გადაწყვეტილება №22970/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22970/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22970/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 28.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22970/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის №067-1 საგადასახადო მოთხოვა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7289 შემოსავლების ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 881,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 117 727

დღგ - 100 907

საშემოსავლო გადასახადი - 16 820

ჯარიმა - 36 440

საურავი - 4 714,01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, ვაჭრობს საცალოდ სურსათით და შერეული საქონლით ----------. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 13.02.1998 წელს, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 7.04.2014 წლიდან, არ არის დღგ-ის გადამხდელი.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2023 წლის 4 სექტემბრის №21563 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.09.2023 წლის №21563 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 661 578,4 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი, 25.10.2023 წლის №CB1540601 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის თვის მცირე ბიზნესის საშემოსავლო დეკლარაციაში უნდა აესახა დანაკლისის ღირებულება, ასევე 25.10.2023 თარიღისათვის წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისი ბრუნვა უნდა აესახა 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის 2023 წლის ოქტომბრის თვის დანაკლისის მიწოდებიდან წარმოშობილი შემოსავალი დაიბეგრა 3%-იანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 92-ე და 165-ე მუხლების მიხედვით, მცირე მეწარმე დღგ-ის გადამხდელად ითვლება 25.10.2023 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით 2023 წლის ოქტომბრის პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 560 660 ლარს. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, მცირე ბიზნესის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების მომენტისას უფლება აქვს ამ ვალდებულების დადგომისას აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისის დოკუმენტაცია. შემოწმებით ჩათვლა განისაზღვრა 11,4 ლარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 16 820 ლარით, დღგ-ის თანხა გაიზარდა 100 907 ლარით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე 28 030 ლარით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადი შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 410 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის №067-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 92- ე და 93-ე მუხლებსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე 163-ე 164-ე 165-ე 168-ე და 282-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 სექტემბრის №21563 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 661 578 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მეწარმეს არ აქვს შესრულებული, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის თვის მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ აქვს ასახული დანაკლისის ღირებულება, რამაც გამოიწვია შესაბამისი გადასახადების დარიცხვა. ასევე, 2023 წლის 25 ოქტომბრისთვის პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვას. მიუთითებს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში გაიძარცვა მაღაზია, რომლის დოკუმენტაცია გამოუძიებელია დღემდე ---------- სასამართლოში. ამ ფაქტის შედეგად მაღაზიამ მიიღო 5 000 ლარის თვითღირებულების საქონლის დანაკლისი, რამაც გამოიწვია შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ- ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 სექტემბრის №21563 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 661 578 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი.

შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მეწარმეს არ აქვს შესრულებული, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის თვის მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ აქვს ასახული დანაკლისის ღირებულება, რამაც გამოიწვია შესაბამისი გადასახადების დარიცხვა. ასევე, 2023 წლის 25 ოქტომბრისთვის პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული, აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში გაიძარცვა მაღაზია, რომელიც გამოუძიებელია დღემდე ამ ფაქტის შედეგად მაღაზიამ მიიღო 5 000 ლარის თვითღირებულების საქონლის დანაკლისი, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებასაც და დარიცხული თანხების კორექტირებას, თუმცა მომჩივანს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მეწარმეს არ აქვს შესრულებული, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის თვის მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ აქვს ასახული დანაკლისის ღირებულება, რამაც გამოიწვია შესაბამისი გადასახადების დარიცხვა. ასევე, 2023 წლის 25 ოქტომბრისთვის პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული, აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში გაიძარცვა მაღაზია, რომელიც გამოუძიებელია დღემდე ამ ფაქტის შედეგად მაღაზიამ მიიღო 5 000 ლარის თვითღირებულების საქონლის დანაკლისი, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებასაც და დარიცხული თანხების კორექტირებას, თუმცა მომჩივანს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა მინისტრის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90; 92; 159(1„ა“); 165(1,2); 275; 282(1); 286(9).