გადაწყვეტილება №27286/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27286/2/2026
16 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 4.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27286/2/2026).
დავის საგანი:
1. ბინების რეალიზაციის ფასის კორექტირება და დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;
2. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-598 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9681 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 273 547,65 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 727 894,92
დღგ - 351 956,85
მიწა - არასასოფლო - 645,3
საშემოსავლო გადასახადი - 375 249,23
ქონების გადასახადი - 43,54
ჯარიმა - 402 363,5
საურავი - 143 289,23
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 13.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-598 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბინების რეალიზაციის ფასის კორექტირება და დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო დაფუძნებულია 13.04.2022 წელს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღში. საზოგადოებამ 2022 წლის აგვისტოში შეიძინა მიწა ფიზიკური პირისგან, 1 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ქალაქ „--------“-ში, „--------“-ის ქ. №--- ში, რომელზეც 2022 წლის სექტემბრიდან ეწეოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელს ძირითად შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული აქვს საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ბინაზე. საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველების მიერ ნასყიდობის ღირებულებები სრულად არის ანაზღაურებული. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა შეიცავს არსებით ხარვეზებს. კერძოდ, სრულყოფილად არ არის აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებს მინიმალურ რენტაბელობას ან გადის ზარალზე. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ქცევა (ბინების რეალიზაცია საბაზროზე რამდენიმეჯერ ნაკლებ ფასად) მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს. ამის გარდა, გადასახადის გადამხდელს მყიდველებისგან საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული აქვს 2 411 504 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული მოძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 020 600 ლარი, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა კი შეადგენს 2 073 515 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 28 750 ლარს, საიდანაც დირექტორზე გაცემული ხელფასი შეადგენს 11 250 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა საჯარო რეესტრში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), საბანკო ამონაწერებისა და მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზის საფუძველზე, ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა წლების მიხედვით, 2022 წელს 754 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2023 წელს - 792 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2024 წელს - 822 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, რაც შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 4 006 136 ლარის ოდენობით და ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რამაც შეადგინა 1 500 017 ლარი, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს.
საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილებზე და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სადავო დარიცხვის შინაარსზე, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისაგან გამოთხოვილია მომჩივანთან გაფორმებული ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (არარსებობის შემთხვევაში ახსნა-განმარტება, მოხდა თუ არა ფართის ღირებულების დაფარვა სრულად ან ნაწილობრივ, პერიოდების მითითებით). აღნიშნულის ფარგლებში, ფ/პ „--------“-მ მიაწოდა ინვოისი და ცნობა ბანკიდან კომპანიისათვის გადარიცხული თანხების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2023 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, შავი კარკასის მდგომარეობით უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 214 735 ლარი (1 კვ.მ ექვივალენტი - 887 აშშ დოლარი). ასევე, ფ/პ „--------“-მ წარმოადგინა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2022 წლის აგვისტოს თვით დათარიღებული, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენდა 1 487 ლარს (ექვივალენტი 547 აშშ დოლარი), ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 2024 წლის 1 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენდა 984 ლარს (ექვივალენტი 360 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულება არის მაღალი. მაგალითად, ფ/პ „--------“-სთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 აპრილს, თუმცა ბანკში ფიზიკური პირი თანხებს რიცხავს 2022 წლის დეკემბრიდან. ჩარიცხული თანხებისა და ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 691 აშშ დოლარს. ხოლო ფ/პ „--------“-ს მიერ 2023 წელს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 850 აშშ დოლარს.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების პროცესში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ერთ-ერთ ბინაზე 1 კვ.მ-ზე გავრცელებულია 1 200 აშშ დოლარი, როცა შემოწმებისვე განმარტებით, 1 კვ.მ-ის ფასი იყო გაცილებით დაბალი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას ფ/პ „--------“-სათვის გადაფორმებული ჰქონდა ბინა 2024 წლის 4 ივნისს 50 000 ლარად (1 კვ.მ - 332 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო ფიზიკურ პირს 2024 წლის 13 ივნისს აღნიშნული ქონება რეალიზებული ჰქონდა სხვა პირზე 65 000 აშშ დოლარად (1 კვ.მ - 1 205 აშშ დოლარი). შესაბამისად, შემოწმების მიერ ამ უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ-ზე 1 205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება პირთა ნაწილის მიერ ბინების ღირებულების სრულად გადახდილად მიჩნევას და აცხადებს, რომ ისინი თავად ადასტურებენ ნოტარიულად, რომ არ მომხდარა თანხის სრულად გადახდა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განმარტებებში ფ/პ „--------“-ს განცხადებით, შეძენილია 4 ბინა, სულ 320 000 ლარის ღირებულების და კომპანიისათვის ანაზღაურებულია თანხის ნაწილი, 230 000 ლარი, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება ანაზღაურებულია სრულად, ქონებაზე ვალდებულება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულების მონაცემებს და ღირებულება სრულად იქნა მიჩნეული საწარმოს მიერ მიღებულად. 2021 წელს ფიზიკურმა პირებმა კომპანიის დირექტორს ასესხეს თანხები, რომელთა მიზანი იყო დეველოპერული პროექტის დაფინანსება, შემდგომ წლებში კი აღნიშნული სესხები შეიცვალა ბინების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024-2025 წლებში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არც შემოწმების პროცესში და არც დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.
