გადაწყვეტილება №27795/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27795/2/2026
07 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 16.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27795/2/2026).
დავის საგანი:
1. რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული სარეალიზაციო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №086-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2026 წლის №14197 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 290 494.24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 096 748.62
დღგ - 1 409 087.7 ქონების (არასასოფლო მიწა)
გადასახადი - 517.6
მოგების გადასახადი - 521.85
საშემოსავლო გადასახადი - 1 686 562.64
ქონების გადასახადი - 58.83
ჯარიმა - 1 559 295.1
საურავი - 634 450.52
პროცედურული გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა-რეალიზაცია. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა,---,---ის ქ.-. შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს სასტუმროაპარტამენტებს და კომერციულ ფართებს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.12.2025 წლის №28954 ბრძანება და №086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2026 წლის №14197 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული სარეალიზაციო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
1. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „-----ის“ მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ავანსის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინის მფლობელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის სრულად არ არის დაბეგრილი მისი ღირებულება. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება, რომ შპს „----ის“ ფართების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადის სამუშაოები. 75 % ბინების მიყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. შენობაში არის ლიფტის შახტები, თუმცა ლიფტი მოწყობილი არ არის. შენობაში არ არის წყლის ბუნებრივი აირის და ელ. ენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ასევე საკონტროლო შეთავაზებაც, რომლის მიხედვითაც დადგენილია ფასები და მერყეობს 1000$-დან 1500$- მდე. შემოწმებისას სარეალიზაციო ფასად გამოყენებულია საშუალოდ 1200$. საგადასახადო კოდექსის მე18, 49-ე, 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების აქტის პირველი საკითხის შესაბამისად დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 6 741 292 ლარი (8 426 615 აგროსილი). 2025 წლის 20 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 261 მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასა და აღნიშნული სტატუსის შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დარიცხული გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „---ის“ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული ოპერაციების საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----ს“ ტურისტული საწარმოს სტატუსი მიენიჭა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №-- ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული პერიოდიდან მოიპოვა, როგორც ტურისტულმა საწარმომ შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება. ამასთან, თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული წარმოადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საწარმოს მიერ რეალიზებულ ქონებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ის დარიცხვა, ასევე გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი - ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა. მისამართი: --, ---ის ქუჩა -.
მუხლი 160. საქონლის მიწოდება
5. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
მუხლი 163. დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
შესაბამისად, სამშენებლო კომპანიისთვის მიწოდების მომენტი დგება არა მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მომენტში, არამედ ფაქტობრივი ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
ფაქტობრივი ექსპლუატაციის მომენტი ჯერ არ დამდგარა. შემოწმების პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ბინაში დაფიქსირდა ფაქტობრივი ფლობა, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ბინების მეპატრონეებმა მიმართეს ცხოვრების უფლების თხოვნით, გამონაკლისის სახით მოხდა მათზე რემონტის დაწყების ნებართვის მიცემა 2025 წლის სექტემბერის შემდეგ (საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოგიდგენთ ზუსტ სიას და პერიოდს). ამ ფაქტის განზოგადება უსამართლოა და ამის გამო არ შეიძლება შესამოწმებელ პერიოდში სრულად ჩაითვალოს ბინები რეალიზებულად. არ ეთანხმება დეკემბრის თვეში საკუთრების დაფიქსირების გამო, წინა პერიოდზე გავრცელდეს დეკემბრის შედეგები.
მშენებარე ობიექტის ბინებისთის კარების შეძენა მოხდა იმპორტის სახით 2025 წლის მარტის თვეში და მათი მონტაჟი შემოწმების დასრულების თარიღისთვისაც კი არ იყო დასრულებული. შიდა კარის მონტაჟზე ხელშეკრულება გაფორმდა -------თან 2025 წლის აგვისტოს თვეში და ეტაპობრივად მიმდინარეობს. წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციას და ხელშეკრულებას დანართის სახით. ბინები კარის გარეშე არცერთ მესაკუთრეს არ გადაეცემა. ხოლო შემოწმების მიერ ბინების უმრავლესობა სწორედ კარის შეძენამდე ჩაითვალა რეალიზებულად.
