გადაწყვეტილება №26317/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26317/2/2025
12 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 15.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26317/2/2025).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის ოდენობის მართლზომიერება;
2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24462 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 308 337,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 190 975,97
დღგ - 39 180,11
საშემოსავლო გადასახადი - 151 795,86
ჯარიმა - 101 564,50
საურავი - 15 797,29
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, როგორც კერძო დამკვეთებისთვის ასევე სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.06.2021 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.07.2021 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლის ჩათვლით პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 8.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №19390 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 3.09.2025 წლის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.11.2025 წლის №24462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის ოდენობის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას ეწეოდა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართი („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“). შემოწმებით განისაზღვრა პერიოდის ბოლოს სალაროში არაგონივრული ნაშთი 595 483,47 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელთან შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც, სალაროში ფულადი სახსრების ოდენობამ 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით შეადგინა 300 ლარი. საგადასახადო შემოწმებით პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს მცირე მეწარმეებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული გაწეული ხარჯის დოკუმენტაცია, კერძოდ, წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხა 656 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, სრულად არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, სადაც წარდგენილი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების მიმღები მცირე მეწარმეების შესახებ ინფორმაცია, სადაც ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 664 000 ლარს, თუმცა აღნიშნული თანხის (დოკუმენტაციის) ნაწილი გათვალისწინებული იქნა შემოწმების შედეგად.
ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით საჭიროა გადაიხედოს შემოწმების შედეგები და მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად გათვალისწინება.
ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ანგარიშზე ფიქსირდება შემოსავალი 4 279 738,04 ლარი, აქედან: 196 390 ლარი არის დირექტორის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხები, 11 185 ლარი მობრუნებული თანხები, 100 000 ლარი კომპანიის მიერ აღებული საბანკო სესხი, 2 261 785 ლარი სატენდერო სამუშაოების შედეგად მიღებული თანხები, 1 679 926 ლარი სხვადასხვა კომპანიებზე გაწეული სამუშაოებიდან მიღებული თანხები (ქვეკონტრაქტორი). ეკონომიკური საქმიანობიდან ბრუნვა წარმოადგენს 3 952 896 ლარს, საიდანაც 2 877 932 ლარი გადახდილია მასალების შესყიდვაზე, 174 320 ლარი გაწეული მომსახურებისთვის გადახდილია ინდ. მეწარმეებზე (ფიქსირდება ამონაწერში), 664 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია მცირე მეწარმეებზე (დოკუმენტურად დადასტურებული), ხოლო 169 223 ლარი გადახდილია ბიუჯეტში. დასაბეგრი მოგება (20%-ით დასაბეგრი) გამოანგარიშებულია 142 104 ლარი, რომლის გადასახადი შეადგენს 28 421 ლარს, თუმცა შემმოწმებლის მიერ მოხდა 151 795 ლარის დარიცხვა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ გამოცემული აქტები და ასევე გაუქმდეს 2025 წლის 5 ნოემბრის №24 462 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება. მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების სრულად გათვალისწინება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივნის უფლებამოსილი პირის მიერ საბჭოს სხდომაზე განიმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ანგარიშზე ფიქსირდება შემოსავალი 4 279 738,04 ლარი, აქედან: 196 390 ლარი არის დირექტორის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხები, 11 185 ლარი მობრუნებული თანხები, 100 000 ლარი კომპანიის მიერ აღებული საბანკო სესხი, 2 261 785 ლარი სატენდერო სამუშაოების შედეგად მიღებული თანხები, 1 679 926 ლარი სხვადასხვა კომპანიებზე გაწეული სამუშაოებიდან მიღებული თანხები (ქვეკონტრაქტორი). ეკონომიკური საქმიანობიდან ბრუნვა წარმოადგენს 3 952 896 ლარს, საიდანაც 2 877 932 ლარი გადახდილია მასალების შესყიდვაზე, 174 320 ლარი გაწეული მომსახურებისთვის გადახდილია ინდ. მეწარმეებზე (ფიქსირდება ამონაწერში), 664 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია მცირე მეწარმეებზე (დოკუმენტურად დადასტურებული), ხოლო 169 223 ლარი გადახდილია ბიუჯეტში. დასაბეგრი მოგება (20%-ით დასაბეგრი) გამოანგარიშებულია 142 104 ლარი, რომლის გადასახადი შეადგენს 28 421 ლარს, თუმცა შემმოწმებლის მიერ მოხდა 151 795 ლარის დარიცხვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტაცია საჩივარში მითითებული შინაარსით (რომელიც საბჭოს სხდომაზეც განიმარტა დამატებით) არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების პროცესში, რომელშიც მომჩივნის წარმომადგენელიც მონაწილეობდა და ძირითადად ეთანხმებოდა შემოწმების მიმდინარეობას.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებული გარემოებები მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს ხელახლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, არ უფიქსირდებოდა დებიტორ-კრედიტორული ნაშთები, ასევე, არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები. საგადასახადო შემოწმებით, გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. კერძოდ, გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ჩასათვლელი თანხები, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, დღგ-ის განმეორებით დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი რამდენჯერმე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული აქვს დღგ N287-ე ბრძანებით (დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურები). დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა წინა შემოწმების შედეგები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული გადასახადები.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში ასევე გასათვალისწინებელია, ნულოვანი დეკლარირების დროს აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ ანგარიშ-ფაქტურებზე განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა შემოწმების შედეგად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს ასევე დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
მომჩივნის განმარტებით, დღგ-ის ნაწილში გასათვალისწინებელია, ნულოვანი დეკლარირების დროს აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ ანგარიშ-ფაქტურებზე განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებული გარემოებები მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს ხელახლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24462 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ გამოცემული აქტები,2025 წლის 5 ნოემბრის №24 462 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება. მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების სრულად გათვალისწინება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
2.გადამხდელი მიიჩნევს,რომ დღგ-ის ნაწილში გასათვალისწინებელია, ნულოვანი დეკლარირების დროს აქტით დარიცხული გადასახადები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას ეწეოდა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით. შემოწმებით განისაზღვრა პერიოდის ბოლოს სალაროში არაგონივრული ნაშთი,სალაროში ფულადი სახსრების ოდენობამ 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით შეადგინა 300 ლარი. შემოწმებით პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. კერძოდ, გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.შესაბამისად,გადამხდელს სსკ-ის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე დაუკორექტირდა ჩასათვლელი თანხები, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებული გარემოებები მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს ხელახლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებული გარემოებები მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს ხელახლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,174,179.