ბრძანება N 18773
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18773
31.07. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------------------------)
2023 წლის 28 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 და 28 ივლისის სხდომებზე (ოქმები №75 და №79) განიხილა შპს „----------------“-ის (ს/ნ -------------) №81958/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №EL211258 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტს და განმარტავს, რომ შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------) მიერ 2021 წლის 1 ოქტომბერს №11111/A2316 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი-ფილტრიანი სიგარეტი -------- (პროგრამული ნაშთი 130 000 კოლოფიდან) 129 842 კოლოფი შემოწმების აქტის №02-WHS-2023-ის მიხედვით ინახებოდა შპს „--------------“-ის კუთვნილ საბაჟო საწყობის (--------; დანიშნულების კოდი ---) კონტროლის ზონის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე. განმარტებისათვის ეს მიმდებარე ტერიტორია და საბაჟო საწყობი არის ერთი შენობა, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი და კონტროლდება სათვალთვალო კამერების მეშვეობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შპს „--------------“-ის მიერ მოხდა მაქსიმუმ 130 000-129 842=158 კოლოფის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება (დამატებით დასარიცხია სანქცია 891.09 ლარი).
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №18079/15-04- 02 (რეგ. №------) და 20 დეკემბრის №18197/15-04-02 (რეგ. №------- 20.12.2021) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. თბილისში, ------ №1----ში მდებარე, შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------) კუთვნილი საბაჟო საწყობების (------ – -----; ------ – -----) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------) საბაჟო საწყობში (---------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №---------), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „---- --------ის“ (ს/ნ -------) კუთვნილი, №--------------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----------“ 130 000 კოლოფი (260 ყუთი).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „--------------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №EL211258 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 733176.58 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
შპს „--------------“-ის დირექტორი ---- ----- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (------ ------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №------) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------).
მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „--------------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს №----- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №------ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა, საბაჟო საწყობის შესასვლელ-გასასვლელში, საქონლის დათვალიერების და გადატვირთვის-გადმოტვირთვის ადგილებში განთავსებული ვიდეო კამერებით განხორციელებულ ჩანაწერების წყვეტა, ამასთან ერთად, ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საბაჟო კონტროლის ზონიდან არასაბაჟო კონტროლის ზონაში (რომელიც არ კონტროლდებოდა სათვალთვალო ვიდეო კამერებით) საქონლის გატანა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. გამომდინარე აქედან, მომჩივნის განცხადება, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი იმყოფებოდა საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ არსებულ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება სათვალთვალო კამერებით, არ გამორიცხავს შპს „--------------“-ის მხრიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს. უფრო მეტიც, აღნიშნულით დასტურდება, რომ საბაჟო საწყობის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას.
საბაჟო საწყობის კონტროლის ზონის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი იქნა ფილტრიანი სიგარეტი „----- 2005“ – 129 842 კოლოფი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №---------; №--------), როგორც დანაშაულის საგანი უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ საბაჟო საწყობის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან და შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამასთან, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და მისი ოდენობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს სადავო აქტის ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის №18079/15-04- 02 და ს №18197/15-04-02 მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №39356 და 2022 №1120 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც მომჩივანს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის №EL211258 ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304;
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 70; 77(3); 127; 163(1); 172;