კორპუსში არ არის ლიფტი ჩასმული, კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნით ჩასმულია მხოლოდ ლიფტის კარი. ამასთან დაკავშირებით წარმოადგენს ლიფტის კომპანიის, შპს ---ის, განმარტებას და ასევე ფოტო/ვიდეო მასალას, რომელიც გადაღებულია 2025 წლის 16 დეკემბერს.
გარდა ამისა, არ არის წყალი, არ მომხდარა ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანება და არ აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები ბინებს. წარმოადგენს წერილს ენერგოპრო ჯორჯიადან და წყლის კომპანიიდან.
კორპუსის პროექტის ცვლილება (მე-6 და მე-7 სართულის დამატებაზე) მოითხოვა 2024 წლის დეკემბერში და მიიღო პირველი ეტაპის დასტური, გადასულია მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს მერიაში საქმის განხილვას. კორპუსზე ორი სართულის დამატების ცვლილების მოლოდინის გამო ვერ ამონტაჟებს ლიფტს და ვერ ასრულებს მთლიანად კორპუსს თავისი გამრიცხველიანებით, წყლის შეყვანითა და სხვა ძირითადი სამუშაოებით. წარმოადგენს პროექტის ცვლილების დოკუმენტებს.
ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ მყიდველს დაურეგისტირდება ბინა საკუთრებაში, ხოლო კომპლექსის შენებლობის დასრულების შემდეგ, (თუ ამ დროისათვის ნასყიდობის საფასური დაფარული იქნება სრულად), ფაქტობრივად გადაეცემა ნასყიდობის საგნები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ერთ-ერთი პირობაა თანხის სრულად გადახდა, იმისათვის რომ მოხდეს ფართების ფაქტობრივი გადაცემა, ასევე, რა თქმა უნდა, კორპუსი უნდა იყოს დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი.
ნებისმიერი ბინის რეალიზაცია და დადებული ხელშეკრულებები რასაკვირველია, გულისხმობს, რომ ბინები უნდა ჩაბარდეთ მესაკუთრეებს დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი პირობებით. ხოლო იმ პირობებში, რომ ბინებს არ აქვს კარი ჩასმული, კორპუსში არ არის ლიფტი დამონტაჟებული, ასევე არ არის ბინებში ელ. ენერგია შეყვანილი, არ შეიძლება ამ კონდიციამდე მისული კორპუსი ჩაითვალოს საცხოვრებელი მიზნებისთვის ხელსაყრელად.
სრულ შესამოწმებელ პერიოდში შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე და ასევე შემდგომ პერიოშიც დღეის ჩათვლით, კომპანია ყოველთვიურად გასწევს დიდი ოდენობით ხარჯებს სამშენებლო მასალებსა და მომსახურებებზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კორპუსის სამუშაოები დღემდე არ დასულებულა.
ამიტომ, მენაშენეებზე მიწოდების მომენტი ჯერ არ დამდგარა და არ განიხილავს რომელიმე ბინას მიწოდებულად.
ასევე, საჯარო რეესტრში გადაფორმებული ბინების მეპატრონეებს სრულად არ აქვთ გადახდილი ბინის საფასურები. ამის მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ასეთი პირია ----ძე, რომელსაც შეძენილი და საჯარო რეესტრში გაფორმებული აქვს ექვსი ბინა და საფასურის გადაუხდელობის გამო კომპანიის მხრიდან მოხდა სასამართლოში სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ, წარმოადგენს დოკუმენტს.
ასევე, ამის მტკიცებულებად წარმოადგენს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის - ---ის საფასურის გადახდის დოკუმენტებს (ბანკით). აღნიშნული მესაკუთრის ორი ბინა შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად და თანხები მიღებულად, ხოლო რეალურად თანხის გადახდა მოხდა შემოწმების შემდგომ პერიოდში.
მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, საიდანაც მოვიდა დასკვნა, რომ კორპუსში არ არის ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა მოწყობილი. იხილეთ დანართი.
