ბრძანება N 18451

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.08.2025
№ დოკუმენტი 18451
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18451

15 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: --------------------------------- )

2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97284/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №081-163 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ მისი ფასნამატი 20%-ის ნაცვლად არის 12%.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განსაზღვრულ სალაროს ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას გაუნაშთავი ავანსის ნაწილში. განმარტავს, რომ აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები განაშთულია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9459 და 23 ივნისის №13350 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14477 ბრძანება და ამავე თარიღის №081-163 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 159 004 ლარი, მათ შორის, გადასახადი 98 441 ლარი, ჯარიმა 48 469 ლარი, საურავი 12 094 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „------ი“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.11.2019 წელს. საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი) და დადგინდა, რომ რეალიზაციის 41% არის დოკუმენტური, ხოლო 59% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. რეალიზებულ პროდუქციაზე საშუალო ფასნამატი ფიქსირდება 20%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს, კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას, ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 152 645 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაფიქსირებულია სმფ-ის ნაშთი - საბაზრო ღირებულებით 415 052.2 ლარის ოდენობით.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები, ინვენტარიზაციის მასალები (გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მსვლელობის პარალელურად ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია), ერთმანეთთან დაკავშირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციისა და დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, აღებული სესხის, სხვა შემოსული თანხისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბიუჯეტო გადარიცხვები, გაცემული ხელფასის, გადახდილი სეხის ძირის და პროცენტის თანხები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები), მიხედვით გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში - 161 073 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 15 მაისს ჩატარდა პროცედურა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 400 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დებიტორკრედიტორების შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში (საგადასახადო შემოწმების ბოლო შესამოწმებელი პერიოდი). გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შესამოწმებელ პერიოდში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის ავ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან, ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ავ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში ეა ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175ე და 76-ე მუხლების გათვალისწინებით. ამასთან, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს, კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას, ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 152 645 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაფიქსირებულია სმფ-ის ნაშთი - საბაზრო ღირებულებით 415 052.2 ლარის ოდენობით. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები, ინვენტარიზაციის მასალები (გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მსვლელობის პარალელურად ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია), ერთმანეთთან დაკავშირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციისა და დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში, შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად:

1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის ავ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ავ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში ეა-------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის. ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. განსაზღვრულ სალაროს ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას გაუნაშთავი ავანსის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9459 და №13350 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14477 ბრძანება და №081-163 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 159 004 ლარი, მათ შორის, გადასახადი 98 441 ლარი, ჯარიმა 48 469 ლარი, საურავი 12 094 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს, კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას, ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 152 645 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაფიქსირებულია სმფ-ის ნაშთი - საბაზრო ღირებულებით 415 052.2 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები, ინვენტარიზაციის მასალები (გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მსვლელობის პარალელურად ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია), ერთმანეთთან დაკავშირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციისა და დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში, შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე ირკვევა რომ,გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა . ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175ე და 76-ე მუხლების გათვალისწინებით. ამასთან, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.-3 „ა“ ); 158(1); 159(1 „ა“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 174(1.2); 175(1„ა“); 176(1 „ა“); 180(1);