ბრძანება N 19743
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19743
07 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 აგვისტოსა და 4 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი N 76 და N 79) განიხილა ----- (ს/ნ ----- ) N 103879/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 ივლისის N EL320324 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL11111/55 (N 001-55) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 26 აპრილს ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებდა მისი კუთვნილი კომერციული ტვირთის გადაზიდვას საქართველოში, ქალაქ ----- საზღვაო ტერმინალიდან ქალაქ -----, ----- მდებარე საწყობში (N 8). ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „-----“, როგორც ექსპედიტორ კომპანიას. გადაზიდვის პროცესში, ----- გზაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც კონტეინერი გადმოვარდა სატრანსპორტო საშუალებიდან. აღნიშნული შემთხვევის გამო შეუძლებელი გახდა ტვირთის დანიშნულების ადგილზე თავდაპირველი პირობებით მიწოდება. შესაბამისად, კონტეინერი შემდგომი სხვა სატრანსპორტო საშუალებით 2026 წლის 28 აპრილს განთავსდა შპს „-----“ საბაჟო საწყობში ----- და არა მის საწყობში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტვირთის ნაწილი დაზიანდა, რის გამოც საბაჟო პროცედურების სათანადოდ განხორციელებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით აუცილებელი გახდა საქონლის სრული დათვალიერება, ფიზიკური დათვლა, დაზიანებული და დაუზიანებელი პროდუქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი აღწერის შედგენა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 2026 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და მოსთხოვა ნებართვა შპს „-----“ ტერიტორიაზე ტვირთის სრული გადარჩევისა და ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. აღნიშნულის შემდგომ, საბაჟო ორგანოს წარუდგინა დაზიანებული და დაუზიანებელი პროდუქციის სრული ჩამონათვალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა. ასევე, დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ჯარიმისა და საურავის თანხა. მიეცეს შესაძლებლობა, ჩაითვალოს დაზიანებულ პროდუქციაზე გადახდილი დღგ და საჩივრის განხილვისას გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მხარეს წარმოადგენს და ტვირთის დაზიანება გამოწვეულია გადამზიდავის პასუხისმგებლობის სფეროში არსებული გარემოებებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ 2026 წლის 24 აპრილს რეგისტრირებული N -----/----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით N ----- კონტეინერით შემოტანილი და ----- ----- (ს/ნ ----- ) სახელზე გამოგზავნილი საქონელი (21 500 კილოგრამი (ბრუტო წონა) სხვადასხვა დასახელების მინის ნაწარმი), საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -----/----- ) გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.
2026 წლის 27 აპრილის N ----- განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ აღნიშნული საქონლის გადაზიდვისას მოხდა საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი გადატვირთულ იქნა სხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -----/----- ), რომელიც წარდგენილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ კონტროლის ზონაში.
იმავე დღეს რეგისტრირებული N -----/----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, გაფორმების ორგანოში წარდგენილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი (რაოდენობით 21 500 კგ) გაშვებულ იქნა შპს „-----“ საბაჟო საწყობში ( ----- ). საქონლის საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ, 2026 წლის 28 აპრილს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დროებით შენახვის დეკლარაციის N -----/----- საფუძველზე აღნიშნული საქონელი შენახულ იქნა დროებით.
----- (ს/ნ ----- ) მიმდინარე წლის 29 ივნისის განცხადების N ----- საფუძველზე, რომლითაც საბაჟო ორგანოს მიეწოდა ინფორმაცია საქონლის დაზიანების შესახებ, განხორციელდა შპს „-----“ საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სხვადასხვა დასახელების საქონლის (საერთო რაოდენობით 4 997 ერთეული) უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტი (2026 წლის 9 ივლისის „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში“).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილ იქნა საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და საქონლის მფლობელის მიერ არ შესრულებულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისათვის აუციელებელი პირობები, შესაბამისად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,----- “ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 ივლისს შედგა N EL320324 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (ს/ნ ----- ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 309.38 ლარის ოდენობით.
2026 წლის 13 ივლისს გამოიცა N -----/----- რომლითაც ამავე პირს დაეკისრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (დღგ) 309.38 ლარის ოდენობით და საურავი 8.08 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას:
ა) საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ, ან
ბ) საქონლის განადგურების ან დაზიანების გამომწვევი მიზეზის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დასტურდება საქონლის განადგურება ან დაზიანება, ან
გ) საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირის მიერ.
შენიშვნა: (იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება ამ პუნქტის ერთ - ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, საქონელი უპირობოდ ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ1 ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/ განადგურებას და საქონლის მფლობელის მიერ არ შესრულებულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისათვის აუცილებელი პირობები. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.
ითხოვს, დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ჯარიმისა და საურავის თანხა.
ასევე, მიეცეს შესაძლებლობა, ჩაითვალოს დაზიანებულ პროდუქციაზე გადახდილი დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ საქონლის დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის ნაწილის უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების ფაქტი. საქონლის მფლობელს კი დაეკისრა საბაჟო პასუხისმგებლობა, ჯარიმა და შესაბამისი იმპორტის გადასახდელი საურავთან ერთად.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 70(4); 172; 163;.