გადაწყვეტილება №21654/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 21654/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21654/2/2023

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 19.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21654/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №058-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29539 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 148.6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 220

დღგ - 25 576

საშემოსავლო გადასახადი - 1 644

ჯარიმა - 13 667

საურავი - 8 261.6

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა სასმელებით. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.05.2010 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.07.2020 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №16199 და 24.08.2023 წლის №20907 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 2.10.2023 წელს გამოიცა №24215 ბრძანება და ამავე თარიღის №058-5 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 1.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2023 წლის №29539 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქ."-------"-ში მის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №15596 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს სხვადასხვა სახეობებზე დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემებით, რის საფუძველზეც განისაზღვრა მიღებული შემოსავალი.

შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით).

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 26.02.2021 წლიდან, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 30.11.2020 წელს. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282- ე მუხლებით.

ასევე, შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 79-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ, მე-7 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილ პოზიციასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ისეთი კატეგორიის პროდუქციაზე, რომელიც არ იყო საკონტროლო შესყიდვის აქტში, გავრცელდა საშუალო ფასნამატი 53%-ის ოდენობით, საშუალო ფასნამატის დასადგენად გათვალისწინებულია საკონტროლო შესყიდვის აქტის ყველა პროდუქტი. ამასთან, საშუალო ფასნამატი გამოყენებულია მთლიანი ბრუნვიდან 21,57% რეალიზაციაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის გაცნობისა და მოთხოვნილი გაანგარიშების ცხრილით გაარკვია, რომ შემოწმების შედეგად გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასები და დადგენილია ფასნამატი და შესაბამისად, მისაღები შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების შედეგად განისაზღვრა საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კონკრეტული საქონლის ფასნამატი, ხოლო ისეთ საქონელზე, რომელიც შესყიდვის აქტში ვერ მოხვდა გავრცელდა მარტივი საშუალო ფასნამატი, კერძოდ 53%, ხოლო საშუალო შეწონილი ფასნამატი, გამოყენების შემთხვევაში 37%.

სწორად მიაჩნია თუ ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნება საშუალო შეწონილი მეთოდი, რითაც ხვედრითი წილების მიხედვით გადანაწილდება შესაბამისი საქონლის ფასნამატი. აღსანიშნია, რომ მთლიანი შეძენის 1%-ს წარმოადგენს წყალი, რომელზეც საკონტროლო შესყიდვით გაანგარიშებული ფასნამატი არის 150%. რაც, მარტივი საშუალოს გაანგარიშებისას საშუალო შეწონილისგან განსხვავებით ზრდის საშუალო ფასნამატს ამ გაანგარიშებით 37%-დან 53%-მდე. ფასნამატის ოდენობა ასევე, გავლენას ახდენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღზე, დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებსა და ასევე საშემოსავლო გადასახადში.

ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას, ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დღგ-ის ნაწილში ჯარიმა დაეკისრა სულ 13 667 ლარი, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 10 475 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 3 192 ლარის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №058-5 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 8 261.6 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას, მეტწილად არცოდნის გამო დაშვებული შეცდომით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების მიხედვით:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით

ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.

2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.

3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.

4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.

5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.

6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.

7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.05.2010 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.07.2020 წლიდან. შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ:

- მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლის შემდგომ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით;

- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი;

- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა;

- მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 26.02.2021 წლიდან, შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 30.11.2020 წელს;

- იმ საფუძვლით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები 1.07.2020 წლიდან (მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29539 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29539 ბრძანება; 3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას, ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით.

2.მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 26.02.2021 წლიდან, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 30.11.2020 წელს. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

ასევე,შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

2.შემოწმების შედეგად მომჩივანს დღგ-ის ნაწილში ჯარიმა დაეკისრა,მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29539 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),90,100,102,160,161,163,164,269(7).