ბრძანება N 18275
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18275
07 აგვისტო 2024
ბრძანება
"-------"-ის (ს/ნ "-------")
(მის: "-------")
2024 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა "-------"-ის (ს/ნ "-------") №117766/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №ELC26402, №ELC26403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/383 (№081-383) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ განუხორციელებია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში მოქცევა. ეს დასტურდება იმითაც, რომ სამართალდარღვევის ჩადენის დროისთვის სატრანსპორტო საშუალებაზე არ ფიქსირდება საკუთრების უფლება. ამდენად, ამ პერიოდის განმავლობაში, მომჩივანს საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე გაფორმება წარმოადგენს ერთგვარი თაღლითური სქემის ნაწილს, რომლის მსხვერპლიც ის აღმოჩნდა. სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული სიტყვიერი ძალადობის, მუქარის და ფინანსური თაღლითობის მსხვერპლია, კერძოდ წინა მესაკუთრისათვის ცნობილი იყო მანქანის სამართლებრივი თუ საბაჟო ისტორია. საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით მესაკუთრე დაუკავშირდა მომჩივანს და აიძულა გაეფორმებინა ავტომობილი და მოეხდინა მისი ისევ ძველ მესაკუთრეზე გადაფორმება. არსებული დავალიანება უსამართლოდ დაეკისრა მომჩივანს. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოთხოვილია შესაბამისი განყოფილებიდან მტკიცებულება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის №------ თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------") 2023 წლის 19 აპრილს მომჩივანის მიერ მოექცა რეექსპორტში №"------" ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 2 ივნისი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ იქნა №ELC26403 და №ELC26402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 2 479.5 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, 2023 წლის 26 ოქტომბერს გამოიცა №EL7777/383 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (აქციზი - 2 340 ლარი, იმპორტის გადასახადი - 139.5 ლარი) და საურავი - 179.77 ლარის ოდენობით.
საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) კი მითითებულია მომჩივანი. შესაბამისად, მას ჰქონდა ვალდებულება ავტოსატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინა საბაჟო ორგანოში.
მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2024 წლის 12 ივლისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის, დეკლარირების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაადეკლარირა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მომჩივანმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაადეკლარირა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევებს და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე და საურავზე. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.საგულისხმოა ასევე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (№"------") მე-12 გრაფაში მითითებულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შესრულების ვადის თაობაზე. შესაბამისად, მისთვის დეკლარირების ეტაპზე ცნობილი იყო აღნიშნული საბაჟო ფორმალობის განხორციელებით აღებული საბაჟო ვალდებულებების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1."------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სატრანსპორტო საშუალება მომჩივანის მიერ მოექცა რეექსპორტში. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 2 ივნისი.ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
70,163,165,172