 500 124,20 ლარი, დაეკისრა ჯარიმა - 249 538,8 და საურავი - 70 744,22 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
7. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: პირველ სადავო საკითხთან დაკვშირებით, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს „-------“-ზე მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალების, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთის ოდენობას.
2.მომჩივანი ითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის გათვალისწინებით შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის საკითხი.
3.მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
4.მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 808 219 ლარს. თავდაპირველად, მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 1.10.2025 წელს შეეფარდასსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.გადამხდელს უფიქსირდებოდა 3 252 700 კგ ფქვილის შეძენა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 2 575 150 კგ ფქვილი. შესაბამისად, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის რეალიზებული ფქვილის ღირებულება შესაბამისი პერიოდის საშუალო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნულს დაემატა რეალიზებული სხვა საქონლის ღირებულებაც და დღგ-ის ბრუნვის სხვაობამ შეადგინა 1 052 892 ლარი, რაც სსკ-ის 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული სხვაობა სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს ასვე დაეკისრა ჯარიმა.
2.მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
3.აღნიშნულ საკითხი საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული არ არის.
4.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი ,დაეკისრა ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკვშირებით,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადამხდელს მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,163,164,174,275.