ბრძანება N 24539

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24539
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24539

20 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 23 მაისის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის და 14 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №116; ოქმი №121) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 23 მაისის №89832/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №022-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ შემმოწმებელს დაავალა ფულის მოძრაობის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეესწავლა საკითხი და განეხორციელებინა ვალდებულებების კორექტირება. აცხადებს, საწარმოს საქმიანობისათვის შეძენილი მასალების რეალიზაციაში გაშვება ერთმნიშვნელოვნად ზრდის შემოსავალს, რაც ფულის მოძრაობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი გარემოებაა. შესაბამისად, შემმოწმებლის პოზიცია მცდარია და მისთვის მიცემული დავალების არასწორი გააზრების შედეგია. ასევე აღნიშნავს, რომ ხარჯები დოკუმენტურად არის დადასტურებული და გადამხდელი ითხოვს მის გათვალისწინებას (საჩივარში მოყვანილია გარკვეული გაანგარიშება). გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ კაპიტალთან დაკავშირებით შემმოწმებელი ეყრდნობა მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის მიერ შეცდომით შევსებულ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, ასევე იმ გარემოებას, რომ 2018-2019 წლებში საწარმოში შეტანილი თანხები არ არის რეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნავს, რომ გაანგარიშება გავლილია შემმოწმებელთან, არც ერთი ციფრი სადავო არ არის, ასევე დადასტურებულია დოკუმენტურად. აღნიშნავს, რომ საჩივარში მოყვანილი გაანგარიშებით დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საწარმოში, არამედ მისი გამოყენების (გახარჯვის) დეტალური მონაცემები.

2. გადამხდელი მიუთითებს, რომ საწარმოს შეძენილი აქვს 30,656.00 ლარის საქონელი შემოწმების პერიოდში, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები და რის საფუძველზეც საწარმოს სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს 4676.34 ლარის დღგ-ის ჩათვლა. ასევე აღნიშნავს, რომ უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების ჯამი, რომლებზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეადგენს 115,563.06 ლარს. აღნიშნული თანხის ჩათვლილი დღგ საწარმოს პერიოდულობით არ აქვს შემცირებული, იმ მიზეზით, რომ არ იყო გამოწერილი უკან დაბრუნების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხაც გამოანგარიშებულია არასწორად და ითხოვს კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29527 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29527 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 54 094 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 080 ლარი, ჯარიმა 16 014 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 მარტის №022-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 31 მაისის №12862 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 ოქტომბრის №23628/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12862 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ოქტომბრის №23628/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემები 2020 წელს, თუმცა, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის დანაკლისი, რაც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა დაკვალიციფირებული. რაც შეეხება კაპიტალის ნაწილს, 735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება (გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი და 2019 წელს-276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა). აღნიშნულ ტრანზაქციებს გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია.

შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, შედეგად, აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა ძირითად გადასახადში 36 732 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 315 ლარით.

2. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა (საწარმოს განცხადების საფუძველზე) საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ შეადგენს ჯამში 1 348 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კაპიტალთან დაკავშირებით შემმოწმებელი ეყრდნობა მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის მიერ შეცდომით შევსებულ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, ასევე იმ გარემოებას, რომ 2018-2019 წლებში საწარმოში შეტანილი თანხები არ არის რეგისტრირებული რეესტრში, თუმცა გადამხდელის პოზიციით, საწარმოს კაპიტალის რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება 2018-2019 წლებში არ ჰქონია.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის კომპანიის დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 606 984,38 ლარი, ხოლო ხარჯებმა 2018- 2019 წლებში შეადგინდა 2 340 999,51 ლარი რემონტისა და სხვა შედარებით მცირე ხარჯების გაუთვალისწინებლად, შესაბამისად, მარტივად დგინდება კომპანიაში ინვესტირებული თანხის ოდენობა (2 340 999,51-1 606 984,37=734 015,13 ლარი). ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარში მოყვანილი გაანგარიშებით დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საწარმოში, არამედ მისი გამოყენების (გახარჯვის) დეტალური მონაცემები, რაც ასევე დადასტურებულია დოკუმენტურად (კრების ოქმები, საბანკო ამონაწერები).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე, რომ საწარმოს კაპიტალის ნაშთის 735 578 ლარის ნამდვილობა არ დასტურდება, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი, ხოლო 2019 წელს-276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა. აღნიშნულ ტრანზაქციებს გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია.

ამასთან, შემოწმების მიერ ჩატარდა ხანდაზმული პერიოდის ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რომლითაც დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში გადამხდელს უფიქსირდება დეკლარირებულ შემოსავალზე მეტი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 606 982 ლარს, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 2 300 237 ლარს),აღნიშნულ წლებში დეკლარირებული ფასნამატია დაახლოებით 4%, რაც არსებითად განსხვავდება (ნაკლებია) იმავე პერიოდის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატისგან (10%-15%). გარდა ამისა, საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებს (გადამხდელის განმარტებით გაზარდა კაპიტალი) დანიშნულებაში მითითებული აქვს სალაროს ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას აუდიტის მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული კაპიტალის ნაშთი (276 000+145 661=422 161 ლარი). ვინაიდან, გადამხდელის დოკუმენტური და დეკლარირებული ფასნამატი განსხვავდება ერთმანეთისგან და ბანკში თანხა შეტანილია „სალაროს ნაშთის“ დანიშნულებით, აუდიტის მიერ გადაანგარიშების შედეგად, დარჩენილი თანხის კორექტირება არ განხორციელებულა.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან და ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29527 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საწარმოს შეძენილი აქვს 30,656.00 ლარის საქონელი შემოწმების პერიოდში, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და რის საფუძველზეც, საწარმოს სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს 4676.34 ლარის დღგ-ის ჩათვლა.

ამასთან, უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29527 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი მიუთითებს, რომ საჩივარში მოყვანილი გაანგარიშებით დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საწარმოში, არამედ მისი გამოყენების (გახარჯვის) დეტალური მონაცემები.

2. გადამხდელი მიუთითებს, რომ უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხაც გამოანგარიშებულია არასწორად და ითხოვს კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, შედეგად, აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა ძირითად გადასახადში 36 732 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 315 ლარით.

შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა (საწარმოს განცხადების საფუძველზე) საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ შეადგენს ჯამში 1 348 ლარს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი ასევე საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 175; 176; 180.