ბრძანება № 28683
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28683
21 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 29 აგვისტოს და 11 ოქტომბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 აგვისტოს №83288/1/2023 და 11 ოქტომბრის №84033/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №041-68 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ არის დასაბუთებული. აცხადებს, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მეშვეობთ, სრულად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი ადევნოს გადამხდელის საქონლის შეძენა/რეალიზაციას. აღნიშნავს, რომ ვაჭრობს ისეთი საქონლით, რომლის ფასნამატი არ აღემატება
3-5%-ს. ასევე აცხადებს, რომ კომპანიას მთელი საქმიანობის პერიოდში არ ჩამოუწერია ვადაგასული და გადაყრილი საქონელი. ასევე შემოწმებამ არ გაითვალისწინა დანაკარგი. მიუთითებს სურსათის დანაკარგების ოდენობის ე.წ. „ღია საწყობის“ პრინციპზე. განმარტავს, რომ საწარმო ყიდის უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ბაზარზე დამკვიდრებული ფასია, რათა გაყიდოს დიდი რაოდენობის საქონელი ანუ მუშაობს ბრუნვაზე/მოცულობაზე და არა ფასნამატზე. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ფასნამატი მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არის უცვლელი, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია შედგეს საქონლის ჯგუფები ერთგვაროვანი ფასნამატის მიხედვით და მთელ შეძენაში ამ პროდუქციის ხვედრითი წილების მიხედვით მოხდეს რეალიზებული პროდუქციის კორექტირება. ასევე აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილს. განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა დაერიცხა ჯარიმა გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელს მისცემოდა საშუალება მოეხდინა დეკლარირება.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ დამფუძნებელი/დირექტორის ოჯახის წევრის მიწის ნაკვეთზე ააშენა მაღაზიის ფართი, რომელშიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად მიიჩნევს, რომ მიღებული თანხები ვერ ჩაითვლება დირექტორის ხელფასად, რადგან ეს თანხები მოხმარდა მაღაზიის აშენებას, გარემონტებას და აღჭურვას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6705 და 14 ივლისის №17122 ბრძანებების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 11 აპრილიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 23 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №20328 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 335 469 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 189 399 ლარი, ჯარიმა 88 080 ლარი და საურავი 57 990 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელი არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი ოპერაციების დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების შესახებ. რეალიზაცია დაფიქსირებულია კუთვნილი საკასო აპარატისა და -------- ტერმინალის საშუალებით. მთელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულის განსაზღვრისთვის, შემოწმება დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციით გამოვლენილ სმფ-ის ფაქტობრივ ნაშთს. ამასთან დაბეგვრის ობიექტის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განსაზღვრულ იქნა 17%-ის ოდენობით, რომლის საფუძველია გადასახადის გადამხდელის მონაწილებით დამუშავებული ინვენტარიზაციის მასალები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთებიდან დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თითღირებულება 17%-იანი ფასნამატით ჩაითვალა მიწოდებად და განისაზღვრა ყოველი საგაანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი (სალარო აპარატში განხორციელებული ბრუნვების, საბანკო ტერმინალებით მიღებული შემოსავლებისა და დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად). არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის მიხედვით 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და განისაზღვრა 2019 წლის 6 სექტემბერი, ნაცვლად 2019 წლის 27 ნოემბრისა. გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრ ოპერაციებს შორის. დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის შესწავლილი მასალების დამუშავების შედეგად კომპანიას განესაზღვრა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლების შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განხორციელდა შპს „--------------“-ის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით. როგორც გადასახადის გადამხდელი წერილობით ახსნაგანმარტებაში აღნიშნავს კომპანიაში არ ფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაციის თანხები ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო გადახდილ თანხებად აღიარებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯების ღირებულება, მათ შორის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიო ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ასევე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი შემოწმებით გათვალისწინებულია.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);101(1);154(1)