ბრძანება N 4344
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4344
25 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 9 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 30 იანვრის №100494/1/2026, №100488/1/2026 და 19 თებერვლის №100914/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №094-54 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების ფარგლებში კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებები არ წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებების შესყიდვის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა მოკლებულია სამართლებრივ და შინაარსობრივ საფუძველს. გადამხდელი განმარტავს, რომ სამშენებლო მომსახურების გასაწევად მომსახურების შესყიდვას ახდენდა შპს „-----“. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონოდა შპს „-----“, როგორც დამკვეთის საკუთრებაში არსებული მასალების გამოყენებით შპს „-----“ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას და შესაბამისად მომსახურების გაწევას. შპს „----“ მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული მასალები სრულად გამოყენებულია მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად და შესაბამისად ასახულია დამკვეთებისთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ ფორმა №2-ში. თუ დავუშვებთ, რომ შემმოწმებლის მიერ მარაგები დაბეგრილ იქნა იმ მოტივით, რომ მათი გამოყენაბა მოხდა შპს „-----“ მიერ კომპანიისთვის მოწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში, ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის ე.წ. გაცვლის/ბარტერული სახის გარიგებას, რომელის ფარგლებშიც თავის მხრივ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ შპს „-----“ მიერ ადგილი აქვს შპს „------“ ამ მასალების მიწოდებას. აცხადებს, რომ შესყიდული მარაგების ღირებულების ნაწილში ოპერაციის ბარტერულ გარიგებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დაბეგვრის სამართლებრივი ნორმები. ბარტერული ოპერაციის განხორციელებისას გარიგების მონაწილე თითოეული მხარე უფლებამოსილია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც ხორციელდება დღგ-ის თანხის ჩათვლა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას შესყიდულ სასაქონლომატერიალურ ფასეულოებებზე/მომსახურებაზე, ასევე, ქვეკონტრაქტორისთვის - შპს „-----“ დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს „----“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდიდან შპს „----“ 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს შპს „-----“ (ს/ნ -----). შპს „-----“ გადაწყვეტილების (პარტნიორთა კრების ოქმების) საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა შვილობილი კომპანიის - შპს „-----“ დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების/შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებას. სწორედ დაგროვილი/შუალედური მოგების დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორის გადაწყვეტილების და დავალების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ მიერ შესაბამისი ფიზიკური პირებისთვის თანხის ჩარიცხვა. აცხადებს, რომ შემმოწმებლისთვის წარდგენილ იქნა ზემოთხსენებულ თანხებთან დაკავშირებით პარტნიორთა კრების ოქმები, რომლებიც ადასტურებენ შპს „-----“ მიერ შპს „-----“ დივიდენდის განაწილებას. ასევე, წარდგენილ იქნა დამატებითი ახსნა-განმარტება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, იძლეოდა თუ არა თანხების დივიდენდის სახით გაცემის შესაძლებლობას. წარდგენილ იქნა ინფორმაცია 2022-2025 წლების მოგება-ზარალის შესახებ. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის მონაცემების მიხედვით კომპანიას სრულად გააჩნდა 2022 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდებში ჯამურად 125 190 000 ლარის მოცულობის დივიდენდის დამფუძნებელ კომპანიაზე განაწილების რესურსი. ასევე, წარუდგინა დივიდნედის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „-----“ წილის გასხვისების ხელშეკრულება. აღნიშნავს, რომ ფინანსური რესურსის არ არსებობის შემთხვევაშიც კი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან დივიდენდის მიმღებს წარმოადგენს რეზიდენტი საწარმო. აცხადებს, რომ არ არსებობს ოპერაციისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული კვალიფიკაციის შეცვლის რაიმე საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12741 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №29050 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №094-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 055 081 ლარი, მათ შორის, გადასახადი 12 701 703 ლარი, ჯარიმა 6 366 709 ლარი და საურავი 4 986 670 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1-2. