ბრძანება N 28876
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 28876
25/09/2020
შპს -------------
(მის: ----------)
2020 წლის 19 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 7 და 16 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №64 და №68) განიხილა შპს ------------- №166822/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099, №EL116102, EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/149 (№055-149) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ------------კუთვნილ საბაჟო საწყობში 2019 წლის 21 მარტის დეკლარაციით №C-27767 გაფორმდა ტვირთი (უაქციზო სიგარეტი), რომელიც განკუთვნილი იყო რეექსპორტისათვის. ტვირთი მდებარეობდა ტერმინალის ტერიტორიაზე მდგარ ავტომანქანაზე №---------. აღნიშნული ავტომანქანიდან უკანონოდ განხორციელდა საქონლის მითვისება (ჯამში 131 ყუთი სიგარეტი), რის შესახებაც დაცვის პოლიციისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 5 თებერვალს და ამავე დღეს მომხდარის შესახებ კომპანიამ აცნობა სამართალდამცავ ორგანოს. 2020 წლის 11 თებერვალს კომპანიამ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ, ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომხდარზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ამასთან არ გაითვალისწინა დაუძლეველი ძალის არსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებას.
აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იყო და კომპანია არ ექვემდებარება სადავო აქტებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას როგორც იმპორტის გადასახდელების დაკისრების, ისე სანქციების დარიცხვის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 მარტს შპს ------------- კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS---------) განთავსდა შპს ------------ მიერ №---------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (ფილტრიანი სიგარეტი).
შპს ------------ 2020 წლის 11 თებერვლის №--------/21-10-21 განცხადებით გაირკვა, რომ №1----------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაწილი (ფილტრიანი სიგარეტი: ------ – 1485 ყუთი; ------ – 288 ყუთი; ----- -177 ყუთი), რეექსპორტში გაშვების მიზნით დატვირთულ იქნა №-------- ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორცილების მიზნით განთავსდა საბაჟო საწყობის ტერიროტიაზე, ხოლო აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2020 წლის 5 თებერვალს მოხდა ტენტის დაზიანება (გაჭრა) და საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული ფაქტის შესახებ საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ----- რაიონული სამმართველოს წერილებით (№MIA --------- (2020 წლის 11 თებერვალი); №--------- (2020 წლის 11 თებერვალი)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 12 თებერვალს გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირისა და შპს ------------- თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი: --- – 1353 ყუთი და 39 ბლოკი; ---- – 288 ყუთი; ---- -177 ყუთი)) ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის დანაკლისი - ფილტრიანი სიგარეტი: ------ – 131 ყუთი და 11 ბლოკი (65610 კოლოფი).
გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2020 წლის 19 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL116099 და №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც შპს ------------ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის და 314 852 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოცემულ იქნა №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ------------- დაეკისრა გადასახდელები 343 861 ლარის ოდენობით (დღგ - 52 318 ლარი, აქციზი - 259 159 ლარი, იმპორტის გადასახადი - 3 375 ლარი და საურავი- 29 009 ლარი).
ვინაიდან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, შპს ------------ მიმართ ასევე შედგა №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შპს ------------ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისადა გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოსმიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2.საქონელი მისი საბაჟო სტატუსისგან საზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 საქმიანობის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია: გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
მითითებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
რაც შეეხება სადავო საგადასახადო მოთხოვნების გამოცემას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ემუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამმართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საჩივარზე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების 2020 წლის 14 აგვისტოს №MIA 12001900590 წერილი, რომლის შინაარსის მიხედვით „2020 წლის 06 თებერვალს შსს ----- რაიონული სამმართველოს ------ პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს №021060220005 საქმეზე შპს ------------- ტერმინალიდან უაქციზო სიგარეტების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ამოღებული იქნა 115 ყუთი სიგარეტი, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინა 1 პირს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის №021130420001 საქმე, რომელზეც შსს ----- რაიონული სამმართველოს ----- პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება.“
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ არ დასტურდება 115 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის მომჩივნის მიერ განკარგვის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ დასტურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის - 115 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის უკანონო განკარგვის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში პირისათვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძველი და სადავო 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა ამ ნაწილში ექვემდებარება შესაბამის კორექტირებას (შემცირებას).
რაც შეეხება 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებულ და №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილ სანქციებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2020 წლის 11 აგვისტოს № EL116107 საბაჟო სამართყალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილი და 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). რაც შეეხება საჩივარს დანარჩენ ნაწილში შემოსავლების სამსახური უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს გადამხდელის მოსაზრებებს და არგუმენტებს დავის არსთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ------------- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
3.მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით - 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილი სანქციებისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება იმპორტის გადასახდელების და სანქციების დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ირკვევა, რომ საბაჟო საწყობის ტერიროტიაზე მდებარე ავტომობილზე რეექსპორტში გაშვების მიზნით განთავსებული საქონლის ნაწილზე მოხდა საქონლის უკანონო განკარგვა. დათვალიერებების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც საწარმოს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის და 314852 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელ დაეკისრა დღგ-ს, იმპორტის გადასახადი და საურავი.
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ დასტურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში პირისათვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძველი და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე საგადასახადო მოთხოვნა ამ ნაწილში ექვემდებარება შესაბამის კორექტირებას (შემცირებას).
სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).
საჩივარს დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟოო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 29; 49; 163(11); 170(1); 172(1); 176(2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილება