ბრძანება N 4235
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4235
24 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2026 წლის 7 და 26 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის და 5 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №6; №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 7 იანვრის №99785/1/2026 და 26 იანვრის №100333/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 დეკემბრის №001-285 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას მოთხოვნილ იქნა შპს „N1-სგან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი და შემოწმებით გაუქმებული დღგ-ის თანხის აღდგენა.
3. გადამხდელი განმარტავს, რომ კანონმდებლობის არცოდნის გამო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებულ სამუშაოებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეცდომით არის ჩასათვლელ დღგ-ში ასახული, ასევე ჩათვლებში ასახულია შპს ,,N1-სგან“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, ჯამში 16 257.7 ლარი, რაც შემოწმების მიერ გაუქმებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №9910 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 11 დეკემბრის №27295 ბრძანება და ამავე თარიღის №001-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 423 137 ლარი, მათ შორის გადასახადი 248 193 ლარი, ჯარიმა 128 508 ლარი და საურავი 46 435 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმო დაფუძნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მისი საქმიანობის სახეა სხვა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაობის შესრულება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტებით. შემოწმების მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისათვის, მასთან ერთად ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებისთვის, გამოკლებულ იქნა შემოწმების ხელთარსებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2-3.შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 109 509 ლარის ოდენობით. დეკლარირებული ჩათვლის სისწორის ანალიზისთვის შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვა მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებების ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. კერძოდ, აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - "-------"-ის არქიტექტურულ არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტიც, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ბრუნვას. შემოწმების შედეგად დაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა შეადგენს 85 461 ლარს. აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციებისთვის შეძენილი საქონლის შესაბამის დღგ-ის თანხებს, ჯამში 10 586 ლარს. ასევე, ჩათვლა არ მოიცავს ასევე შპს „N1-სგან“ მიღებული ავანის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხებს, ჯამში 16 257.7 ლარს. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შპს „N1-სგან“ მომჩივანს სამუშაოები არ შეუსრულა და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების მიერ გაუქმდა ჩათვლილი დღგ და პირს დაერიცხა შესაბამისი თანხა, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორკრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელი საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების დასაწყისში წარდგენილი იქნა კომპანიის ყველა საბუღალტრო დოკუმენტი და საბუღალტრო პროგრამა, ასევე შემოწმების მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის შპს ,,N2-თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 340 000 ლარზე. აღნიშნავს, რომ საჩივარზე თანდართულია შპს ,,N2-ის“ ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „N2“ აღიარებს თანხის მიღებას, ხოლო აღნიშნული თანხა არ აქვს დაბრუნებული, შესაბამისად, მითითებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შპს ,,N2“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს აქვს წარმოდგენილი დოკუმენტის სინამდვილისა და დებიტორული თანხის სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა.
გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შპს ,,N2“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ. "--------“-შ, "--------“-ე.აღნიშნულ მისამართზე საწარმოს მიერ მიწოდებულ იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით - 16 095,0 ლარი, ასევე, "--------“-ის რაიონში, სოფ. "--------“-ში მიწოდებულ იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით - 69 918,97 ლარი. აღნიშნული მასალის თანხები შპს „N2-ს“ კომპანიისთვის არ აქვს ანაზღაურებული, რასთან დაკავშირებითაც, საჩივრებზე წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „N2“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასალების ღირებულება არ აქვს გადახდილი.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ასევე ავანსად გადაუხადა თანხები შპს ,,N1-სგან“, რომელმაც გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ სამუშაოები არ შეუსრულებია და არც თანხებია დაბრუნებული კომპანიისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანებები დადასტურებულია დოკუმენტურად და გასათვალისწინებელია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხოლო თანხის მიმღები პირები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ საწარმოებს, შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრილი გარემოების მიხედვით, გადამხდელს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. შემოწმების შედეგად დაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა შეადგენს 85 461 ლარს. აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციებისთვის შეძენილი საქონლის შესაბამის დღგ-ის თანხებს, ჯამში 10 586 ლარს. ასევე, ჩათვლა არ მოიცავს ასევე შპს „N1-სგან“ მიღებული ავანის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხებს, ჯამში 16 257.7 ლარს. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შპს „N1-მა“ მომჩივანს სამუშაოები არ შეუსრულა და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება და შესაბამისი დღგ-ის დარიცხვა მართლზომიერად განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2.გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას მოთხოვნილ იქნა საწარმოსგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი და შემოწმებით გაუქმებული დღგ-ის თანხის აღდგენა.
3გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო დაფუძნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მისი საქმიანობის სახეა სხვა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაობის შესრულება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტებით.შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
2-3. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა.შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. შემოწმების მიერ გაუქმდა ჩათვლილი დღგ და პირს დაერიცხა შესაბამისი თანხა, ასევე ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,175,176,275.