ბრძანება N 3201

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 24.02.2025
№ დოკუმენტი 3201
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3201

24 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „------ - ის “ (ს/ნ "--------" )

(მის: "--------")

2024 წლის 18 დეკემბრის, 2025 წლის 8 იანვრის და 6 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის და 6 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №8; №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ "--------") 2024 წლის 18 დეკემბრის №CA00412416506736 (რეგ. №209298/21), 2025 წლის 8 იანვრის №CA00412500063829 (რეგ. №1804/21) და 2025 წლის 6 თებერვლის №CA00412501633328 (რეგ. №16874/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 27 ნოემბრის №002-359 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შპს „------- -ის “ დამფუძნებელი და დირექტორი "--------" გარდაიცვალა 2020 წლის 25 იანვარს, "--------"-მ 2020 წლის 8 სექტემბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა, თუმცა მისთვის უცნობი იყო საგადასახადო შემოწმების და მისი შედეგების შესახებ, გამოცემული იყო თუ არა საგადასახადო მოთხოვნა და იყო თუ არა იგი გასაჩივრებული. განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმების დროს კომპანიას არ ჰყავდა უფლებამოსილი წარმომადგენელი, შემმოწმებელს არ გააჩნდა ზუსტი საბუღალტრო მონაცემები კომპანიასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2024 წლის 17 დეკემბერს, აღნიშნული თარიღიდან წარმოიშვა მოთხოვნის გასაჩივრების უფლება. გადამხდელი შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბუღალტრული პროგრამა ვერ იქნა მოძიებული და შესაბამისად საწარმოს არ აქვს ინფორმაცია სასაქონლო-მარაგებსა და ნაშთებთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებას, რომ შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად და გავრცელდა ფასნამატი 15%, გადამხდელი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით საქონლის დიდი ნაწილი იყო განადგურებული (მალფუჭებადობის გამო), რის გამოც მისი უკან დაბრუნება აღარ განხორციელდა დისტრიბუციის მიერ, თუმცა დოკუმენტურად და პროგრამულად აღნიშნული არ არის ასახული. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ფასნამატის შემცირებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

საჩივრების წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. კომპანიის პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირი - დირექტორ-დამფუძნებელი "--------" (პ/ნ "--------") გარდაიცვალა 2020 წლის 25 იანვარს, სამკვიდრო მოწმობა კი გაიცა 2020 წლის 8 სექტემბერს.

დადგენილია, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აღძრა პირობითი განცხადება №"--------", არასწორად რეგისტრირებული სუბიექტისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე დირექტორის გარდაცვალების საფუძველზე და მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „------ -ს “ (ს/ნ "--------") დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, თუმცა ხარვეზი მხოლოდ 2024 წელს აღმოიფხვრა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდის მონაცემებით ირკვევა, რომ მემკვიდრის მიერ საჯარო რეესტრში 2024 წლის 25 დეკემბერს წარდგენილი განცხადების (რეგ. №"--------") საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ "--------") დამფუძნებელი/პარტნიორისა და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის ცვლილება და ახალ დირექტორად დაინიშნა "--------"-მ, რაც დასტურდება 2024 წლის 25 დეკემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2020 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 26 ნოემბრის №35029 ბრძანება და 27 ნოემბრის №002- 359 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაიგზავნა 2020 წლის 27 ნოემბერს. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებს პირი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2020 წლის პირველ დეკემბერს. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით 2020 წლის 8 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 15 ნოემბრის №35449 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის გამო დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნის და გაცნობის პერიოდში საწარმოს უფლებამოსილი პირი/დირექტორი იყო გარდაცვლილი, ხოლო ახალი დირექტორი დაინიშნა 2024 წლის 25 დეკემბრიდან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 სექტემბრის №26913 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 17 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 26 ნოემბრის №35029 ბრძანება და 27 ნოემბრის №002-359 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 388 864 ლარი, მათ შორის გადასახადი 248 715 ლარი, ჯარიმა 123 136 ლარი და საურავი 17 013 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათის პროდუქციის (ქ. "--------"-ში, "--------"-ის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზია) შეძენა/რეალიზაცია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი და 100%- ნი წილის მფლობელი ფ/პ "--------" არის გარდაცვლილი და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის დადგენა, შესაბამისად, საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საწარმოს საგადასახადო ვალდეულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი, ხოლო ჩატარებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებით შეუძლებელი იყო საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტკბილეული და სხვა) და ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (15%). შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ: შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად (დოკუმენტურად გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა კრედიტორებისგან გამოთხოვილი კრედიტორული დავალიანების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 6 თებერვალს 13:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში საწარმოს დირექტორი და 100%-ნი წილის მფლობელი ფ/პ "--------" არის გარდაცვლილი და საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი. შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდეულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი, ხოლო ჩატარებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებით შეუძლებელი იყო საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტკბილეული და სხვა) და ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (15%). შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ: შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად (დოკუმენტურად გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა კრედიტორებისგან გამოთხოვილი კრედიტორული დავალიანების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის). შედეგად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სურსათის პროდუქციის შეძენა/რეალიზაცია.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი და 100%- ნი წილის მფლობელი არის გარდაცვლილი და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის დადგენა, შესაბამისად, საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი.სსკ-ის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საწარმოს საგადასახადო ვალდეულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი, ხოლო ჩატარებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებით შეუძლებელი იყო საქონლის იდენტიფიცირება.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად და ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (15%). შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად შედეგად, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,160,161.