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები, გაწეულ მომსახურებებზე გადახდის სერთიფიკატები და ჯამური ხარჯთაღრიცხვები, ასევე, ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების საიტისა და გადახდის სერთიფიკატებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაც არსებითად განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერების საიტზე არ არის ატვირთული ფორმა 2-ები, არც გადამხდელის მიერ არის გამოწერილი საფ-ები, შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საბანკო გადარიცხვებს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებულ ნაწილს, რის შედეგადაც საბანკო ჩარიცხვებსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის გამოვლინდა არსებითი სხვაობები. შემოწმებით გაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა და დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად გაიზარდა. ასევე გაანგარიშდა კუთვნილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის „დამატებული ღირებულების გადასახადის“ მოთხოვნების შესაბამისად გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაანგარიშდა კუთვნილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ფულის მოძრაობა პირდაპირი მეთოდით, საბანკო ამონაწერების მიხედვით. საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ გატანილი აქვს თანხა დირექტორს, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელს, რომლის საქვეანგარიშო თანხად დაკვალიფიცირება ამ ეტაპისათვის ვერ ხდება. გამოთხოვილ იქნა მესამე პირისგან აღნიშნულზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაცია. აღნიშნული თანხა ჩაითვალა შპს „-----“ დირექტორზე სახელფასო განაცემად. შემოწმებით განისაზღვრა საშემოსავლო გადახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს მხოლოდ ქვეკონტრაქტორის - შპს „-----“ მეშვეობით. გადამხდელს 2022 წელს უფიქსირდება სმფ-ების შეძენა, რომელიც მიწოდებულია შპს „-----“, თუმცა აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსაველბის სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის ღირებულებით მართლზომიერად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას, კერძოდ:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შესყიდულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულოებებზე დღგ-ის თანხის ჩათვლას ამ ფასეულობების თანხის დაბეგვრის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული საქონელი გამოყენებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში - დამკვეთების მიმართ მიწოდებულ სამშენებლო სამუშაოებში.
შპს „----“ საგადასახადო შემოწმების პარალელურად განხორციელდა შპს „-----“ 2022 წლის შუალედური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შპს „-----“ დამატებით დაერიცხა დღგ შპს „-----“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „-----“ მიერ ადგილი აქვს შპს „-----“ მიღებული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებას. შესაბამისად, შპს „-----“ უფლებამოსილია მიიღოს დღგ-ის თანხის ჩათვლა შპს „-----“ მიმართ საგადასახადო შემოწმების ფარლებში შპს „------“ მიერ შპს „-----“ მიღებულ საკომპენსაციო თანხაზე ან/და გაწეულ მომსახურებაზე დარიცხულ დღგ-ის თანხებზე. ვინაიდან შემოწმების ფარგლებში კომპანიას შეეზღუდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების და შესაბამისად დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამოსილება, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას შპს „------“ დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.
გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს 2022 წლის იანვარი-მარტის საანგარიშო პერიოდებში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს, რომლის თანახმად დადგენილია, რომ კომპანიიდან თანხა გატანილი აქვს დირექტორს, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელს, რომლის საქვეანგარიშო თანხად/განაწილებულ დივიდენდად დაკვალიფიცირება ვერც შემოწმების პროცესში განხორციელდა და ვერც დავის წარმოების პროცესში იქნა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მართლზომიერად განხორციელდა დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს „------“ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს, როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების ფარგლებში კომპანიის მიერ შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.
2.გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას შესყიდულ სასაქონლომატერიალურ ფასეულოებებზე/მომსახურებაზე, ასევე, ქვეკონტრაქტორისთვის - შპს -თვის დარიცხული დღგ-ის თანხის ჩათვლას.
3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებელსა და თანამშრომელზე გაცემული თანხის შპს-ს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ახორციელებს სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შემოწმების შედეგად გადამოწმდა დღგ-ის ბრუნვა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივი ბრუნვა აღემატებოდა დეკლარირებულს. შესაბამისად, ხელახლა გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ასევე, საბანკო ამონაწერების ანალიზით გამოვლინდა, რომ კომპანიიდან თანხები გატანილი იყო დირექტორის, დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებლისა და თანამშრომლის მიერ. ვინაიდან აღნიშნული თანხების საქვეანგარიშო დანიშნულება ვერ დადასტურდა, ისინი დაკვალიფიცირდა დირექტორის სახელფასო განაცემად. ამის საფუძველზე განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;101;159;163;164;174;175;176;154