გადაწყვეტილება №18222/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2022
№ დოკუმენტი 18222/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18222/2/2022

16.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 16.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18222/2/2022).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. მიწის მესაკუთრეებზე, მიწის სანაცვლოდ ბინების მიწოდების ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №006-290 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27943 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 327 233 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 727 434

დღგ - 77 414 ,მიწა - არასასოფლო - 1 548

მოგების გადასახადი - 429 011

საშემოსავლო გადასახადი - 217 849

ქონების გადასახადი - 1 612

ჯარიმა - 362 503 საურავი - 237 296

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და მათი რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18306 ბრძანება და №006-290 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27943 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ სალაროში ფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილის თვეში კომპანიაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა ნაღდი ფულის დათვლის პროცედურა, რომლითაც სალაროს ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, განისაზღვრა გონივრული და არაგონივრული ნაშთის ოდენობა, არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდებოდა ან მცირდებოდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე მისაღები სარგებელი (წლიური 20%) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროს ნაშთის არ არსებობის გამო დირექტორზე გაცემულ სესხად და ხელფასად დაერიცხა თანხები როგორც მოგების, ისე საშემოსავლო გადასახადის სახით, შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა შესაბამისი მანუალით და 75%-ი ჩაეთვალა ხარჯად, რადგან რეალურად სამშენებლო ობიექტი დასრულებულია.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი. ამასთან, 2022 წლის აპრილის თვეში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა ნაღდი ფულის დათვლის პროცედურა, რომლითაც სალაროს ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტი 28.11.2022 წლის №-------21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის ნაწილში იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, კერძოდ მოახდინა 1110 ანგარიშზე ასახული თანხების ანალიზი და გონივრული და არაგონივრული ნაშთები განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით, უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არ მომხდარა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ სალაროს ნაშთის არ არსებობის გამო დირექტორზე გაცემულ სესხად და ხელფასად დაერიცხა თანხები როგორც მოგების, ისე საშემოსავლო გადასახადის სახით, მიიჩნევს, რომ შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა შესაბამისი მანუალით და 75%-ი ჩაეთვალა ხარჯად, რადგან რეალურად სამშენებლო ობიექტი დასრულებულია.

ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტს რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს დარიცხვას კანონშეუსაბამოდ და არამართლზომიერად, არ წარმოადგენს დოკუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, კერძოდ 1110 ანგარიშით და დამატებითი კომპონენტები არ შეუტანია. აღნიშნული ანგარიში გაშალეს და დაადგინეს რა იყო ნაშთი, ხარჯი და მიღებული შემოსავლები, 10% ჩათვალეს გონივრულ ნაშთად, ხოლო ის სხვაობა რაც დარჩა კონკრეტულ თვეში დაბეგრეს, გაცემულ სესხად ჩაითვალა, სადაც დაბრუნება (ნაკლებობა) ფიქსირდებოდა მოგების ჩათვლა ხდებოდა, სესხზე მისაღები სარგებელი (20%) გაცემულ ხელფასად განიხილა.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. მიწის მესაკუთრეებზე მიწის სანაცვლოდ ბინების მიწოდების ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, „უძრავ ქონებაზე, (მიწაზე) აღნაგობის უფლების მინიჭებისა და მშენებლობის ფინალურ სტადიაზე აღნიშნული უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის შესახებ“ 2017 წლის 5 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით გადასაცემი ჰქონდა უძრავი ქონება (ბინები და ავტოფარეხები).

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-6, მე-7 და 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული ოპერაცია განხილული იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, მართლზომიერად მიაჩნია, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა. განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ როცა შეიძინა მიწის ნაკვეთი, სამშენებლო მომსახურების გაწევის გამო გააფორმა ბარტერის (გაცვლის) ხელშეკრულება და შესაბამისად, მომსახურების გაწევა არ დაბეგრა დღგ-ით. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად ბარტერის (გაცვლის) ხელშეკრულება არ უნდა დაბეგრილიყო, როგორც საქონლის მიწოდება კლასიკური სახით. ამდენად, შემოწმების აქტი ამ ნაწილში შეიცავს უზუსტობას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა, „უძრავ ქონებაზე (მიწაზე) აღნაგობის უფლების მინიჭების და მშენებლობის ფინალურ სტადიაზე აღნიშნული უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის შესახებ“ 2017 წლის 5 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში მიწის მესაკუთრეებს გადასცა სხვადასხვა ქონება. გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმების მიერ განიხილა ბარტერულ ოპერაციად და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აღნიშნა, რომ შეიძინა მიწის ნაკვეთი, სამშენებლო მომსახურების გაწევის გამო გააფორმა ბარტერის (გაცვლის) ხელშეკრულება და მიაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით.

ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება მიწის მესაკუთრეებზე, მიწის სანაცვლოდ ბინების მიწოდების ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, მაგრამ არ მიუთითებს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნევს, შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს არამართლზომიერად. ასევე, არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

აუდიტის დეპარტამენტი 28.11.2022 წლის №---------21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 5 მაისს გაფორმებული „უძრავ ქონებაზე, (მიწაზე) აღნაგობის უფლების მინიჭების და მშენებლობის ფინალურ სტადიაზე აღნიშნული უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით, მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით გადასაცემია შემდეგი ქონება: ფ/პ --------------- (პ/ნ ------------) 6 ბინა 302.3 კვ/მ, 3 ავტოფარეხი სულ 45.24კვ/მ, -------------- (პ/ნ------------) 5 ბინა სულ 298.7კვ/მ, 3 ავტოფარეხი 45.78კვ/მ, -------------- (პ/ნ ------------) 5 ბინა სულ 297.7 კვ/მ, 3 ავტოფარეხი სულ 45.11 კვ/მ, ----------- (პ/ნ ----------- ----------- მოქალაქე) 6 ბინა სულ 346.6კვ/მ, 4 ავტოფარეხი სულ 60.24 კვ/მ. შესაბამის პერიოდში მოქმედის საკანონმდებლო ნორმების თანახმად, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმებით განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დაბეგვრას, ამასთან დასაბეგრი თანხის განსაზღვრა მოხდა გადასაცემი ფართების, ფაქტობრივ დანახარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატით.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მიწის მესაკუთრეებზე მიწის სანაცვლოდ ბინების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა მართებულია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.