ბრძანება N 33927

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33927
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33927

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 6 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 დეკემბრის №85880/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №081-281 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. განმარტავს, რომ 2020 წელს ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა და ვინაიდან ქირის გადახდა არ შეეძლო, არ გააჩნდა სასაწყობე ფართი, ამიტომ პროდუქტებს სხვადასხვა ადგილას ინახავდა. მიუთითებს, რომ მალფუჭებად პროდუქტებზე მუშაობდა და მათ საცალო რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ტერიტორიაზე, ამიტომაც არ თხოვდნენ არც ჩეკს და არც სასაქონლო ზედნადებს. აცხადებს, რომ არ უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია, რადგანაც ნახევარზე მეტი პროდუქცია ფუჭდებოდა და აღებული პროდუქციის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებდა. ამასთან, აცხადებს, რომ გარკვეული პროდუქციის ნაწილი სოფლებში მიჰქონდა და ცვლიდა სხვადასხვა პროდუქტზე, რომლებსაც შემდეგ ქუჩაში ყიდდა, რის საფუძველზეც, წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნავს, რომ არ ჰყავს დაქირავებული პირი. ამასთან, მიუთითებს პანდემიის გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22505 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის პირველ ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 9 ნოემბრის №27647 ბრძანება და 10 ნოემბრის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 219 899 ლარი, მათ შორის, გადასახადი 120 730 ლარი, ჯარიმა 60 365 ლარი, საურავი 38 804 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, კერძოდ, ---------- ვაჭრობა ლობიოთი, ხახვით, ნიორით, ყურძნითა და ბროწეულით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, ასევე არ აქვს ფაქტიური სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმე ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მეწარმის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რპთ-ზე). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა და გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდული საქონლის/მომსახურებისთვის გადახდილი თანხები. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებამ იხელმძვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შედგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან და იბეგრება:

ა) 1 პროცენტით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) 3 პროცენტით, თუ მისმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი 3%-იანი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა და გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდული საქონლის/მომსახურებისთვის გადახდილი თანხები. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულია კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობით. თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2019 წლის 1 მაისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და სარგებლობს მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა და გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდული საქონლის/მომსახურებისთვის გადახდილი თანხები. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულია კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობით. თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 2019 წლის 1 მაისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და სარგებლობს მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 80; 88; 275.