იმ არგუმენტით, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ბაზა შეიცავდა ხარვეზებს, კერძოდ, ბუღალტრულ ბაზაში სრულად არ იყო ასახული ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხები, ასევე, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ბინების სარეალიზაციო ფასები შემმოწმებლების აზრით იყო დაბალი, აუდიტორებმა ჩათვალეს, რომ კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. შესაბამისად, შემოწმებამ შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე მოახდინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ფასების არარეალურად მიჩნევა და კომპანიის შემოსავლები გაზარდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მაშინ როცა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებთან ერთად ამოწერილი იყო შემოსავლის ორდერები, რომლის ნამდვილობასაც ადასტურებენ ბინის მყიდველები ნოტარიულად და ისინი გატარებული იყო შესაბამის პროგრამაშიც. შესაბამისად, აზრს მოკლებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის დარღვევაზე აუდიტის დეპარტამენტის ბრალდება, რომლის საფუძვლითაც მოხდა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების გაზრდა.
მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხების ნამდვილობის შესახებ მყიდველი პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები და დოკუმენტაცია (თანდართული ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები).
ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობდა დაჩქარებული წესით, აუდიტის დეპარტამენტმა არ ჩაატარა შესაბამისი პროცედურები: ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების ფაქტობრიობის დადგენის მიზნით გამოკითხული უძრავი ქონების მყიდველი პირების მიერ დადასტურებული ფასების ფაქტობრიობის შესახებ ინფორმაცია არ მიიღო მხედველობაში. არ მოახდინა ფასების სწორი ანალიზი. არ განახორციელა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რის გამოც მოხდა ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირება. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების ჩართულობის გარეშე, შემცირებულად მიიჩნია არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოფიციალურად გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ნასყიდობის ღირებულებები, მაშინ როცა ყველა მყიდველი ნოტარიული წესით ადასტურებს ნასყიდობის თანხის ფაქტობრიობას. ასევე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზარდა კომპანიის შემოსავლები, მაშინ როცა სახეზე იყო შემოსავლების გასაანგარიშებლად საჭირო ყველა დოკუმენტაცია და შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გარდა ამისა, არ მოხდა დროულად საკითხის კომპანიის წარმომადგენლებისთვის გაცნობა და შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის მიწოდების მიზნით გონივრული ვადის მიცემა. კერძოდ განმარტების გასაკეთებლად შეტყობინება აუდიტის დეპარტამენტისგან მოსულია 17 დეკემბერს 20:38 საათზე, მტკიცებულებების წარდგენის ვადად კი განისაზღვრა 22 დეკემბერი, ამ ვადაში შეუძლებელი იყო პირებთან დაკავშირება და ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებების წარდგენა. ამასთანავე მოხდა მექანიკური შეცდომა შემოსავლების დაანგარიშებაზე, კერძოდ ერთ-ერთ ბინაზე გავრცელებულია 1 200 აშშ დოლარი, როცა შემოწმებისვე განმარტებით 1 კვ.მ-ის ფასი იყო გაცილებით დაბალი. გარდა ამისა, პირთა ნაწილი ნოტარიულად ადასტურებს, რომ არ მომხდარა ბინების ღირებულების კომპანიისთვის სრულად გადახდა, შემოწმებამ კი აღნიშნული თანხები განიხილა საწარმოს მიერ მიღებულად და არასწორად მოახდინა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება.