ამ ეტაპზე დაწყებულია ბინების მყიდველებთან ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტების დამზადება, აქტებში მითითებული იქნება ბინების მესაკუთრეების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობა, კერძოდ, რა თანხები აქვს გადახდილი თითოეულს, გადაეცათ თუ არა ბინები და რა ფასად აქვთ შეძენილი. აღნიშნული დოკუმენტების მომზადება დაწყებულია და სრულად წარმოადგენს დავის დასრულების შემდეგ გონივრულ ვადაში.
ასევე, შემოწმებისას საბაზრო ფასების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიაჩნია უსამართლოდ, ვინაიდან დათვალიერების თარიღისთვის ბინების ფასები მომატებულია და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს წინა პერიოდის ფასებად. ასევე, შეფასებისას არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები და მსგავსი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები. საჯარო განცხადებებში მის მიერ გამოცხადებული ფასი არის საწყისი ფასი, სადაც დატოვებულია სავაჭროდ ფასდაკლების შესაძლებლობა და კლიენტთან საუბრის შემდეგ მისივე დარწმუნებისთვის აკლდება ფასი. შესაბამისად გამოცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან და ამას დაადასტურებს შედარების აქტები.
ითხოვს, გათვალისწინდეს ზემოთაღწერილი გარემოებები და ის ფაქტი, რომ ჯერ ბინების მიწოდების მომენტი არ დამდგარა და ასევე ის, რომ რეალიზაციის დოკუმენტში ფასები დაფიქსირებულია სწორად. აქტით განხორციელებული ძირითადი დარიცხვები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში გამოწვეულია სწორედ ამ თემებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11. ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ 13 შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების, მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1
. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ამავე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირის-თვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში –საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უძრავი ქონების (ბინა) მიწოდების მომენტი დგება არა მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მომენტში, არამედ ფაქტობრივი ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. ფაქტობრივი ექსპლუატაციის მომენტი ჯერ არ დამდგარა. ყოველთვიურად გასწევს დიდი ოდენობით ხარჯებს სამშენებლო მასალებსა და მომსახურებებზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კორპუსის სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა. ამიტომ, მიწოდების მომენტი ჯერ არ დამდგარა და არ განიხილავს რომელიმე ბინას მიწოდებულად. დათვალიერების თარიღისთვის ბინების ფასები მომატებულია და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს წინა პერიოდის ფასებად. ასევე, შეფასებისას არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები და მსგავსი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები. საჯარო განცხადებებში მის მიერ გამოცხადებული ფასი არის საწყისი ფასი, სადაც დატოვებულია სავაჭროდ ფასდაკლების შესაძლებლობა და კლიენტთან საუბრის შემდეგ მისივე დარწმუნებისთვის აკლდება ფასი. შესაბამისად გამოცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან და ამას დაადასტურებს შედარების აქტები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.
საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.
აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და შემოწმებისას დადგენილი საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებებზე, რომ უძრავი ქონების (ბინა) მიწოდების მომენტი დგება არა მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მომენტში, არამედ ფაქტობრივი ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. ფაქტობრივი ექსპლუატაციის მომენტი ჯერ არ დამდგარა. ყოველთვიურად გასწევს დიდი ოდენობით ხარჯებს სამშენებლო მასალებსა და მომსახურებებზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კორპუსის სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა. ამიტომ, მიწოდების მომენტი ჯერ არ დამდგარა და არ განიხილავს რომელიმე ბინას მიწოდებულად. მშენებარე ობიექტის ბინებისთვის კარების შეძენა მოხდა იმპორტის სახით 2025 წლის მარტის თვეში და მათი მონტაჟი შემოწმების დასრულების თარიღისთვისაც კი არ იყო დასრულებული. შიდა კარის მონტაჟზე ხელშეკრულება გაფორმდა -------თან 2025 წლის აგვისტოს თვეში და ეტაპობრივად მიმდინარეობს. წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციას და ხელშეკრულებას დანართის სახით. ბინები კარის გარეშე არცერთ მესაკუთრეს არ გადაეცემა. ხოლო შემოწმების მიერ ბინების უმრავლესობა სწორედ კარის შეძენამდე ჩაითვალა რეალიზებულად. კორპუსში არ არის ლიფტი ჩასმული, კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნით ჩასმულია მხოლოდ ლიფტის კარი. ამასთან დაკავშირებით წარმოადგენს ლიფტის კომპანიის, შპს ----ის, განმარტებას და ასევე ფოტო/ვიდეო მასალას, რომელიც გადაღებულია 2025 წლის 16 დეკემბერს. გარდა ამისა, არ არის წყალი, არ მომხდარა ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანება და არ აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები ბინებს. წარმოადგენს წერილს ენერგოპრო ჯორჯიადან და წყლის კომპანიიდან. კორპუსის პროექტის ცვლილება (მე-6 და მე-7 სართულის დამატებაზე) მოითხოვა 2024 წლის დეკემბერში და მიიღო პირველი ეტაპის დასტური, გადასულია მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს მერიაში საქმის განხილვას. კორპუსზე ორი სართულის დამატების ცვლილების მოლოდინის გამო ვერ ამონტაჟებს ლიფტს და ვერ ასრულებს მთლიანად კორპუსს თავისი გამრიცხველიანებით, წყლის შეყვანითა და სხვა ძირითადი სამუშაოებით. წარმოადგენს პროექტის ცვლილების დოკუმენტებს.
