გადაწყვეტილება №20908/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 20908/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20908/2/2023

24 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------------- (პას/ნ №-----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის (პას/ნ №-----------) 22.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20908/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (ელ. სიგარეტი) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №EL220002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21709 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

14.08.2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „აბუდაბი-თბილისი“ (----) ჩამოფრინდა მომჩივანი ---------------- (პას/ნ №-----------). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ.

მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგადაც მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 14.08.2023 წლის №-----/2023 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 545,8 აშშ დოლარი (1 430,6 ლარი).

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად,საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, 14.08.2023 წელს შედგა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარი.

საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 6.03.2020 წლის №150 დადგენილების მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების კატრიჯების/კაფსულების მოცულობა აღემატებოდა 2 მლ-ს და სიგარეტების შეფუთვებში განთავსებული არ იყო საინფორმაციო ფურცელი ქართულ ენაზე. გამომდინარე აქედან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა №---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები განსახილველად გაეგზავნა (№21- 04/---- 16.08.2023) თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვინაიდან აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი განთავსდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.09.2023 წლის №21709 ბრძანებით, არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევის დაბრუნების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 და 208-ე მუხლებზე.

დადგენილია, რომ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი განთავსდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ----------------ს (პას/ნ №-----------) 29.08.2023 წელს დაედო ადმინისტრაციული სახდელი და იგი დაჯარიმდა 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი არადეკლარირებული საქონლის (ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი) დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებს და სცილდება შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

14.08.2023 წელს შედგენილი იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შესაბამისადაც დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარი. 14.08.2023 წელს შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც შეეხებოდა საქართველოში შემოტანილ ელექტრო სიგარეტებს პირადი მოხმარებისთვის.

5.09.2023 წელს №21708 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო საქონლის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

არცერთ სამართალდარღვევის აქტს არ ეთანხმება მიაჩნია უსაფუძვლოდ როგორც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21709 ბრძანება.

არის სტუდენტი, სწავლობს საქართველოში, საზღვარგარეთიდან დაბრუნდა შემდგომი 2023-2024 წწ. სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, ანუ 1 წელი უნდა იყოს საქართველოში, არის ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი და შემოტანილი საქონელი იყო პირადი მოხმარების, მითუმეტეს ჩინურ წარმოების, რომელიც უხარისხოა.

სრულად უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის №5.09.2023 წლის №21709 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლის თანახმად, მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანა/იმპორტიორის მიერ მისი იმპორტი ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.

ვინაიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტების კონფისკაცია განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩამორთმეული საქონლის დაბრუნების მოთხოვნის საკითხი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მომჩივნის შეჩერება და განხორციელდა მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი. №-----/2023 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 545,8 აშშ დოლარი (1 430,6 ლარი).

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩენილი იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21709 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (ელ. სიგარეტი) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად,საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარი.

საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 6.03.2020 წლის №150 დადგენილების მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,გამომდინარე აქედან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები განსახილველად გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვინაიდან აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი განთავსდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №21709 ბრძანებით, არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევის დაბრუნების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის №21709 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3);

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559; 208;