კომპანიას შეუძლია დაამტკიცოს ნასყიდობის თანხების ფაქტობრიობა, ვინაიდან ბინის ყველა მესაკუთრე შესაბამისი ნოტარიულად დადასტურებული განცხადებით ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის რეალურობას, საილუსტრაციოდ მოცემულია ერთ-ერთი პირის ნოტარიულად დადასტურებული განცხადება (ტექსტში მითითებულია ფრაგმენტი განცხადებიდან).
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;
ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეულ, სრულყოფილ და დროულ ანალიზს, რის გამოც ვერ იქნა ობიექტურად შეფასებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფასების ეკონომიკური და საბაზრო რეალობა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა ნასყიდობის საგნების (ბინების) ინდივიდუალური და ვიზუალური შეფასება, რაც აუცილებელი იყო თითოეული უძრავი ქონების მდგომარეობის, იერსახის, ლოკაციის შიდა მახასიათებლებისა და ინფრასტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინებით. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, ასახავდა თუ არა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები რეალურ საბაზრო პირობებს. ამასთან, აუდიტის დასკვნაში არ არის გაანალიზებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების გაფორმების თარიღები, მიუხედავად იმისა, რომ ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზებული იყო მშენებლობის ადრეულ ეტაპზე. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების გაფორმების დროის იგნორირება აუდიტის მხრიდან ცალსახად გვიჩვენებს ფასის განსაზღვრისთვის არსებითი გარემოებების (მათ შორის მშენებლობის ეტაპის, მშენებლობის ხანგრძლივობის, მყიდველების მიერ გაწეული რისკებისა და დამატებითი ხარჯების და იმ პერიოდის ბაზრის მდგომარეობის) არასწორ შეფასებას. დამატებით, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების პირობები და მათი გაფორმების პერიოდში სამშენებლო სექტორში არსებული ეკონომიკური და ბაზრის ტენდენციები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ფასებზე. აღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად განხორციელებული ფასის კორექტირება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ეკონომიკური შინაარსისა და საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპს.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი არ წარმოადგენს პრემიუმ კლასის ან მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსს, კომპანიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების დაგეგმარება მოხდა არასწორი სამშენებლო პროექტით, რის გამოც ბინების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს არასტანდარტულად დიდი აივნები და შედარებით მცირე საცხოვრებელი ფართები. (იხ. თანდართული მასალები: ბინების ნახაზი და ფოტო მასალა) აღნიშნული გარემოება პირდაპირ გავლენას ახდენს ბინების საბაზრო ღირებულებაზე. არასწორმა არქიტექტურულმა პროექტმა, კორპუსის არასახარბიელო ვიზუალმა, აგრეთვე ინფრასტრუქტურული პრობლემებით გამოწვეულმა ფაქტორებმა პირდაპირ განაპირობა ბინების რეალიზაცია შედარებით დაბალ ფასებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები წარმოადგენს რეალურ საბაზრო ფასებს, რომლებიც გამომდინარეობს კონკრეტული უძრავი ქონების ხარისხობრივი მახასიათებლების, რეალიზაციის დროისა და ბაზარზე არსებული ტენდენციების ერთობლიობიდან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ფასების კორექტირება მოკლებულია საკმარის ფაქტობრივ და ანალიტიკურ დასაბუთებას. წარმოდგენილი ყველა ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს, რომ ბინები იმყოფებოდა შავი კარკასის მდგომარეობაში, ტექნიკური და კონსტრუქციული ნაკლოვანებებით (ცივი ბეტონის იატაკი, დაუფარავი აივნები, წყლის ჟონვა), რომელსაც ემატებოდა პოტენციური მყიდველის მიერ საკუთარი სახსრებით გასაწევი დამატებითი ხარჯები (აბონირება, მოპირკეთება, ჰიდროიზოლაცია), რაც ზოგ შემთხვევაში 15 000-25 000 ლარს აღემატებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, რამდენიმე პირმა 2021 წელს „--------“-ს გადასცა მნიშვნელოვანი ოდენობის სესხები (50 000 ლარიდან 250 000 ლარამდე), რომელთა მიზანი იყო დეველოპერული პროექტის დაფინანსება, ვინაიდან უსახსრობის გამო მშენებლობა არ მიმდინარეობდა, შემდგომ წლებში აღნიშნული სესხები შეიცვალა ბინების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა საჯარო რეესტრში 2024-2025 წლებში.
