ბრძანება N 20506

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.08.2023
№ დოკუმენტი 20506
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20506

18 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "-------" (ს/ნ "------" )

(მის: "-------" )

2023 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------" ) №82665/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №006-331 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდირებული ფასნამატის გამოყენებით ირღვევა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც შემოწმება უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, მაშინ როცა შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია სხვა კომპანიებისაგან. პირი აღნიშნავს, რომ დარიცხვა განხორციელებულია კანონდარღვევით, ვინაიდან შემოწმების აქტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არცერთი საფუძველი არ არის მითითებული, რის შესაბამისადაც საჭირო გახდა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე აცხადებს, რომ მის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი რეალურია, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატის ოდენობა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმებას და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია მისი გაუქმების მიზეზი. მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შესაძლებელია გარკვეულ თვეებში ჰქონდეს შეძენები, ხოლო სხვა თვეებში ჰქონდეს რეალიზაცია/მიწოდება, რაც არ წარმოადგენს ჩათვლის გაუქმების საფუძველს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1597 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივლისის №16020 ბრძანება და ამავე თარიღის №006-331 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 36 241 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 753 ლარი, ჯარიმა 10 887 ლარი და საურავი 1 601 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების მონტაჟი. გარდა ამისა, 2021 წელს გადამხდელმა, ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისათვის, დაიწყო საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა. აღნიშნული საქონლის მიწოდებას გადამხდელი ახდენს როგორც დოკუმენტური, ისე არადოკუმენტური წესით. ამიტომ, ფიზიკურ პირებზე განხორციელებული რეალიზაციის ფარგლებში შემოწმების მიერ გავრცელდა ანალოგიურ საქმიანობაში გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე, 164-ე, 166-ე და 167-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აგრეთვე, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია გადამხდელს არ ჰქონდა წარმოდგენილი (2020 წლის განმავლობაში მეწარმე არ აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობას). 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარმოდგენილია ზარალით 222 804 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯების ნაწილში ჩართული ჰქონდა ხარჯები რომელთა გამოქვითვა არ არის ნებადართული მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით (არ არის დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან). გარდა ამისა, ფიზიკურ პირებზე განხორციელებული რეალიზაციის ფარგლებში შემოწმების მიერ გავრცელდა ანალოგიურ საქმიანობაში გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა, რის შედეგადაც მეწარმეს 2021 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან დაუდგინდა დასაბეგრი შემოსავალი 19 902 ლარის ოდენობით. დასაბეგრ შემოსავალს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში პირის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საწარმოს არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ს ჩათვლა, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს გარკვეულ თვეებში არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენა (ხოლო, ზოგ შემთხვევებში - პირიქით), ამიტომ აღნიშნული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჩაუთვლელი დღგ დაექვემდებარა ჩათვლას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნწწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი საქონლის მიწოდებას ახდენს როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე განხორციელებული რეალიზაციის ნაწილში შემოწმებით გავრცელდა ანალოგიურ საქმიანობაში გამოყენებული აუდირებული ფასნამატი, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაციას ახდენს დოკუმენტის გარეშე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") მიმართ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, უფიქსირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის გაწევა, რაზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაკორექტირდა და შემცირდა მიღებული ჩათვლა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდირებული ფასნამატის გამოყენებით ირღვევა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც შემოწმება უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე.

ასევე აცხადებს, რომ მის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი რეალურია, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატის ოდენობა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა .

ასევე,დასაბეგრ შემოსავალს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

2.ზოგიერთ შემთხვევაში საწარმოს არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ს ჩათვლა, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს გარკვეულ თვეებში არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენა,შესაბამისად აღნიშნული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჩაუთვლელი დღგ დაექვემდებარა ჩათვლას.პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანის მიმართ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),100,102,136,163,164,174,175,176