ასევე, საჯარო რეესტრში გადაფორმებული ბინების მეპატრონეებს სრულად არ აქვთ გადახდილი ბინის საფასურები. ამის მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ასეთი პირია -----ძე, რომელსაც შეძენილი და საჯარო რეესტრში გაფორმებული აქვს ექვსი ბინა და საფასურის გადაუხდელობის გამო კომპანიის მხრიდან მოხდა სასამართლოში სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ, წარმოადგენს დოკუმენტს. ამის მტკიცებულებად წარმოადგენს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის - -----ძის საფასურის გადახდის დოკუმენტებს (ბანკით). აღნიშნული მესაკუთრის ორი ბინა შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად და თანხები მიღებულად, ხოლო რეალურად თანხის გადახდა მოხდა შემოწმების შემდგომ პერიოდში. მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს,საიდანაც მიიღო დასკვნა, რომ კორპუსში არ არის ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ამ ეტაპზე დაწყებულია ბინების მყიდველებთან ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტების დამზადება, აქტებში მითითებული იქნება ბინების მესაკუთრეების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობა, კერძოდ, რა თანხები აქვს გადახდილი თითოეულს და გადაეცათ თუ არა ბინები. აღნიშნული დოკუმენტების მომზადება დაწყებულია და სრულად წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, კომპანიას შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №--- ბრძანებით მიენიჭა ტურისტული საწარმოს სტატუსი, რომლის გავლენაც შესაბამისი ოპერაციების მიხედვით დღგ-ით დაბეგვრისას და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის ზემოთ დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №086-58 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 1 559 295.1 ლარი და საურავი - 634 450.52 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან, კომპანიას აქამდე არ ქონია საგადასახადო სამართლარდარღვევის მსგავსი ფაქტი, ითხოვს დარიცხული ჯარიმის და საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2026 წლის №14197 ბრძანება;
3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული სარეალიზაციო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში,საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა-რეალიზაცია. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა. შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს სასტუმრო-აპარტამენტებს და კომერციულ ფართებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ავანსის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინის მფლობელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის სრულად არ არის დაბეგრილი მისი ღირებულება. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება, რომ მომჩივანის ფართების მშნებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადის სამუშაოები, 75 % ბინების მიყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობამდე, ფასები მერყეობს 1000$-დან 1500$-მდე. შემოწმების მიერ სარეალიზაციო ფასად გამოყენებულია საშუალოდ 1200 $. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე, 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 6 741 292 ლარი (8 426 615 აგროსილი). 2025 წლის 20 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2025 წლის №28954 ბრძანება და №086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №14197 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ხოლო,მეორე სადავოს საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2.3.7.11 „ბ“); 261(1.2.3.4); 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1.3 „ზ“); 163(1.2.6 „ბ“ და „დ“ ); 164(1.2 „გ“); 172(4 „ქ“); 269(7); 275(1.2.21.22);