ყველა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს, რომ ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებები რეალურია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასების შეფასება განხორციელდა არსებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შეუმცირდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საქონლისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, ძირითად შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული აქვს საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ბინაზე. საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველების მიერ ნასყიდობის ღირებულებები სრულად არის ანაზღაურებული. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა შეიცავს არსებით ხარვეზებს. კერძოდ, სრულყოფილად არ არის აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით.
გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მოკვლეული და შესწავლილი იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები, რომლის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებს მინიმალურ რენტაბელობას ან გადის ზარალზე. დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ქცევა (ბინების რეალიზაცია საბაზროზე რამდენიმეჯერ ნაკლებ ფასად) მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს. გადასახადის გადამხდელს მყიდველებისგან საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული აქვს 2 411 504 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 020 600 ლარი, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა კი შეადგენს 2 073 515 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 28 750 ლარს, საიდანაც დირექტორზე გაცემული ხელფასი შეადგენს 11 250 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ არის.
სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №------- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ პირთა ნაწილი ნოტარიულად ადასტურებს, რომ არ მომხდარა ბინების ღირებულების კომპანიისათვის სრულად გადახდა, საგადასახადო ორგანომ კი აღნიშნული თანხები განიხილა საწარმოს მიერ მიღებულად და არასწორად მოახდინა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება. კერძოდ, წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განმარტებებში ფ/პ „--------“-ს განცხადებით, შეძენილია 4 ბინა, სულ 320 000 ლარის ღირებულების და კომპანიისათვის ანაზღაურებულია თანხის ნაწილი, 230 000 ლარი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ანაზღაურებულია სრულად, ქონებაზე ვალდებულება არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, შემოწმებით თანხები მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად. საჩივარში ასევე ნახსენებია გარემოება, რომ შემოწმებით ერთ-ერთ ბინაზე გავრცელებულია 1 200 აშშ დოლარი, როცა შემოწმებითვე, 1 კვ.მ-ის ფასი იყო გაცილებით დაბალი. კომპანიას ფ/პ „--------“-სათვის გადაფორმებული აქვს ბინა 2024 წლის 4 ივნისს 50 000 ლარად (1 კვ.მ ექვივალენტი - 332 აშშ დოლარი), ხოლო ფიზიკურ პირს 2024 წლის 13 ივნისს აღნიშნული ქონება რეალიზებული აქვს სხვა პირზე 65 000 აშშ დოლარად (1 კვ.მ - 1 205 აშშ დოლარი). შესაბამისად, შემოწმებით ამ უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ 1 205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისაგან გამოთხოვილ იქნა მომჩივანთან გაფორმებული ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (არარსებობის შემთხვევაში ახსნა-განმარტება, მოხდა თუ არა ფართის ღირებულების დაფარვა სრულად ან ნაწილობრივ, პერიოდების მითითებით). აღნიშნულის ფარგლებში, ფ/პ „--------“-საგან მოწოდებულ იქნა ინვოისი და ცნობა ბანკიდან კომპანიისათვის გადარიცხული თანხების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2023 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, შავი კარკასის მდგომარეობით უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 214 735 ლარი (1 კვ.მ ექვივალენტი - 887 აშშ დოლარი). ფ/პ „--------“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, 2022 წლის აგვისტოს თვით დათარიღებული, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 1 487 ლარს (ექვივალენტი 547 აშშ დოლარი), ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 2024 წლის 1 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 984 ლარს (ექვივალენტი 360 აშშ დოლარი). საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულებები არის მაღალი. მაგალითად, ფ/პ „--------“-სთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 აპრილს, თუმცა ბანკში ფიზიკური პირი თანხებს რიცხავს 2022 წლის დეკემბრიდან. ჩარიცხული თანხებისა და ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 691 აშშ დოლარს. ხოლო ფ/პ „--------“-ს მიერ 2023 წელს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 850 აშშ დოლარს. საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2021 წელს ფიზიკურმა პირებმა კომპანიის დირექტორს ასესხეს თანხები, რომელთა მიზანი იყო დეველოპერული პროექტის დაფინანსება. შემდგომ წლებში აღნიშნული სესხები შეიცვალა ბინების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა საჯარო რეესტრში 2024–2025 წლებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც შემოწმების პროცესში და არც დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა შეიცავს არსებით ხარვეზებს. კერძოდ, სრულყოფილად არ არის აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.
საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.
აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით (ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაფიქსირებული ფასების ნაწილში), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან მიმართებით (ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაფიქსირებული ფასების ნაწილში) შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს 2023 წლიდან საკუთრებაში უფიქსირდება მოძრავი ქონება, კერძოდ, ამწე, რაზეც არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, კომპანიას 2023-2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს/კ „--------“) ქონების გადასახადის დეკლარაციები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 202-ე მუხლის პირველი ნაწილის, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების (მ.შ მიწაზე ქონების) გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას არასწორად არის გამოყენებული პროპორციული განაწილების მეთოდი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრისას გაანგარიშებულია რეალიზებული ფართების პროპორცია და დარჩენილ ნაწილზე განხორციელებულია მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. აღნიშნულს ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ 2023-2024-2025 წლების მიწაზე ქონების გადასახადი წლების შესაბამისად მცირდება და შეადგენს 331, 222 და 91 ლარს.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტმა ქონების (მიწაზე) გადასახადის დარიცხვისას არასწორად გამოიყენა პროპორციული განაწილების მეთოდი, რის შედეგადაც შეცდომით განისაზღვრა კომპანიის კუთვნილი მიწაზე ქონების გადასახადის მოცულობა.
კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება დაუკავშირა კორპუსის მთლიან ფართებს, მათ შორის იმ ფართებსაც, რომლებიც შესაბამის პერიოდში უკვე გადაცემული/რეალიზებული იყო მყიდველებზე და აღარ წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. შედეგად, კომპანიის საკუთრებაში დარჩენილი ფართების პროპორციის განსაზღვრა მოხდა არასწორი მონაცემების გამოყენებით, რამაც გამოიწვია მიწაზე ქონების გადასახადის ზედმეტად დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს 2023-2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს/კ „--------“) ქონების გადასახადის დეკლარაციები.
აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №„--------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრისას გაანგარიშებულია რეალიზებული ფართების პროპორცია და დარჩენილ ნაწილზე განხორციელებულია მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. აღნიშნულს ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ 2023, 2024 და 2025 წლების მიწაზე ქონების გადასახადი წლების შესაბამისად მცირდება და შეადგენს 331, 222 და 91 ლარს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ქონების (მიწის) გადასახადის მიზნებისთვის, არ უფიქსირდებოდა ფართების გადაცემა/რეალიზაცია, შესაბამისად პროპორცია განისაზღვრა 100%-ის ოდენობით, 2024 წელს პროპორციის ოდენობამ შეადგინა 67%, შესაბამისად მთლიან ფართებს დააკლდა მყიდველებზე გადაცემული ფართების ოდენობა, ანალოგიური პრინციპი იქნა გამოყენებული 2025 წელს, შედეგად პროპორციამ შეადგინა 28%.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდებოდა დასაბეგრი მიწა, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები წარდგენილი არ იყო, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის პერიოდების მიხედვით საკუთრებაში არსებული მიწის ფართის გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 402 363,5 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006- 598 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 143 289,23 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, უნდა შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9681 ბრძანება;
3. უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით (ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაფიქსირებული ფასების ნაწილში);
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან მიმართებით (ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაფიქსირებული ფასების ნაწილში) შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შეუმცირდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.
2.შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტმა ქონების (მიწაზე) გადასახადის დარიცხვისას არასწორად გამოიყენა პროპორციული განაწილების მეთოდი, რის შედეგადაც შეცდომით განისაზღვრა კომპანიის კუთვნილი მიწაზე ქონების გადასახადის მოცულობა.
3.მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა შემცირდეს დარჩენილი სანქციის თანხები, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო დაფუძნებულია 13.04.2022 წელს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღში. საზოგადოებამ 2022 წლის აგვისტოში შეიძინა მიწა ფიზიკური პირისგან,1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების,რომელზეც 2022 წლის სექტემბრიდან ეწეოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციას.
საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველების მიერ ნასყიდობის ღირებულებები სრულად არის ანაზღაურებული.დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას.ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებს მინიმალურ რენტაბელობას ან გადის ზარალზე. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის ქცევა მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს.
სსკ-ის მე-18, 49-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.მომჩივანს 2023 წლიდან საკუთრებაში უფიქსირდება მოძრავი ქონება, კერძოდ, ამწე, რაზეც არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, კომპანიას 2023-2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 202-ე მუხლის პირველი ნაწილის, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხთან მიმართებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდებოდა დასაბეგრი მიწა, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები წარდგენილი არ იყო, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის პერიოდების მიხედვით საკუთრებაში არსებული მიწის ფართის გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,157,157,163,203,204,205,275.