ბძანება N 16554

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 16554
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16554

21 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: ---------------------------------)

2026 წლის 15, 24 ივნისის და პირველი ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 10 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №58 და №61) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) 2026 წლის 15 ივნისის №--/1/2026, 24 ივნისის №--/1/2026 და პირველი ივლისის №--/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №077-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გავრცელებულ ფასნამატს. მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არაა მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტის („ა“ თუ „ბ“) საფუძველზე განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით. ამას გარდა, მიიჩნევს, რომ შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების №10 დანართი, ვინაიდან აღნიშნული დანართის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. გავრცელებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თუ რას დაეყრდნო შემმოწმებელი ფასნამატის გაანგარიშებისას და მიაჩნია, რომ შესაძლებელი იყო განსაზღვრულიყო დოკუმენტური ფასნამატი, რადგან გადასახადის გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია და დოკუმენტური ფასნამატი დაფიქსირებულია გამოწერილ ფაქტურებსა და ზედნადებებში. ასევე მიუთითებს, რომ დადგენილი იყო ინვენტარიზაციის ფასნამატი (საშუალოდ 8%-15%), მაშინ როდესაც შემმოწმებელს გავრცელებული აქვს 34%-დან 78%-მდე ფასნამატი და მიაჩნია, რომ ფასნამატი უნდ განსაზღვრულიყო საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3289 და 11 მაისის №10484 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 15 მაისის №10822 ბრძანება და ამავე თარიღის №077-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 636 086 ლარი, მათ შორის გადასახადი 364 953 ლარი, ჯარიმა 182 476 ლარი და საურავი 88 657 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. ი/მ ---------- (ს/ნ ------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 5 აგვისტოს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 დეკემბერს. მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ავეჯით, ხალიჩებით და სანათი მოწყობილობებით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ წარმოდგენილია, მხოლოდ საბანკო ამონაწერები, არასრულად. შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი სხვა სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2026 წლის 23 თებერვლის №4000 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----ის (ს/ნ ------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, აღრიცხულია 398 885 ლარის საქონელი. შემოწმებით შესწავლილია საქონლის ბრუნვა და საქონლის ნაშთი 2026 წლის 23 თებერვლისთვის. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ აქვს (არ წარმოადგინა) სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით განისაზღვრა საქონლის ნაშთი 2026 წლის 23 თებერვლისთვის და გამოვლენილი სხვაობა შესამოწმებელ პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით საბაზრო ფასით.

ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით განისაზღვრა სხვაობა კუთვნილ გადასახადსა და დეკლარაციით დარიცხულ გადასახადს შორის.

ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 2 ივლისს --:-- სთზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 10 ივლისს --:-- საათზე. მომჩივანს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენებით.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მის მიერ წარმოდგენილია, მხოლოდ საბანკო ამონაწერები, არასრულად. შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი სხვა სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა (არ წარმოადგინა) სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით განისაზღვრა საქონლის ნაშთი 2026 წლის 23 თებერვლისთვის და გამოვლენილი სხვაობა საბაზრო ფასით დაიბეგრა დღგ-ით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განისაზღვრა მეწარმის დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, რომელიც შეადგენდა მთლიანი ბრუნვის 77%-ს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------ის (ს/ნ ------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გავრცელებულ ფასნამატს.ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №3289 და №10484 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №10822 ბრძანება და №077-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 636 086 ლარი, მათ შორის გადასახადი 364 953 ლარი, ჯარიმა 182 476 ლარი და საურავი 88 657 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ წარმოდგენილია, მხოლოდ საბანკო ამონაწერები, არასრულად. შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი სხვა სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2026 წლის 23 თებერვლის №4000 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, აღრიცხულია 398 885 ლარის საქონელი. შემოწმებით შესწავლილია საქონლის ბრუნვა და საქონლის ნაშთი 2026 წლის 23 თებერვლისთვის. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ აქვს (არ წარმოადგინა) სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით განისაზღვრა საქონლის ნაშთი 2026 წლის 23 თებერვლისთვის და გამოვლენილი სხვაობა შესამოწმებელ პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით საბაზრო ფასით.ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით განისაზღვრა სხვაობა კუთვნილ გადასახადსა და დეკლარაციით დარიცხულ გადასახადს შორის.ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 83(„ბ“); 88(1); 89(1); 90(1); 158(1); 159(1 „ა“); 163(1); 164(1); 269(7); 275(2, 21, 22);