ბრძანება N 23323
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23323
01 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------")
(მის.: "--------")
2024 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „-------- -ს “ (ს/ნ "--------") №------- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №EL261035 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის იანვრის თვეში საბერძნეთში შეიძინა სხვადასხვა სახის კოსმეტიკური საშუალებები, რაც საქართველოში 2023 წლის 31 იანვარს შემოვიდა. აღნიშნულ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად მწარმოებელმა ნიმუშის სახით გამოაგზავნა 16 დასახელების სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება. აქედან 2 დასახელების ნივთში ფიგურირებდა სახელი „კანაფი“. საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით, აღნიშნული ტვირთის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის მწარმოებლის ინვოისი ყველა ნივთის დასახელებით და საჩუქრების ჩამონათვალით, რომელიც ინვოისიდანაც დგინდება, რომ არის ნიმუშად გამოგზავნილი თითო ეგზემპლარად ღირებულებით 0,01 ევროცენტი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და განმარტებისა, რომ ეს იყო ევროკავშირის ქვეყნის მწარმოებლის, რომელიც ითვალისწინებს გაეროს კონვენციებს, გამოგზავნილი საყოფაცხოვრებო პროდუქცია, რომელიც არ შეიძლება შეიცავდეს ნარკოტიკულ საშუალებას ან მის იზომერებს, საბაჟო სამსახურმა შემდგომი შემოწმების მიზნით გააჩერა მოცემული ტვირთი და დროებითი შენახვის დეკლარაციით განთავსდა შპს N1-ის საბაჟო საწყობში (----------).
აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ფერხდებოდა დანარჩენი ტვირთის განბაჟება, 2023 წლის 11 ოქტომბერს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს საჩუქრად გადმოცემული 16 ნიმუშის განადგურების მოთხოვნით. 2024 წლის 24 აგვისტოს მიიღო პასუხი, სადაც ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობის გამო, უარი ეთქვა საქონლის განადგურებაზე.
აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ, 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, მიმართა ექსპერტიზას ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, რაც ჯერაც მიმდინარეობს და შესაბამისად პასუხი არ მიუღია. 2024 წლის 7 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ამ ტვირთის დეკლარირების ვადის დარღვევის გამო, №EL261035 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარი, რაც უკანონოდ მიაჩნია.
მომჩივნის მოსაზრებით, ევროკავშირში წარმოებულ ტვირთზე, სრულიად უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ეჭვი. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია ექსპერტიზის ჩატარება კომპანიის სახსრებით, მაშინ როდესაც საბაჟო კოდექსის 97 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში საბაჟო ორგანოს ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ,,-------- -ს “ (ს/ნ "--------") მიერ 2023 წლის 31 იანვარს შპს ,,N1-ის“ საბაჟო საწყობში (---------) №---------- დროებით შენახვის დეკლარაციით შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი და დროებით შენახვის ვადად განესაზღვრა 2023 წლის 27 ოქტომბერი.
2023 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,------- - მ“ (ს/ნ "---------") №"--------" განცხადებით ითხოვა ზემოხსენებული საქონლის განადგურება, თუმცა გასანადგურებელ საქონელს შორის იდენტიფიცირებულ იქნა მცენარე კანაფისა და კანაფის თესლის ზეთის შემცველი თმის მოვლის საშულებები („100 ml. QURE CANNABIS HEMP OIL & KERATIN COMPLEX“-1 ერთეული, „300 ml. QURE CANNABIS DEEP RESTORATIVE MASK“-1 ერთეული). აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს ზეპირსიტყვიერად განემარტა, რომ განკარგვის ღონისძიების განხორციელებამდე საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა საქონელში ნარკოტიკული საშუალების შემცველობის თაობაზე.
ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტი, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 27 აგვისტოს №"--------" შეტყობინებით, შპს ,,-------- -ს “ (ს/ნ "--------") განმეორებით, წერილობითი ფორმით ეცნობა, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობის გამო, საბაჟო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა საქონლის განკარგვის ღონისძიება (განადგურება).
ვინაიდან შპს ,,-------- -ს “ მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევას, სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 სექტემბერს შედგენილი №EL261035 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,, -----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 სექტემბრის №"--------" შეტყობინებით შპს ,,-------- -ს “ გაეგზავნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ეცნობა, რომ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში დროებით შენახულ საქონელზე განსაზღვროს საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან შეასრულოს საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ მიერ 2023 წლის 31 იანვარს საბაჟო საწყობში №"--------" დროებით შენახვის დეკლარაციით შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი 2023 წლის 27 ოქტომბრამდე ვადით. დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს მომჩივანმა №"--------" განცხადებით ითხოვა დროებით შენახული საქონლის განადგურება, რის უზრუნველსაყოფადაც ზეპირსიტყვიერად ეთხოვა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა საქონელში ნარკოტიკული საშუალების შემცველობის თაობაზე, რაც შპს ,,-------ს “ მიერ არ შესრულდა.
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 27 აგვისტოს №"--------" შეტყობინებით განმეორებით ეცნობა, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობის გამო, საბაჟო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა საქონლის განკარგვის ღონისძიება (განადგურება).
შესაბამისად მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიება - საქონლის განადგურება. მე-5 პუნქტი ადგენს, რომ საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მის მიმართ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის განკარგვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №18) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი კი აზუსტებს, რომ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- “ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან მომჩივანს მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევას, სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინებით მომჩივანს გაეგზავნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ეცნობა, რომ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში დროებით შენახულ საქონელზე განსაზღვროს საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან შეასრულოს საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,165.