ბრძანება N 24949
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24949
30 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის პირველი ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 96) განიხილა ----- ----- (ს/ნ ----- ) N 174230/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 9 სექტემბრის N ELC63218, N ELC63219 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL7777/880 საგადასახადო მოთხოვნას.
სადავო საკითხი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა და იმპორტის გადასახდელები და საურავი.
დარიცხული თანხა:
09.09.2026 წლის N ELC63218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 5980.98 ლარი;
09.09.2026 წლის N ELC63219 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1000 ლარი;
09.09.2026 წლის N EL7777/880 საგადასახადო მოთხოვნა - 6094.62 - ლარი.
მათ შორის:
აქციზი - 5764.8 ლარი.
იმპორტი - 216.18 ლარი.
საურავი - 113.64 ლარი.
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 18 ივნისს, ----- მოქალაქე ----- ----- (პასპ/ნ -----, ს/კ ----- ) მიერ, N -----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება (VIN: -----, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ----- ), რომლსაც საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის ბოლო თარიღად განესაზღვრა 2026 წლის 1 აგვისტო.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადება/გაყვანა, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, ----- მიმართ 2026 წლის 9 სექტემბერს შედგენილ იქნა N ELC63218 (ჯარიმა 5980.98 ლარის ოდენობით), N ELC63219 (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით), საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები.
ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL7777/880 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების თანახმად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2026 წლის პირველ ოქტომბერს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მანქანას გაფუჭებული ჰქონდა ძრავა, რის გამოც ვერ განახორციელა სატრანსპორტო საშუალებების საქართველოდან გაყვანა განსაზღვრულ ვადაში. მიუთითებს, რომ სურს მისი რეექსპორტით საქართველოს ტერიტორიიდან გყვანა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთუთებს, რომ რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 16) მე-3 მუხლის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:
ა) სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით;
ბ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის გამოყენებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის კონტროლიდან მოხსნით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადის დარღვევას და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას და სხვა ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, რომელთა ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 2026 წლის 9 სექტემბრის N ELC63218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმისაგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 9 სექტემბრის N ELC63218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს 2026 წლის 9 სექტემბრის N EL7777/880 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა და იმპორტის გადასახდელები და საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პუნქტში წარუდგენლობის გამო დაკარგულად ან უკანონოდ განკარგულად ჩაითვალა. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმები და იმპორტის გადასახდელებზე საურავი, სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო მოგვიანებით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1 და 11); 160(1); 165; 172;.