გადაწყვეტილება №24039/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24039/2/2024
27 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ს 2.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24039/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2024 წლის №127-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20387 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 312 107,27 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 163 145
დღგ - 113 217
მიწა (არასასოფლო) – 2 310
საშემოსავლო გადასახადი - 47 286
ქონების გადასახადი - 332
ჯარიმა - 81 077
საურავი - 67 885,27
პროცედურული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა მეორადი და ახალი საყოფაცხოვრებო ავეჯით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის მეშვეობით (თურქეთი, ჩინეთი). რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3478 და 28 მარტის №6740 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივლისის №16552 ბრძანება და №127-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20387 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა
მეწარმე ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 30% არის დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო 70% არის დოკუმენტის გარეშე (საცალო). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 25%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3884 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად 2024 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 596 205 ლარი.
საქონლის დასახელებების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა/რეალიზაციის გათვალისწინებით დადგენილი ნაშთისა (ბუღალტრული) და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა სახეობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები. ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების განსაზღვრის მიზნით საცალო რეალიზაციისათვის გამოვლენილ ფასნამატს. ამბობს, რომ ბევრად მეტია ვიდრე მათი საქმიანობის პროცესში რეალიზებული საქონლის ფასნამატი. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის გამოვლენისას შეპირისპირებულია რეალიზაცია და 2-4 წლის წინ შეძენილი საქონლის შეძენის ფასი. 2 წლის განმავლობაში იცვლება/იზრდება ფასები და ასეთი ფასნამატის გასაანგარიშებლად გამოყენება არასწორია. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატებში გამოყენებულია შორს მყოფი ობიექტების ტრანსპორტირების რეალიზაციის ხარჯები. ესეთი რეალიზაციის ზედნადებები არ არის გასათვალისწინებელი საშუალო დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებისას.
ამასთან, გაანგარიშებისას არის შემთხვევები როდესაც 2021 წელს ზედნადებით რეალიზებული საქონლის ფასი შეპირისპირებულია 2023 წელს შეძენილ საქონლის ფასთან რაც არასწორია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ოქტომბრის №"-------" წერილი საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, რომ მეწარმე ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. მომჩივანს 30% აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო 70% არის დოკუმენტის გარეშე (საცალო). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 25%. ამასთან, მომჩივნის მიმართ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით, 2024 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, შეადგინა 596 205 ლარი.
პირველადი დოკუმენტების შესწავლით საქონლის დასახელებების მიხედვით სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენა/რეალიზაციის გათვალისწინებით დადგენილი ნაშთის და ფაქტობრივი ნაშთის ურთიერთშედარებით, გამოვლინდა სხვაობა საქონლის სხვადასხვა სახეობებზე. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. ამდენად, დაკორექტირდა მომჩივნის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. ამასთან, დაკორექტირდა მომჩივნის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და გაანგარიშდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების განსაზღვრის მიზნით საცალო რეალიზაციისათვის გამოვლენილ ფასნამატს. ამბობს, რომ ბევრად მეტია ვიდრე მათი საქმიანობის პროცესში რეალიზებული საქონლის ფასნამატი. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის გამოვლენისას შეპირისპირებულია რეალიზაცია 2-4 წლის წინ შეძენილი საქონლის შეძენის ფასს, ესეთი რეალიზაციის ზედნადებები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული საშუალო დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებისას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე დადგენილი იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებული იქნა იმავე პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში. ამდენად, შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის (ჯგუფის) საქონლის თვითღირებულებაზე. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტური ფასნამატის გამოვლენისას შეპირისპირებულია რეალიზაცია 2-4 წლის წინ შეძენილი საქონლის შეძენის ფასს შორის საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბოლოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის ღირებულებიდან გამოყვანილია საშუალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 66%.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 27 144 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების (სატრანსპორტო, კვების, სამშენებლო და ა.შ.) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა (შემცირდა) მომჩივნის დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურების უმეტესობა შეადგენს იჯარით აღებულ ფართში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილ მასალებს და მომსახურების ანგარიშფაქტურებს. შესაბამისად დღგ-ის ჩათვლა ეკუთვნოდათ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში -საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 27 144 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების (სატრანსპორტო, კვების, სამშენებლო და ა.შ.) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა (შემცირდა) მომჩივნის დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურების უმეტესობა გამოწერილია იჯარით აღებულ სამუშაო ფართში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილ მასალებსა და მომსახურებაზე.
სადავო საკითხზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ოქტომბრის №"--------" წერილი საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული მასალების გამოყენების ფაქტი ეკონომიკურ საქმიანობაში არ იკვეთება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია იჯარით აღებული ფართის რემონტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი დავის განხილვის ეტაპზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების განსაზღვრის მიზნით საცალო რეალიზაციისათვის გამოვლენილ ფასნამატს.
2.მომჩივანი განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურების უმეტესობა შეადგენს იჯარით აღებულ ფართში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილ მასალებს და მომსახურების ანგარიშფაქტურებს. შესაბამისად დღგ-ის ჩათვლა ეკუთვნოდათ.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები. ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა სანქცია.
2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული აქვს 27 144 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა მომჩივნის დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,102,174,175.