გადაწყვეტილება №26310/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 26310/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26310/2/2025

13 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 12.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26310/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №052-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25795 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 241 347.9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 150 157.55

დღგ - 72 396.30

საშემოსავლო გადასახადი - 77 761.25

ჯარიმა - 75 111.40

საურავი - 16 078.95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის №9347 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 19.08.2022-1.05.2025 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 13.05.2025 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №8478 ბრძანების საფუძველზე, 13.05.2025 წელს, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგად დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით 13.05.2025 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენდა ნულ ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 421 ლარს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14404 ბრძანება და №052-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №25848/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18863 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი №25795 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული იყო 311 045 ლარი. მას მოცემული თანხა უნდა გამოეყენებინა ახალი პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად გადაწყვეტილი იქნა ფულადი სახსრების გამოტანა საქვეანგარიშოდ. ახალი პროექტის განხორციელება დაწყებულია, საწარმოს დაწყებული აქვს სატენდერო მომსახურება. დაჯარიმება მოხდა ნაღდი ფულის არარსებობის გამო, რომელიც კომპანიის დირექტორს ჰქონდა საქვეანგარიშოდ გატანილი და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის. აუთვისებელი თანხის დაბრუნება მოახდინა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მოხდება ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვა სატენდერო ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიის ანგარიშიდან. შესაბამისად დირექტორზე გაცემული თანხა დაბრუნებული იქნება კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

საწარმოს შემოწმების პერიოდში არ ყავდა კვალიფიციური ბუღალტერი და იმის, გამო რომ მოხდა მხოლოდ შემოსავლის ნაწილის აღიარება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მის მიმართ არ იყო გამოყენებული შესაბამისი ხარჯვის ნაწილი. გაუგებარია რატომ მოხდა მთლიანი თანხის აღიარება ხელფასად და არა დირექტორზე გაცემულ სესხად რადგან მრავალჯერ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა დირექტორზე გაცემული იყო შემდგომი პროექტებისათვის. აღნიშნული სამუშაოებიდან საწარმოს დირექტორს არ დარჩენია ამ ოდენობის თავისუფალი თანხა.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხის კლასიფიცირება მოხდებოდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, იქნებოდა უფრო სწორი, რადგან საწარმოს დირექტორი თავს არ არიდებდა და პირიქით აცხადებდა რომ აღნიშნული თანხა საერთოდ არ განუკარგავს როგორც ხელფასი, ასევე ხარჯთაღრიცხვების და შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა აუცილებლად ექვემდებარებოდა კორექტირებას და დარჩენილი თავისუფალი ფულადი ნაკადების კვალიფიკაცია არის დირექტორზე გაცემული სესხი ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა.

აღნიშნული სატენდერო სამუშაოების ფარგლებში ისედაც მრავლად იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯი, ასევე არ იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის მიწოდებული სრული დოკუმენტაცია რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის ამ ოდენობის სანქციების დაკისრება, რაც არსებითად განსხვავდება რეალური შედეგებისაგან და თავისუფალი ფულადი სახსრების დაკვალიფიცირება ხელფასად ნაცვლად დირექტორზე გაცემულ სესხისა არსებითად ცვლის სურათს. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გამორჩენილი იყო 382 179 ლარის დასაბეგრი შემოსავალი, რაც გამოწვეული იყო საწარმოში მუდმივი ბუღალტრის არარსებობით და შესაბამისად გაანგარიშებაში არაა გათვალისწინებული აღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი, რამაც გამოიწვია თავისუფალი ფულადი ნაკადების ასეთი კოლოსალური მაჩვენებელი. დასაბეგრ შემოსავალსა და თავისუფალ ფულად ნაკადებს შორის თანხის სხვაობა შეადგენს 388 806 ლარს - 382 179 ლარი = 6 627 ლარს, რომლის მიჩნევა ხელფასად იქნებოდა სწორი, ხოლო 382 217 ლარის დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაში თავისუფალი ფულადი ნაკადების ოდენობის ნაწილის მიჩნევა დირექტორზე გაცემული ხელფასად (საანგარიშგებო პერიოდის გათვალისწინებით) ხოლო დარჩენილი თანხა დირექტორზე გაცემულ სესხად იქნებოდა სწორი, რომლის დაბრუნება მოხდებოდა საწარმოში და გამოყენებულ იქნებოდა შემდგომი პროექტებისათვის და საწარმოს განვითარებისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია, ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

