ბრძანება N 24727

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.11.2024
№ დოკუმენტი 24727
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24727

25 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის და 14 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №101 და №121) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 სექტემბრის №22576/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ "------") 2024 წლის 23 იანვრის №87030/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №065-52 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. განმარტავს, რომ წარმოადგენს ხე-ტყის მომპოვებელ-გადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც თავისი საქმინობის ფარგლებში იყენებს, როგორც სპეცტექნიკას, ასევე „კამაზისა“ და „ურალის“ ტიპის ავტომანქანებს. აცხადებს, რომ ხე-ტყის მოპოვება ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში, "------"-ის სატყეო უბანში. აღნიშნავს, რომ ტყეში სავალი გზები რთული რელიეფისაა, ავტომანქანებს უწევთ 1-2 სიჩქარით მოძრაობა. ორივე მანქანას აქვს ჩადგმული „კრაზის“ ძრავი, რაც 80 ლიტრი საწვავის ხარჯს მაინც წარმოქმნის. გარდა ამისა, გზა, რომელზეც მორებით დატვირთული მანქანა გადაადგილდება არ არის ქალაქის ასფალტირებული გზა და საწვავის ხარჯი ასეთი საქმიანობის სპეციფიკისა და გზების მდგომარეობის გათვალისწინებით განსხვავებულია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს ირანის რესპუბლიკაში. აცხადებს, რომ კომპანიის მიმართ ირანის მხარეს აქვს დებიტორული დავალიანება 284 407 ლარის ოდენობით. მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ კრძალავს ვალის პირობით პროდუქტის რეალიზაციას. გადამხდელი ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ფიცარი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას, იღებს ნესტს, იცვლის ფერს, იჩენს ნახეთქებს, ამიტომაც კომპანიას ბიზნესის წარმოებისას ურჩევნია დამკვეთს, თუნდაც ვალის პირობით მიაწოდოს საქონელი, ვიდრე დაასაწყობოს და მასალა გააფუჭოს. აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში დებიტორული დავალიანების წარმოქმნისას ირანის რესპუბლიკაში იყო დოლარის ვალუტასთან დაკავშირებული კრიზისი, მთელ მსოფლიოში იყო კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები, რამაც წარმოქმნა ბიზნესთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22725 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ "------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33214 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №065-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 55 336 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 35 497 ლარი, ჯარიმა 16 874 ლარი და საურავი 2 965 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 23 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4182 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 სექტემბრის №22576/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4182 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 სექტემბრის №22576/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებით დადგინდა შემდეგი: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ავტოტრანსპორტზე/სპეცტექნიკაზე გახარჯული საწვავის ჩამოწერის აქტები, რომლითაც დგინდება რომ „კამაზის“ მარკის სატვირთო ბორტიან ავტომობილზე 110 კილომეტრიანი მანძილის დაფარვისას ჩამოწერილია 90 ლიტრი საწვავი, ხოლო „ურალის“ მარკის ავტომობილზე იგივე მანძილის დასაფარად ჩამოწერილია 100 ლიტრი საწვავი. შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯი, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება გადამხდელის მიერ ჩამოწერილ მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მიხედვით ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებით დადგინდა შემდეგი: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული დავალიანების თანახმად, პირს გააჩნია მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელისგან მოთხოვნილი იყო შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა. შემოწმების ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა გადამხდელის მხრიდან ვერ მოხერხდა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია ფულადი სახით შენატანები 187 410 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით და ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილია ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი გახარჯული საწვავის ჩამოწერის აქტების მიხედვით დგინდება, რომ „კამაზის“ მარკის სატვირთო ბორტიან ავტომობილზე 110 კილომეტრიანი მანძილის დაფარვისას ჩამოწერილია 90 ლიტრი საწვავი, ხოლო „ურალის“ მარკის ავტომობილზე იგივე მანძილის დასაფარად ჩამოწერილია 100 ლიტრი საწვავი, ხოლო შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯი, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება გადამხდელის მიერ ჩამოწერილ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ განიხილა ზედმეტად ჩამოწერილი საწვავი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და გააუქმა აღნიშნულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა განმარტა, რომ საქმინობის ფარგლებში იყენებს, როგორც სპეცტექნიკას, ასევე „კამაზისა“ და „ურალის“ ტიპის ავტომანქანებს. ხე-ტყის მოპოვებას ახორციელებს მაღალმთიან რეგიონში, სადაც სავალი გზები რთული რელიეფისაა და საწვავის ხარჯი ასეთი საქმიანობის სპეციფიკისა და გზების მდგომარეობის გათვალისწინებით განსხვავებულია. ამასთან, გადამხდელმა თავისი პოზიციის დასადასტურებლად გამოთქვა მზაობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა საწვავის ხარჯთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელს გააჩნდა დებიტორული მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნა ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, შემოწმების დასრულების შემდეგ საწარმოსთვის სრულად იქნა დაფარული დებიტორული მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და პირველ პუნქტს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად.

საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებამ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე. სსკ-ის 98² მუხლის მიხედვით ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,174,175.