გადაწყვეტილება №20433/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2023
№ დოკუმენტი 20433/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20433/2/2023

09 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20433/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №012-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 185 033 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 088

დღგ - 42 687

საშემოსავლო გადასახადი - 63 401

ჯარიმა - 45 112

საურავი - 33 833

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა/დამუშავების მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17559 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საბუღალტრო პროგრამაში („ორისი“) შემოსავლები აღრიცხულია თანხობრივად თვის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. კერძოდ, ვერ დგინდება გაწეული მომსახურების, რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი, ხოლო შემოწმების მსვლელობისას წარდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით რა რაოდენობის წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე (https://www.geostat.ge) არსებული მონაცემებით განისაზღვრა სახეობების მიხედვით დაკვლა/დამუშავების მომსახურების ღირებულებები. ამ მონაცემებით განისაზღვრა საწარმოს მიერ შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ გადამხდელის რეგისტრაციის ვალდებულება განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან შემოწმებით გაანგარიშებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით მომჩივანს დაერიცხა დღგ. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციით, საწარმოს უფიქსირდება მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია. იგივე ინფორმაციით, შესაბამისი საანგარიშო თვეების მიხედვით განსაზღვრულია მიწოდებული პროდუქციის ოდენობა. საანგარიშო წლების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ერთეულის ფასი 2019-2021 წლებში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირთან პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებულ ერთეული ფასების მიხედვით, ხოლო 2022 წელს - შესამოწმებელი პირის პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასის მიხედვით. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებში.

შემოწმებით განსაზღვრული დამატებითი შემოსავლების, ასევე შემოწმებით დადგენილი დამატებითი ხარჯების (განხილულია გაცემული ხელფასების საკითხში) და საბუღალტრო პროგრამაში ასახული ნაღდის ფულის მოძრაობის ანალიზით განისაზღვრა შესამოწმებელი წლების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საზოგადოების სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობები. შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის კომპანიის სალაროში ნაშთად არსებობა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №25758 ბრძანება და №012-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 185 033 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 157ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით. ოპერაციები აღრიცხული აქვს პროგრამა „ორისში“, თუმცა ვერ დგინდება გაწეული მომსახურების/რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი. ამასთან, შემოწმების მსვლელობისას წარდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესაბამისი ორგანოებიდან მიწოდებული ინფორმაციებით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავების მომსახურების რაოდენობა და ღირებულება, რის საფუძველზეც განისაზღვრა გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია, რომელზეც შესაბამისი საანგარიშო თვეების მიხედვით განსაზღვრულია მიწოდებული პროდუქციის ოდენობა. საანგარიშო წლების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ერთეულის ფასი 2019-2021 წლებში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირთან პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით, ხოლო 2022 წელს - შესამოწმებელი პირის პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასის მიხედვით. ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან არ ეთანხმებოდა დარიცხვას, გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და გაუქმდეს არამართლზომიერად დარიცხული თანხები.

12.09.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16825 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის ნორმებს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მას არც კი გააცნეს რის საფუძველზე დაერიცხა გადასახადები. ეს საკითხი არც შემოსავლების სამსახურს გამოუკვლევია. კონსტიტუციით დადგენილი უფლების არარეალიზებულობა ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად გამორიცხავს კომპანიის საჩივრის სამართლიანად განხილვის უფლების რეალიზაციას.

საჩივარი განხილულია მომჩივნის დაუსწრებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მასალებიდან საერთოდ არ დგინდებოდა აქტის სადავო ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მომჩივანს საერთოდ არც გააცნეს დარიცხვის საფუძვლები და არც ზეპირ მოსმენაზე აზრის გამოთქმის უფლება არ მიეცა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16825 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება კომპანიის საჩივარი სრულად.

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე N------- განმარტავს, რომ პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ცალსახად დაუდგენლობისას, საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით, არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა თუ ვარაუდს, რამეთუ ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია პირისთვის სანქციის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ცალსახად არ დასტურდება, დაუშვებელია მის მიმართ დამატებითი დარიცხვის განხორციელება.

სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე №------- განმარტა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების პრინციპი - „სასამართლო მიუთითებს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე №------- განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ეხება ყველა სახის გადასახადს. ხსენებული ნორმებით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს როგორც საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს, ისე ინახებოდეს გადასახადის გადამხდელთან. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მას შეუძლია, რომ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას. აუდიტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის იყენებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პროცესში, არის მართებული და სწორი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის შემოსავლისა და ხარჯის განსაზღვრის შესაძლებლობა არ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საგადასახადო ტვირთის დამძიმების მიზნით, არამედ ასეთი უფლებამოსილება საგადასახადო ორგანომ გადამხდელის ინტერესების დაცვის მიზნითაც უნდა განახორციელოს.

უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №-------), „საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილთან მიმართებაში და დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73- ემუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას. ხსენებული ნორმით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მარტო შესაძლო შემოსავლებმა, არამედ - შესაძლო გამოქვითვებმა, ხარჯებმაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლო 17.07.2018 წლის საქმეზე N------- თვლის, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებულია საგადასახდო ვალდებულების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას.

უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქმეზე №------- განმარტებულია - „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.“

საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებების არსებობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, რომ რომელიმე მტკიცებულებას მიენიჭოს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო იზიარებს რომელიმე საბუთს და არ ეყრდნობა მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, მან უნდა დაასაბუთოს, რატომ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები, რის საფუძველზე მიანიჭა მათ უპირატესობა, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს. ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

განსახილველ შემთხვევაში, არც საგადასახადო ორგანოს, არც ფინანსთა სამინისტროს და არც სასამართლოს არ უმსჯელია, არ უარუყვია ან დაუდასტურებია გარემოება იღებდა თუ არა რომან ვასილევი თანხებს სახელმწიფო პროგრამით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან და რომ ეს თანხები სრულად იდენტიფიცირებადია და მარჟა/ფასნამატი აღნიშნულ ტრანზაქციებზე არ არის გადასახადის გადამხდელის ნებაზე ან ბიზნეს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და სრულად იმართებოდა სახელმწიფოს მიერ.

საგადასახადო ორგანოები წარმოადგენენ გადასახადების ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს, რაც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გულისხმობს გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობას, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოები აღჭურვილნი არიან ფართო უფლებამოსილებით, რათა უზრუნველყონ გადასახადების გადახდაზე კონტროლი, ამასთან, დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილზე, 96-ე და 97-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №-------), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

უზენაესი სასამართლოს 31.01.2013 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე N:------- საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება, რამეთუ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოთა თითოეული ქმედება უნდა იყოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპის, არამედ იმავდროულად პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვით ნაკარნახევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო ორგანოთა მიერ კანონის ყველა დანაწესის ზედმიწევნით დაცვა და საქმიანობის ისე განხორციელება, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი მეწარმეობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის საგადასახადო ტვირთის დამძიმება, რომელსაც შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს არა მარტო საგადასახადო, არამედ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი.

შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16825 ბრძანება და 10.10.2022 წლის №012-7 საგადასახადო მოთხოვნა მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების უხეში დარღვევით, შემოწმების შედეგები ეყრდნობა შემმოწმებლის ჰიპოთეზას, რომელიც არაფრით არ არის დადასტურებული.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

წარმოდგენილი საჩივრით კომპანიის მოთხოვნებია: იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16825 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის ნორმებს, გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება კომპანიის საჩივარი სრულად.

3.11.2023 წელს მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია:

1. საქონლის ტყავების ჩაბარება არაა რენტაბელური და ამიტომ საწარმოს ბუღალტერმა საერთოდ ამოიღო შემოსავლებიდან და ხარჯებიდან, რადგან ეს იყო წამგებიანი სფერო. მეწარმეს არა აქვს უფლება გადააგდოს ბიოლოგიური ნარჩენი, კანონით დადგენილი წესით განადგურება ძვირი ჯდება, ამიტომ ამარილებს, ინახავს დიდი ხანი და მიდის წაგებაზე. დროდადრო შეივლის ამ სფეროს წარმომადგენელი და იყიდის ტყავს, მეწარმე წაგებაშია ზოგადად, მაგრამ უფრო მოგებული, ვიდრე ეს ბიოლოგიური ნარჩენი კანონით დადგენილი წესით რომ გაენადგურებინა. აღნიშნულ შემთხვევაში მინიმუმ ღირებულების (ხარჯი მეტია) 75% ხარჯად უნდა იქნეს გათვალისწინებული;

2. საქსტატის მონაცემები მომსახურებაზე არ ასახავს რეალობას. ამასთანავე, ეს წერილი თვალით არ უნახავთ. შეუძლიათ წარმოადგინონ გსგავსი სფეროს მომსახურების ფასები სხვა მსგავსი საწარმოებიდან, რომელიც გაცილებით უფრო შეესაბამება 5568 სახელმძღვანელოს მოთხოვნებს, ვიდრე სტატისტიკის საკურორტო ზონებთან და თბილისთან გასაშუალოებული ფასები. ასევე, ცხვრის დაკვლა-დამუშავება არ არის ძროხის დაკვლა-დამუშავების ტოლფასი;

3. სალაროს მოძრაობის უსწორობაზე ვერ იმსჯელებენ აუდიტორის გაანგარიშების არქონის გამო, მაგრამ რადგან ასე გულდაგულ უმალავენ, სავარაუდოდ, ისიც კრიტიკას ვერ უძლებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავების მომსახურების რაოდენობა და ღირებულება, რის საფუძველზეც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები.

ასევე, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ დაფიქსირდა სალაროში, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათვალისწინებულ ბრუნვებში.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ არც კი გააცნეს რის საფუძველზე დაერიცხა გადასახადები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საწარმოს გაეგზავნა დარიცხვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები. მათ შორის, შემოწმების აქტი, შესაბამისი დანართები და გაანგარიშებები. ამასთან, შემოწმების პროცესში აუდიტორს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა კომპანიის ბუღალტერთან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 157(1); 161