მომჩივნის განცხადებით, შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო ახალი პროექტის განსახორციელებლად. ახალი პროექტის განხორციელება დაწყებულია, საწარმოს დაწყებული აქვს სატენდერო მომსახურება. დაჯარიმება მოხდა ნაღდი ფულის არარსებობის გამო, რომელიც კომპანიის დირექტორს ჰქონდა საქვეანგარიშოდ გატანილი. აუთვისებელი თანხის დაბრუნება მოხდა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მოხდება ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვა სატენდერო ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიის ანგარიშიდან. შესაბამისად დირექტორზე გაცემული თანხა დაბრუნებული იქნება კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

გაუგებარია რატომ მოხდა მთლიანი თანხის აღიარება ხელფასად და არა დირექტორზე გაცემულ სესხად რადგან მრავალჯერ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა დირექტორზე გაცემული იყო შემდგომი პროექტებისათვის. აღნიშნული სამუშაოებიდან საწარმოს დირექტორს არ დარჩენია ამ ოდენობის თავისუფალი თანხა. აღნიშნული თანხის კლასიფიცირება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხად იქნებოდა უფრო სწორი, რადგან საწარმოს დირექტორი თავს არ არიდებდა და პირიქით აცხადებდა რომ აღნიშნული თანხა საერთოდ არ განუკარგავს როგორც ხელფასი, ასევე ხარჯთაღრიცხვების და შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა აუცილებლად ექვემდებარებოდა კორექტირებას და დარჩენილი თავისუფალი ფულადი ნაკადების კვალიფიკაცია არის დირექტორზე გაცემული სესხი ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 13.05.2025 წელს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით 13.05.2025 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანება შეადგენს 421 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით (გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას), შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რაც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ------ზე (პ/ნ ------) ხელფასის სახით განაცემად. კერძოდ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯი სრულად.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ 2025 წლის მაისში, კომპანიას მიღებული აქვს 16 600 ლარი (ავანსი). მიღებული ავანსი შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრილი არ არის. ამასთან ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ შეძენილი და მიღებული აქვს საქონელი 20 770 ლარის ოდენობით, ხოლო ხელფასის სახით განაცემი არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე თანხების შეტანა/გატანა საგადასახადო აქტის შედეგების ფორმირებისას გათვალისწინებულია სრულად.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება სატენდერო მომსახურებასთან დაკავშირებით (ღირებულებით 83 000 ლარი) დადებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, 2025 წლის მაისში, რომლის ფარგლებში კომპანიას ავანსად მიღებული აქვს 16 600 ლარი. ასევე, თანდართული საგადახდო მოთხოვნა წარმოადგენს აღნიშნული ავანსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე თანხების შეტანა/გატანა შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას სრულად არის გათვალისწინებული, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე აღნიშნული ოპერაციების შესახებ არ არის ცნობილი და ასევე, გადასახადის გადამხდელს არც დავის განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბრუნება და შემდგომ სამშენებლო სამუშაოებში გახარჯვა. საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9347 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 19.08.2022-1.05.2025 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 13.05.2025 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8478 ბრძანების საფუძველზე 13.05.2025 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგად დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით 13.05.2025 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენდა ნულ ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 421 ლარს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14404 ბრძანება და №052-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის №25848/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18863 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი №25795 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9. „ბ“); 101(1); 154(1 „ა“, მე-2 „ა“ და „ბ“. მე-3 „ა“ );