გადაწყვეტილება №19684/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2023
№ დოკუმენტი 19684/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19684/2/2023

15.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------“-ის 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19684/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება;

2. კომპანიიდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ჩათვლა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25583 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №072-6 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8883 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 594 283 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 238 080

დღგ - 86 760

საშემოსავლო გადასახადი - 151 320

ჯარიმა - 286 160

საურავი - 70 043

 

პროცედურული გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიებით დადგენილი გარემოებების გამო, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №24469 ბრძანებით, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 5.03.2019-28.05.2021 წლების საანგარიშო პერიოდების ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, შპს „--------“ (ს/ნ -------), შპს „--------“ (ს/ნ -------) და შპს „--------“ (ს/ნ --------) მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25583 ბრძანება და ამავე თარიღის №072-6 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.04.2023 წლის №8883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს შპს „--------“ (ს/ნ -------, შპს „--------“ (ს/ნ -------) და შპს „-------გან“ (ს/ნ -------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში მითითებულია ყალბი ანგარიშფაქტურების მონაცემები. მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ შეადგენს 86 760 ლარს. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიებით დადგენილი გარემოებების გამო, სასამართლოს ნებართვით დაინიშნა შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმება (ყალბი საფ-ების ნაწილში). შემოწმების შედეგად გაუქმდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული ჩათვალა, შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ 86 760 ლარი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 173 520 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 36 980 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამავე ბრძანების 563 მუხლის მე-5 პუნქტით და განმარტავს, რომ მომჩივანს შპს „--------“ (ს/ნ -------, შპს „--------“ (ს/ნ -------) და შპს „-------გან“ (ს/ნ -------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებულ აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც გამოწვეულია ყალბი/ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლის გაუქმებით. ვიდრე სასამართლოს მიერ არ იქნება დადასტურებული სიყალბე, არ უნდა დაერიცხოს გადასახადი/სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით. მიუთითებს, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მის მიერ შესრულებულია და საგადასახადო შემოწმებით შესაძლო იყო 75% ხარჯების გათვალისწინება. ხარჯები გაწეულია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სამუშაოები შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. ასევე მიუთითებს ზუგდიდის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით. აცხადებს, რომ ფაქტობრივად შესრულებულია სამუშაოები, დოკუმენტაციებით, ასევე, წარდგენილი დასკვნებით დგინდება გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოკვლეული მასალებით დადგინდა გარკვეული უკანონო ტრანზაქციები ძველი ხელმძღვანელობის მმართველობის პერიოდში. შემოწმების აქტს არ ერთვის ამ საქმის მასალები, არის თუ არა ნამდვილად ეს გარემოებები დადგენილი.

21.10.2021 წლიდან კომპანიას ჰყავს ახალი დირექტორი. ვინაიდან, ფიზიკური და იურიდიული პირი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება და მათ ცალ-ცალკე აქვთ მინიჭებული თავიანთი უფლებები, შპს როგორც ცალკეული სუბიექტი არის დაზარალებული თუკი მისი ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდა რაიმე უკანონო მოქმედება, რის შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს კომპანიამ, რომელსაც უკვე ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. თუკი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გავლენას ახდენს ამ კომპანიის უფლებებზე და ქონებაზე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უნდა მომხდარიყო კომპანიის როგორც დაზარალებულის საქმეში ჩართვა. კომპანიას უკანონოდ ერთმევა შესაძლებლობა გამოიკვლიოს მის მიმართ განხორციელებული დარიცხვა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა და ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონო მოქმედებას.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25583 ბრძანება, ამავე თარიღის №072-6 საგადასახადო მოთხოვნა, და შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის N8883 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:

ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:

ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი პირველი და მე-2 მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივანს გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებულ აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩათვლის გაუქმება, შესაბამისად, გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. კომპანიიდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ჩათვლა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ვინაიდან სადავო ოპერაცია განხორციელდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შემოწმების შედეგად საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ოდენობა (605 280 ლარი) ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად.

საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 151 320 ლარი და დაჯარიმდა დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით (36 980 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოებს თანხა მომჩივნისგან არ მიუღიათ. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასულმა თანხამ შეადგინა 605 280 ლარი (გადამხდელის წარმოდგენილი განცხადების მიხედვით სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს). აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარუდგენია პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ თანხა მართლზომიერად იქნა განხილული კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაციას მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

30.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოებს თანხა მომჩივნისგან არ მიუღიათ. 29.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმებით მიჩნეული იყო, რომ მომჩივნის მიერ გადახდილია კრედიტორული დავალიანება. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასულმა თანხამ შეადგინა 605 280 ლარი (გადამხდელის წარმოდგენილი განცხადების მიხედვით სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს). აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება რაც შეცვლიდა გამოძიებით და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად მიჩნევა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება;

2. კომპანიიდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ჩათვლა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანს სხვადასხვა გადამხდელებისგან გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში მითითებულია ყალბი ანგარიშფაქტურების მონაცემები. მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ შეადგენს 86 760 ლარს. შემოწმების შედეგად გაუქმდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული ჩათვალა, შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ 86 760 ლარი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 173 520 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 36 980 ლარი.

ვინაიდან სადავო ოპერაცია განხორციელდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შემოწმების შედეგად საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ოდენობა (605 280 ლარი) ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 151 320 ლარი და დაჯარიმდა დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით (36 980 ლარი).

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.04.2023 წლის №8883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩათვლის გაუქმება, შესაბამისად, გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ასევე, საბჭო მიიჩნევს, რომ საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასული თანხის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად მიჩნევა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174, 175(1), 176(1), 178"ე", 43(4), 275(2), 280(1), 73(4)(9"ბ"), 154(1"ა"), 101(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის: 173, 174, 175(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.