ბრძანება N 5344
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5344
11 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 11 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 11 თებერვლის №26614/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიხედვით და დაადგინა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2022 წლის 30 დეკემბერს, თუმცა საბანკო ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ჩარიცხული თანხებიდან პირადი დანიშნულებით ჩარიცხული თანხა არის 342 871 ლარი, ხოლო კერძო შეკვეთებიდან 3 850 ლარი. შესაბამისად, 2022 წლის 30 დეკემბერს არ უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და მისი გაანგარიშებით სავალდებულო რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 16 თებერვალი. ამ თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 662 229 ლარი, სადაც ნაწილი არის დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია (ელ.სასაქონლო ზედნადებით) 561 770 ლარი და ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული კერძო შეკვეთის ტრანზაქციები 100 459 ლარი. 2023 წელს უფიქსირდება პირადი დანიშნულების ჩარიცხვები (ტერმინალზე შეტანილი თანხები), რომელიც არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ უნდა მონაწილეობდეს. შესაბამისად, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას და განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში უფიქსირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელზეც უფლება აქვს მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22190 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---- (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 22 დეკემბრის №27989 ბრძანება და ამავე თარიღის №159-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 395 876 ლარი, მათ შორის, გადასახადი
230 264 ლარი, ჯარიმა 64 300 ლარი და საურავი 101 312 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ---- (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 23 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის 19 დეკემბერს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ დარეგისტრირდა 2023 წლის პირველ თებერვალს. მეწარმის განმარტებით, იგი ახორციელებს ხის სხვადასხვა ინვენტარის დამზადებას ქალაქ ------ში. გადამხდელი პროდუქციის მიწოდებას უმეტესწილად ახდენდა ------ არსებულ საბავშვო ბაღებზე, რასთან დაკავშირებითაც უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია (ელ.სასაქონლო ზედნადები)
621 210 ლარის ოდენობით. ასევე, შესწავლილ იქნა, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს შემოსავლის მიღება უფიქსირდება კერძო შეკვეთების (გარდა საბავშვო ბაღებისა) საფუძველზეც. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელმა გადააჭარბა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისათვის დადგენილ 100 000 ლარიან ზღვარს. აღნიშნულის საფუძველზე, გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი. აგრეთვე, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2025 წლის 31 მაისისათვის (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში) არ აღემატება 100 000 ლარს. გადამხდელის მიერ, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე პირველი პრიმა მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, 2025 წლის პირველი ივნისიდან დღგ-ის რეგისტრაცია დაექვემდებარა გაუქმებას. ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ -----) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში, უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეულ ხარჯზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამური ღირებულებით 7 987 ლარი (დღგ 1 215 ლარი), რომელიც შემოწმებით დაექვემდებარა ჩათვლას. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ი/მ ---- (ს/ნ ----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 23 ივნისს. 2023 წლის პირველ თებერვლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი. ვინაიდან, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2025 წლის 31 მაისისათვის (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში) არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე პირველი პრიმა მუხლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვდა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებას. შესაბამისად, 2025 წლის პირველი ივნისიდან დღგ-ის რეგისტრაცია დაექვემდებარა გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, პირადი სახის ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებამ სრულად გაითვალისწინა იდენტიფიცირებული პირადი ჩარიცხვები, რომელიც არ ჩართულა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას და საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, შეუძლია მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---- (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ი/მ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 23 ივნისს. 2023 წლის პირველ თებერვლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი. ვინაიდან, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2025 წლის 31 მაისისათვის (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში) არ აღემატება 100 000 ლარს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვდა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებას. შესაბამისად, 2025 წლის პირველი ივნისიდან დღგ-ის რეგისტრაცია დაექვემდებარა გაუქმებას. შემოწმებამ სრულად გაითვალისწინა იდენტიფიცირებული პირადი ჩარიცხვები, რომელიც არ ჩართულა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;174;175;176