ბრძანება N 7624

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 7624
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7624

07.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 2 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 2 დეკემბრის №218977/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ნოემბრის №083-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ 8,66%-იან ფასნამატს და ასევე, გაანგარიშებული შემოსავლის ე.წ. „აგროსვას“ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის;

2. აცხადებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში არ არის გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20399 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 23 სექტემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 1 ნოემბრის №27570 ბრძანება და ამავე თარიღის №083-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 39 326 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 368 ლარი, ჯარიმა 12 184 ლარი, საურავი 2 774 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით, ამასთან, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საწარმოს მიერ 2021 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში შეძენილია 117 592 (დღგ-ის გარეშე) ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დაფუძნების დღიდან 2022 წლის 1 ივლისამდე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 8 496 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილის შესახებ, არ უფიქსირდება საიჯარო ხარჯი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, საკუთრებაში არ აქვს რაიმე უძრავი ქონება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის №24116 და №24151 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რა დროსაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო, სავაჭრო, სასაწყობო ან/და ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ობიექტები და 2022 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო შემოწმებით საცალოდ რეალიზებული სმფ-ების ფასნამატმა შეადგინა 8.66% (მოძიებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი). არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილის შესახებ, არ უფიქსირდება საიჯარო ხარჯი, ხოლო საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება. ამასთან, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 8.66%.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოდან გატანილი სალაროს ნაშთის თანხა წარმოადგენს ნეტო თანხას, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ფაქტურები არ არის დადასტურებული შპს „----------“ მიერ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდებოდა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ 8,66%-იან ფასნამატს და ასევე, გაანგარიშებული შემოსავლის ე.წ. „აგროსვას“ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის;

2. აცხადებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში არ არის გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით, ამასთან, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილის შესახებ, არ უფიქსირდება საიჯარო ხარჯი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, საკუთრებაში არ აქვს რაიმე უძრავი ქონება.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“,9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 160(1); 163(1); 164(1); 174; 175; 275